- ლუისვილი 71:70
- სანდრო მამუკელაშვილი: 22 ქულა, 10 მოხსნა
NCAA-ს სეზონის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების ფორვარდის, სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად ლუისვილთან დამარცხდა - 70:71.
სანდრო მამუკელაშვილი კოლეჯთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევა, ის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულის მაძიებელთა სავარაუდო სიაშიც შეიყვანეს. მამუკელაშვილმა ლუისვილთან 36:33 წუთი ითამაშა. მან 22 ქულა მოუტანა გუნდს, რაც მატჩის საუკეთესო შედეგია. სანდრომ თამაშიდან 17 სროლიდან 8 ჩააგდო, მათ შორის, 4 სამქულიანიდან - ორი. ქართველმა 5 საჯარიმოდან 4 გამოიყენა. 10 მოხსნიდან 6 (!) მეტოქის ფარზე გააკეთა. ამას მან 2 პასი და 1 დაფარება დაუმატა. სეტონ ჰოლის ლიდერის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ, როცა სანდრო მოედანზე იყო, სეტონ ჰოლმა 6 ქულის სხვაობით იმარჯვა. სამწუხაროდ, მას თანაგუნდელები ვერ აყვნენ, როდენსა და რეინოლდს 11-11 ქულა ჰქონდათ.
თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე სეტონ ჰოლი იგებდა, მაგრამ "კარდინალებს" ჯეი ჯეი ტრეინორმა მოაგებინა. ეს იყო სეტონ ჰოლის პირველი თამაში 265-დღიანი პაუზის შემდეგ. ბოლო 14 დღე სანდროს გუნდი სულაც კარანტინში იყო COVID-19 შემთხვევების გამო.
სანდრო მამუკელაშვილისთვის ეს მე-8 ორმაგი დუბლი იყო კოლეჯთა ლიგის კარიერაში. ეს მეორე შემთხვევაა, როცა მან ორმაგი დუბლი 20+ ქულით გააკეთა. მომდევნო მატჩს სეტონ ჰოლი 2 დეკემბერს როდ აილენდთან გამართავს, რადგან ბეილორთან შეხვედრა (29 ნოემბერი) უსაფრთხოების მიზნით, გაუქმებულია.
კომენტარები