Thumbnail
  • როი კინის აზრით, არსენალის მაქსიმუმი პრემიერლიგაში დარჩენაა
  • ირლანდიელს მოურინიოს ტოტენჰემის ჩემპიონობისაც არ სჯერა

ბრიტანულ "სკაის" პრემიერლიგის ტურის დასრულების შემდეგ, ექსპერტად როი კინი ყავს ხოლმე. ირლანდიელი საფეხბურთო სამყაროში თავისი პირდაპირობით ცნობილი კაცია. ამიტომ მისი სტუმრობა ყოველთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავია. ამჯერად კინმა არსენალის და ტოტენჰემის შესახებ ისაუბრა - კვირა საღამოს სწორედ ეს ორი ლონდონური კლუბი თამაშობდა. 

"მეთოფეებმა" შინ ვულვზთან წააგეს (1:2). ეს არსენალის ზედიზედ მესამე საშინაო მარცხი იყო და ლონდონელები ცხრილის მეორე ნახევარში არიან.

კინი არსენალის მიმართ ძალიან სკეპტიკური იყო, მისი ფეხბურთელები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არსენალის რეალური ამოცანა მხოლოდ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

როი კინი: "არსენალი კარგი გუნდია იმისთვის, რომ არ გავარდეს. მათ საკმარისად კარგი ფეხბურთელები არ ყავთ. ისინი ზედმეტად "ნაზად" თამაშობენ და თვითრწმენა აკლიათ. მე ვერ ვხედავ, რომ მათ ბოლომდე ბრძოლა სურთ, როგორც ამას მათი მწვრთნელი ამბობს".

კინმა ტოტენჰემის შესახებაც ისაუბრა, რომელმაც სტუმრად ჩელსისთან უგოლოდ ითამაშა და სატურნირო ცხრილს 21 ქულით, ლივერპულთან ერთად ლიდერობს. ირლანდიელმა აღნიშნა, რომ "სპურსს" ჩემპიონობის არცთუ ისე მაღალი შანსი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მას მოურინიო და ჰარი კეინი ყავს.

"მოურინიოს ჩემპიონატები უკვე მოუგია, მას ფანტასტიკური CV აქვს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ პრემიერლიგის მოსაგებად საკმარისად კარგი ფეხბურთელები ყავს. ტოტენჰემის აქვს X-ფაქტორი ჟოზეს და ჰარი კეინის სახით. მაგრამ არ მჯერა, რომ ეს საკმარისია. მათ ალბათ ძალიან კარგი სეზონი ექნებათ, მაგრამ დიდი განსხვავებაა კარგ სეზონსა და ჩემპიონობას შორის".

კომენტარები

ბოლო ამბები