Thumbnail

კიკე სეტიენმა ბარსელონას უჩივლა - სპეციალისტი კომპენსაციას ითხოვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 62 წლის სპეციალისტმა კატალონიური კლუბი განაწყენებულმა დატოვა
  • კიკე სეტიენი კლუბისგან კომპენსაციის სახით 4 მილიონ ევროს ითხოვს 

ბარსელონას ყოფილი მთავარი მწვრთნელი ენრიკე (კიკე) სეტიენი კატალონიურ კლუბს სასამართლოში უჩივის. ესპანური მედიის ცნობით, სპეციალისტს კომპენსაციის მიღება სურს და მისი ადვოკატები კლუბისგან 4 მილიონ ევროს მოითხოვენ. 

კიკე სეტიენმა ბარსელონა 2020 წლის 13 იანვარს ჩაიბარა და თანამდებობაზე მანამდე გაშვებული ერნესტო ვალვერდე შეცვალა. სეტიენის ხელმძღვნელობით კატალონიურმა კლუბმა ვერაფერი მოიგო - ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაში კი ¼-ფინალამდე გააღწია, სადაც მიუნხენის ბაიერნთან ანგარიშით 2:8 წააგო.

სეტიენის მწვრთნელობის პერიოდი ბარსელონასთან წარუმატებელი აღმოჩნდა

სეტიენმა ბარსელონა უკვე აგვისტოში დატოვა, თუმცა კლუბმა ოფიციალურად ამის შესახებ მხოლოდ 17 სექტემბერს გამოაცხადა. მოგვიანებით სპეციალისტმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კლუბს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. სპეციალისტი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მან და მისმა შტაბმა გათავისუფლების თაობაზე ოფიციალური შეტყობინება კლუბის დირექტორთა საბჭოს მხრიდან ერთთვიანი დუმილის შემდეგ მიიღეს და ამის გამო ვერ შეძლეს სხვა კლუბებში მუშაობის დაწყება. 

"რა თქმა უნდა, ბაიერნთან მარცხში ბრალი მიმიძღვის და ოდესმე დავწერ ამის შესახებ. ბარსელონადან გათავისუფლების შემდეგ გავიგე, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2:8-ით განადგურებამდე მიიღეს", - ამბობდა 62 წლის სპეციალისტი.

ხოსეპ მარია ბარტომეუ სეტიენზე დიდ იმედებს ამყარებდა

კიკე სეტიენი ადგილი ბარსელონაში ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა დაიკავა. ლა ლიგაში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ, კატალონიურ გრანდს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს. გარდა ამისა, კუმანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფს 12 ქულით ლიდერობს და პლეი ოფში თამაში განაღდეეული აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები