Thumbnail

'ნამდვილი ლაზიერის გამბიტი' - ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის ისტორია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სტატია, რომლის ინსპირაციის წყაროდ Netflix-ის ახალი სერიალი იქცა
  • მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ქართველი მოჭადრაკის პასუხი ფილმის შემქმნელებს

ვებ-გვერდმა Calvertjournal ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს. სტატიის სათაურია “ნამდვილი ლაზიერის გამბიტი: როგორ დაიპყრო ქართველმა ნონა გაფრინდაშვილმა საჭადრაკო სამყარო”. ავტორისთვის ინსპირაციის წყაროდ Netflix-ის ახალი სერიალი “The Queen’s Gambit” (“ლაზიერის გამბიტი”) იქცა, რომელმაც მოკლე ხანში მოიპოვა პოპულარობა და მასში საუბარი მსოფლიოს ხუთგზის ქართველ ჩემპიონზეც არის, მართალია, ფაქტობრივი შეცდომებით, თუმცა, მაინც დიდი პატივისცემით. ჭადრაკის ქართველი ქომაგისთვის ნონასთან დაკავშირებული ისტორიების გახსენება და თავად “ჭადრაკის დედოფლის” კომენტარების გაცნობა უდავოდ საინტერესო უნდა იყოს.

“გაიცანით მსოფლიოს პირველი ქალი დიდოსტატი, რომლის დამსახურებაცაა საქართველოში თამაშის დიდი პოპულარობა, არსებობს მისი სახელობის ჭადრაკის სასახლე და ამასთან, ის დღემდე მონაწილეობს ტურნირებში.

თქვენ ალბათ უკვე გსმენიათ Netflix-ის სერიალიას შესახებ “ლაზიერის გამბიტი”, სადაც მოთხრობილია ამერიკელი საჭადრაკო ვუნდერკინდის ბეთ ჰარმონის შესახებ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო დიდოსტატებთან შერკინების სურვილითაა შეპყრობილი, ამასთან კი, მასში ჩაბუდებულ დემონებთან ჭიდილითაა დაკავებული.

როდესაც ჰარმონი მოსკოვში აღმოჩნდა და ბოლო-ბოლო დაუპირისპირდა უძლიერეს მოჭადრაკეებს, კადრში ყოფილი საბჭოთა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილიც ხვდება. ცხადია, ჰარმონის ისტორია გამოგონილია, გაფრინდაშვილი კი რეალური პიროვნებაა, რომელიც ქალთა შორის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია. ფილმში ის წარდგენილია, სწორედ როგორც “ქალებში მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა, მოჭადრაკე, რომელიც არასდროს შეხვედრია მამაკაცებს”. ამან თავად გაფრინდაშვილი ძალიან გააოცა, რადგანაც მისთვის კაცებთან ჭადრაკის თამაში ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. იქნებოდა ეს ესტონელი კერესი თუ სერბი გლიგორიჩი, ამერიკელი ტარიანი თუ ლატვიელი ტალი.

“ნამდვილად ბევრ უდიდეს დიდოსტატთან მითამაშია”, - ამბობს 79 წლის გაფრინდაშვილი თბილისიდან ჩართვისას და თანაც ტელევიზორში უყურებს, როგორ გადის მისთვის საყვარელი სნუკერისტი ჯად ტრამპი ჩრდილოეთ ირლანდიის ღია პირველობის ნახევარფინალში. ნონა ქალთა შორის პირველი დიდოსტატი, ეს კი, ჭადრაკში უმაღლესი წოდებაა, 37 წლის ასაკში გახდა. “კაცებთან მართლაც ბევრი პარტია გავმართე და ამისთვის, მათგან ბევრი მადლობაც მიმიღია. ასე რომ, ეს ნამდვილად სიცრუეა. შეიძლება, ემოციურად ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, არასწორია, როდესაც ამა თუ იმ პიროვნების მიღწევების შესახებ, თუნდაც ფილმში, არასწორ ინფორმაციას ავრცელებ”.

ბათუმი 1954

გაფრინდაშვილი 1941 წელს დაიბადა საქართველოს ქალაქ ზუგდიდში, არცთუ შორს შავი ზღვის საპანიროდან. ის მშობლებთან, ოთხ უფროს და ერთ უმცროს ძმასთან ერთად იზრდებოდა. “ჩვენ ძალიან აქტიური ოჯახი გვქონდა. ყველაფერს ვთამაშობდით, იქნებოდა ეს ფეხბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი თუ ბილიარდი”. ნონასვე თქმით, მათ ოჯახში გამართული შეჯიბრებები მთელი სამეზობლოს ყურადღებას იქცევდა.

პატარა ასაკიდანვე გაფრინდაშვილი მხოლოდ მოგებაზე იყო ორიენტირებული. არ ჰქონდა მნიშვნელობა რაში მონაწილეობდა, თუმცა კი, ყველაზე მეტად მის ინტერესს ჭადრაკი იწვევდა. თამაში უფროსი ძმებისგან ისწავლა და შემდეგ მათ მუდმივად უგებდა, ისევე როგორც, ყველა სხვა ახლობელს. “თავიდანვე ძალიან აზარტული ვიყავი და ახლაც ასეა. ეს ყველაფერში მეხმარებოდა და ცხადია, გამონაკლისი არც ჭადრაკი არ ყოფილა”.

1954 წელს, ნონა მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც ზუგდიდის სახელით ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშა. არადა, მას განაცხადიც კი არ ჰქონია გაკეთებული. ქალაქში უკვე იცოდნენ, რომ არსებობდა გოგონა, რომელიც ჭადრაკს ძალიან ძლიერად თამაშობდა, ამდენად, სწორედ ნონა მიიწვიეს გუნდში ძმის მაგივრად, რომელიც “უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა და ტურნირში ჩართვისთვის დრო არ ჰქონდა”.

სწორედ ბათუმში შეამჩნია გაფრინდაშვილი ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა ვახტანგ ქარსელაძემ. მან დაარწმუნა ნონას მშობლები, რათა საცხოვრებლად თბილისში გადასულიყვნენ და ნიჭიერ გოგონას დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟულ საჭადრაკო სკოლაში ესწავლა. 2 წლის შემდეგ, 1956 წელს, გაფრინდაშვილმა პირველად მოიგო საქართველოს ქალთა ჩემპიონატი, შემდეგ კი, იგივე 1959, 1960 და 1961 წლებში გაიმეორა. მართალია, მაშინ საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰყავდა მსოფლიოს ჩემპიონი, სხვადასხვა ქალაქებში გამართული ტურნირები დიდ ინტერესს იპყრობდა. “ჭადრაკი ყველას უყვარდა. ის თამაში იყო, რომელიც ყველას გვაერთიანებდა. ახლაც, ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ეზოებში ერთმანეთს ეჯიბრებიან”.

მოსკოვი 1962

გაფრინდაშვილი მხოლოდ 21 წლის იყო, როდესაც ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. ნონამ მსოფლიოს 2-გზის რუსი ჩემპიონი ელიზავეტა ბიკოვა სოლიდური უპირატესობით დაამარცხა. ეს წარმატება საქართველოს დარი პატარა ქვეყნისთვის დიდ მოვლენად იქცა. გაფრინდაშვილს ყელზე გამარჯვებულის გვირგვინი ჰქონდა მორგებული, იმ მატარებელს კი, რომლითაც ის საქართველოში მიდიოდა, ყოველ სადგურზე უამრავი ხალხი ხვდებოდა.

მოსკოვში მოპოვებულმა გამარჯვებამ გაფრინდაშვილი მთელს მსოფლიოში საინტერესო პიროვნებად აქცია. სწორედ ამის გამოძახილი იყო, რომ დაახლოებით 1 წლის თავზე ის ინგლისში, ჰასტინგსის პრესტიჟულ ტურნირზე მიიწვიეს, სადაც სხვებთან ერთად, ისეთი ვარსკვლავები ჩადიოდნენ ხოლმე, როგორებიც კაპაბლანკა, ალიოხინი, სპასკი, ბოტვინიკი და სხვები იყვნენ. ნონა მხოლოდ მე-2 ქალი იყო, რომელიც ამ შეჯიბრზე მიიწვიეს და პირველი, ვინც პარტიის მოგება მოახერხა. “მან საჭადრაკო სამყაროს შამათი ჩაუსვა”, - წერდა მაშინ ბრიტანული Daily Mirror.

1965 წელს გაფრინდაშვილი ჰასტინგსში კიდევ ერთხელ მიიწვიეს, ამჯერად უკვე მთავარ ტურნირზე სათამაშოდ. შედეგად, ნონას თამაში ისეთ დიდოსტატებთან მოუწია, როგორიც, მაგალითად, მიხაილ ტალი იყო. საბოლოო ჯამში, ნონამ ტურნირზე მე-5 ადგილი დაიკავა, მოუგო რა ყველა ბრიტანელ მოჭადრაკეს და ფრედ დაასრულა პარტია სახელოვან კერესთან. ასეთი შედეგით, ის მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონ მიხაილ ბოტვინიკს გაუტოლდა, რომელმაც ჰასტინგსში პირველად 1934 წელს ითამაშა.

📺 ვიდეო ჰასტინგსის 1964 წლის ტურნირიდან, სადაც ნონა გაფრინდაშვილიც ფიგურირებს

ლოუნ პაინი, 1977

გაფრინდაშვილს თავიდანვე ჩამოუყალიბდა თამაშის აგრესიული სტილი, ძალიან ძლიერი იყო ტაქტიკურ სვლებში და არასდროს გამოეპარებოდა ხოლმე კომბინაცია, რომელსაც შესაძლოა, მისთვის წარმატება მოეტანა. 1974 წელს ნონა დიუსელდორფში გერმანელ ოსტატ რუდოლფ სერვატის ეთამაშებოდა, როდესაც ორივე ეტლი შესწირა იმისთვის, რომ შამათი გამოეცხადებინა და ეიძულებინა მეტოქე, დანებებულიყო. ამის მიუხედავად, ნონასთვის საუკეთესო მოგონებად რჩება პარტიები 1977 წელს ამერიკულ ლოუნ პაინში გამართული ტურნირიდან, რომელიც მაშინ საჭადრაკო სამყაროში ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა.

გაფრინდაშვილი პირველი ქალი იყო, რომელიც კალიფორნიულ შეჯიბრზე მიიწვიეს, არადა, მაშინ უკვე არსებობდა საკმაოდ მომთხოვნი რეგულაციები, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც, მოჭადრაკე მაღალი რანგის ტურნირზე ვერ მოხვდებოდა. სწორედ ასეთ კონკურენციაში ნონამ პირველი პოზიცია გაიყო არგენტინელ პანოსთან, რუს ბალაშოვთანა და სერბ საჰოვიჩთან.

“დღემდე გაოცებული ვარ, მაშინ პარტები როგორ მაღალ დონეზე დონეზე ჩავატარე”, - ამბობს გაფრინდაშვილი. “იმიტომ, რომ ამ ტურნირისთვის მზადება არ გამივლია და ყველაფერი სპონტანურად მოხდა”. ნონამ სპეციალური პრიზიც კი მიიღო “საოცარი ტექნიკისთვის პარტიების ბოლოში”, როგორც ამას New York Times წერდა ამერიკელ დიდოსტატ ტარიანთან მატჩის შემდეგ. მაშინ გაფრინდაშვილმა პაიკი შესწირა, რათა მოსაგები პოზიცია მიეღო.

სხვებთან ერთად, მათ შორის, ლოუნ პაინში მიღწეულმა წარმატებამ მოუტანა ქართველ მოჭადრაკეს უდიდესი პატივი, როდესაც 1978 წელს, ის მსოფლიოს პირველი ქალი დიდოსტატი გახდა. თუმცა, პლანეტის ტოპ-მოჭადრაკის ტიტული იოლად ნამდვილად არ მოსულა.

თბილისი, 1978

ხშირ შემთხვევაში, იმის შეგრძნება, რომ შენ მთელ ერს წარმოადგენდი, საჭადრაკო სიტუაციებსაც კი გადასწონიდა ხოლმე. გაფრინდაშვილი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც 1969 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს რუსი (მოგვიანებით ისრაელის სახელით თამაშობდა) ალა კუშნირისგან იცავდა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა ნონასთვის ტიტულის წართმევა ერთბაშად 3-ჯერ სცადა. იმ დაპირისპირების დროს, 2 შეხვედრა თბილისში შედგა, ორიც კი – მოსკოვში. ისე გამოვიდა, რომ ნონამ რუსეთში გამართული პარტიები მოიგო, საქართველოში კი წარუმატებლობა განიცადა.

“ჩემი აზრით, ის წაგება იმ ემოციებთან იყო დაკავშირებული, რომელიც თამაშისას ჩემს მშობლიურ გარემოცვას შემოჰქონდა. მახსოვს, როდესაც საქართველოში ვბრუნდებოდი, ხალხს მოსალმებაც კი ავიწყდებოდათ და პირდაპირ იმას მეკითხებოდნენ, ასეთი პატარა სხვაობით რატომ მოვიგე”.

როგორც “ლაზიერის გამბიტშია” ნაჩვენები, ბეთ ჰარმონი ნარკოტიკებთანა და ალკოჰოლთან დამოკიდებულებაზე უარს არ ამბობს და გაფრინდაშვილიც ეთანხმება, რომ უდიდესმა ზეწოლამ, შესაძლოა, მოჭადრაკეზე დამღუპველი ზემოქმედება იქონიოს. მისი თქმით, დიდი კარიერისთვის მხოლოდ ტალანტი საკმარისი არაა. “მზად უნდა იყოთ, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე – ფიზიკურად და მუდმივად სრულყოფილებისკენ ისწრაფოდეთ”.

ნონასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჭადრაკსა და სხვა აქტივობებს შორის ბალანსის შენარჩუნება მოეხერხებინა. “როდესაც ვგრძნობდი, რომ სტრესულ ვითარებაში ვიყავი, ვცდილობდი, სხვა სპორტზე გადავრთულიყავი, მუსიკისთვის მომესმინა ან რაიმე წამეკითხა, კითხვა ძალიან მიყვარს”. ნონასთვის საბედნიეროდ, მას ამ ბალანასის დაცვის ნიჭიც აღმოაჩდა. “თითქმის 80 წლის ვარ, ამდენი საჭადრაკო პარტია ჩამიტარებია, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც დაძინებასთან დაკავშირებით პრობლემა მქონოდა, ანტიდეპრესანტები ან საძილე საშუალებები დამელია. ეს სიმშვიდე ბუნებრივად მერგო”.

საბოლოო ჯამში, გაფრინდაშვილისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ჭადრაკისადმი მისი უდიდესი სიყვარული გახდა და არა მოგებისადმი უდიდესი ლტოლვა. “მე წაგებებსაც ყოველთვის ვაფასებდი”.

ბად ლიებენცელი, 1995

გაფრინდაშვილმა ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1978 წელს კიდევ ერთ ქართველ მოჭადრაკე, 17 წლის მაია ჩიბურდანიძესთან პაექრობაში დათმო, რომელიც ტახტზე 13 წელი იჯდა და 2010 წლამდე ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონად რჩებოდა. ამ დაპირისპირებამ ქართული ჭადრაკის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. ნათელი გახდა, რომ გაფრინდაშვილი ერთადერთი აღარ იყო: სულ უფრო მეტი ქართველი ქალი მოჭადრაკე ახერხებდა უმაღლეს დონეზე თამაშს.

1962-დან 1991 წლამდე პერიოდში, ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩებში, 4-ჯერ ფინალში მხოლოდ ქართველი მოჭადრაკეები თამაშობდნენ. ეს, 1975, 1978, 1981 და 1988 წლებში მოხდა, მთავარი მოქმედი პირები კი გაფრინდაშვილთანა და ჩიბურდანიძესთან ერთად, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი იყვნენ. კომენტატორები მათ ყოველთვის ერთ გუნდად, საბრძოლო მანქანად მოიხსენიებდნენ. უკვე 1995 წელს, გერმანულ ბად ლიებენცელში, გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა, თუმცა, უკვე ვეტერანთა შორის და თანაც, ამ დროს ის საქართველოს წარმოადგენდა, და არა – საბჭოთა კავშირს.

როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, წარმატებული სერია ასე დიდხანს შეენარჩუნებინა? გაფრინდაშვილი ხუმრობს, რომ საიდუმლო “მზიან ამინდსა და დიდებულ ღვინოშია”. ჯერ კიდევ XII საუკუნიდან მოყოლებული, პატარძლებისთვის ტრადიციული საქორწილო საჩუქარი ჭადრაკის დაფა და შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” იყო. თავად ნონამ ძვირფასი საჭადრაკო დაფა საჩუქრად მაშინ მიიღო, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სხვათა შორის, ქართველი ქალი მოჭადრაკეების წარმატებებზე გადაღებულმა ფილმმა “დედოფლის დიდება” მაყურებელთა პრიზი დაიმსაუხრა სექტემბრის დასაწყისში სერბეთში გამართულ ფესტივალზე.

📺 "დედოფლის დიდება", ოფიციალური ტრეილერი

ბუქარესტი, 2019

აღნიშნული ფილმის რეჟისორები თათია სხირტლაძე და ანა ხაზარაძე ამბობენ, რომ გაფრინდაშვილი თანატოლთა შორის ყოველთვის გამორჩეული იყო. ნონას მახასიათებლები იყო თავდაჯერებულობა და სიძლიერე: “ნონას შეჩერება შეუძლებელი გახლდათ. გამორიცხული იყო მისი ზეგავლენის ქვეშ არ მოქცეულიყავი. როდესაც სხვები პრინციპული თამაშებისვის ემზადებოდნენ. მას შეეძლო, წინა საღამოს ფეხბურთისთვის ეყურებინა. და იმ 4 ქართველი ქალი მოჭადრაკიდან, რომელთაც მთელი ისტორია შექმნეს, გაფრინდაშვილი ერთადერთია, ვინც საჭადრაკო ტურნირებში დღემდე მონაწილეობს”.

50 წლის მერეც კი, რაც გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა, მისი ერა გრძელდება. ნონას ვეტერანთა შორის ჩემპიონის ტიტული უკვე 6-ჯერ აქვს მოპოვებული, ბოლოს შარშან, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში. თბილისში მისის სახელობის ჭადრაკის სასახლეა, ფიდეს კი მისი სახელობის ჯილდო აქვს დაწესებული. პრიზი იმითაა უნიკალური, რომ ოლიმპიადაზე კაცთა და ქალთა შორის ჯამური მაჩვენებლებით საუკეთესო ქვეყანას გადაეცემა.

ქართველი ქალი მოჭადრაკეები ელიტაში ადგილს ამ დროისთვისაც ინარჩუნებენ. ნანა ძაგნიძე, რომელსაც სახელი ნანა ალექსანდრიას საპატივცემულოდ უწოდეს, მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზეა. მცირე ხნის წინ მან ლოზანაში გამართული გრან-პრის ეტაპოი მოიგო და არ კარგავს იმედს, რომ 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

ამავდროულად, გაფრინდაშვილს სჯერა, რომ ისეთი სერიალები, როგორიც “ლაზიერის გამბიტია”, ჭადრაკის კიდევ უფრო პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. “იმედი მაქვს, ფილმი დიდ ინტერესსა და ჭადრაკის წინსვლას გამოიწვევს, ისევე, როგორც ჩემი პირველი მოგებები. ყველაზე მთავარი იმის გათავისებაა, რომ რაც არ უნდა ბევრი წინააღმდეგობა შეგვხდეს, უკან არ უნდა დაიხიო. ეს კომპლექსური თამაშია, რომელიც უდიდეს ყურადღებას იმსახურებს”.

ამ დროისთვის, ერთადერთი, რამაც გაფრინდაშვილის დროებითი უმოქმედობა გამოიწვია, პანდემიაა. მისი დასრულების შემდეგ ნონას ახალი ტურნირები ელის. “სხვა თუ არაფერი, სწორედ ჭადრაკია ის, რაც ჩემს ცხოვრებას ენერგიით ავსებს”.

Netflix-ის ახალი პოპულარული მინისერიალმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. სერიალის სიუჟეტი უოლტერ რევისის წიგნზეა დაფუძნებული და როგორც აღვნიშნეთ, მხატვრულ პერსონაჟ ბეთ ჰარმონზე მოგვითხრობს, რომელიც გასული საუკუნის ამერიკის აღმოჩენად და უნიჭიერეს მოჭადრაკედ გვევლინება. სერიალის პრემიერა 23 ოქტომბერს ნეტფლიქსზე შედგა, ზუსტად ერთი თვის თავზე კი, გასულ ორშაბათს, სტრიმინგის გიგანტმა გამოაცხადა, რომ ლაზიერის გამბიტი 62 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე ნახვადი მინისერიალი გახდა.

📺 "ლაზიერის გამბიტი", ოფიციალური ტრეილერი

კომენტარები

ბოლო ამბები