Thumbnail
  • 📅 1-ელი დეკემბერი | ⌚ 23:59 | ⚽ ლივერპული V აიაქსი
  • მერსისაიდელებს შემადგენლობაში სერიოზული პრობლემები აქვთ
  • სტუმრებისთვის ენფილდზე ქულის მოპოვებაც კარგი შედეგი იქნება 
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში ერთმანეთს ლიდერები ხვდებიან. მე-5 ტურის შეხვედრაში ლივერული "ენფილდზე" ამსტერდამის აიაქსს უმასპინძლებს. ორივე გუნდი უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ანიჭებს და ბევრსაც იტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივარს საინტერესო დაპირისპირება ელის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ლივერპულსაც და აიაქსსაც ამ თამაშში მოგება სჭირდებათ, რათა ბოლო ტურის წინ თავი კომფორტულად იგრძნონ. 

ცნობისთვის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ამსტერდამში ლივერპულის გამარჯვებით დასრულდა. ავტოგოლით ნიკოლას ტალიაფიკო გამოირჩა.

ლივერპული

აიაქსთან თამაშამდე იურგენ კლოპის გუნდმა ინგლისის ჩემპიონატში წაიბორძიკა - ბრაიტონთან მესამე კომპენსირებულ წუთზე გაშვებული გოლის გამო ქულები დაკარგა (1:1) და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა. 

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "მერსისაიდელებს" აქ საკითხის გადაწყვეტა ჯერ კიდევ გასულ ტურში შეეძლოთ, მაგრამ მოულოდნელად შინ ატალანტასთან წააგეს (0:2). ახლა ლივერპულს აიაქსთან მოგება ⅛-ფინალის საგზურს ვადამდე გაუნაღდებს, სხვა შედეგის შემთხვევაში კი საქმის ბოლო ტურისთვის გადადებს, სადაც მეტოქედ მიდტიულანი ეყოლება. 

იურგენ კლოპს საკადრო პრობლემები არ ელევა

არადა, იურგენ კლოპს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. ნამდვილად ვერ ითამაშებენ: ვირჯილ ვან დეიკი, ჯო გომესი, ტრენტ ალექსანდ-არნოლდი ,ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ტიაგო ალკანტარა და ჯერდან შაჩირი. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა მოედანზე ჯიემს მილნერისა და ნაბი კეიტას გასვლა. 

"ვითარება იდეალურისგან შორსაა, მაგრამ დახმარების იმედიც არსაიდან შეიძლება გვქონდეს. და აქ საუბარი არამხოლოდ ჩვენზე, მთლიანად ფეხბურთზეა. სანამ გვაქვს მოედანზე 11 მოთამაშის გაყვანის შესაძლებლობა, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ახლა სწორედ ასე დგას საკითხი", - თქვა თამაშის წინ კლოპმა.

ამსტერდამში ლივერპულმა ტალიაფიკოს ავტოგოლის წყალობით მოიგო (1:0)

აიაქსი

ამსტერდამელები ნიდერლანდების ჩემპიონატში მეტოქეებს უბრალოდ არ იმჩნევენ. გასულ უქმეებზე ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა სტუმრად ხუთი უპასუხო გოლი ემენს გაუტანა. მანამდე იყო ჰერაკლესის (5:0), უტრეხტის (3:0), ფორტუნასა (5:2) და ვენლოს (13:0) განადგურება. შედეგად, აიაქსი სატურნირო ცხრილს ლიდერობს, გატანილ-გაშვებული ბურთები კი 42:5-თან აქვს.

აიაქსმა ნიდერლანდების ჩემპიონატის ბოლო ორ მატჩში 10 გოლი გაიტანა

ბუნებრივია, აიაქსისთვის ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მიდტიულანთან ზედიზედ ორმა მოგებამ გუნდი პლეი ოფისთვის ბრძოლაში დააბრუნა, მაგრამ ყველაფერს ლივერპულსა და ატალანტასთან თამაშები გადაწყვიტავს, რომლებიც ამსტერდამელებისთვის ურთულესი იქნება. 

ერიკ ტენ ჰაგისთვის საბედნიეროდ, გუნდს "ენფილდზე" თამაშის წინ სულ ერთი დანაკლისი აქვს - ტრავმა განელ ნახევარმცველს, მოჰამედ კუდუსს აქვს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპული ევროთასებზე ნიდერლანდურ კლუბებთან შინ არ მარცხდებოდა (5 მოგება, 2 ფრე).

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ლივერპულის ბოლო 8 შეხვედრიდან 7-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ იურგენ კლოპის გუნდმა ლიგაში ბოლო 11 მატჩიდან 8-ში მოგება ძირითად დროში შეძლო.

⚽ ტურნირში ლივერპულის ბოლო 7 მატჩში ერთ-ერთი გუნდი გატანას ძირითად დროში ვერ ახერხებდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ლივერპულის ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 8-ში 3-ზე მეტი გოლი არ გავიდა.

⚽ აიაქსს ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად გამართულ ბოლო 17 შეხვედრაში არ წაუგია (8 მოგება, 9 ფრე).

⚽ ტურნირში ამსტერდამის აიაქსის ბოლო სამივე შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატჩში სულ ცოტა 2 გოლი გაიტანა.

⚽ ამსტერდამელები ლივერპულთან თამაშს ერედივიზიეში მოგებათა 6-მატჩიანი სერიით ხვდებიან. 

⚽ ევროთასებზე აიაქსის სტუმრად გამართული ბოლო 10 მატჩიდან 7-ში 3-ზე მეტი გოლი არ გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ნეკო უილიამსი, მატიპი, რის უილიამსი, რობერტსონი - ფაბინიო, ვეინალდუმი - მანე, ფირმინო, ჟოტა - სალაჰი.
ტრავმა: ვან დაიკი, ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ალკანტარა, შაჩირი.
საეჭვო: მილნერი, კეიტა.

აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, სხურსი, მარტინესი, ტალიაფიკო - კლასენი, ბლინდი, გრავენბერხი - ნერეში, ტრაორე, ტადიჩი. 
ტრამვა: კუდუსი.

კომენტარები

ბოლო ამბები