Thumbnail
  • 📅 29 ნოემბერი | ⌚ 18:00 | 🏉 ირლანდია V საქართველო | 📺 TV იმედი
  • საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 დებიუტანტია
  • ლევან მაისაშვილის კომენტარი დუბლინური მატჩის წინ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემოდგომის ერთა თასის მომდევნო მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” ახალი ექსპერიმენტული ტურნირის ჯგუფური ტურის დასკვნით შეხვედრას 29 ნოემბერს დუბლინში, “ავივა სთედიუმზე“ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ, თამაში კი, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, საქართველოს ირლანდიასთან აქამდე ოთხჯერ უთამაშია, ბოლოს 2014 წელს და აქამდე ყველა მატჩი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა. “შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნებმა უკვე ითამაშეს ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18). თავის მხრივ, პირველ ტურში ირლანდიამ უელსი 32:9 დაამარცხა, ხოლო ერთი კვირის წინ ინგლისთან 7:18 წააგო.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, უელსთან ლანელიში გამართული მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ხაზის 2 მოთამაშე შეცვალეს. ტრავმა მოიშუშა და ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება სოსო მათიაშვილი. ძირითად შემადგენლობაშია და ფრთაზე იწყებს თამაშს თამაზ მჭედლიძე, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ბოლოს წლის დასაწყისში, ესპანეთთან მატჩში იყო, უელსთან კი შეცვლაზე ითამაშა.

უცვლელია ღერძი და მე-14 თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის წყვილი. ცენტრში კვლავ მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ხოლო მეორე ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ. ირლანდიასთან გუნდის კაპიტანი შარიქაძე 70-ე კეპს მოიხვეჭს, მჭედლიძე კი მე-60-ეს. ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 260-ს შეადგენს.

უელსთან მატჩის შემდეგ ოთხი ცვლილებაა შერკინებაში. როტაციის პრინციპით, ირლანდიასთან კვაჭის პოზიციაზე თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს. ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩს იწყებენ ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი. სრულად შეიცვალა მეორე ხაზი. ტრავმა მოიშუშა და სასტარტო შემადგენლობაშია ნოდარ ჭეიშვილი, რომელსაც ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება. შეგახსენებთ, უელსთან მატჩის პირველ ტაიმში ნეკნი დაიზიანა კოტე მიქაუტაძემ და ის თამაშს იძულების წესით ტოვებს.

მესამე ხაზში ფლანკერის პოზიციაზე თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა, ხოლო შერკინების შემკვრელი - ბექა გორგაძე. შერკინების მოთამაშეების კეპების ჯამი 233-ს შეადგენს და მისი ნახევარზე მეტი – 140, ორ მორაგბეზე (ნარიაშვილი და მამუკაშვილი) მოდის.

სიახლეებია თადარიგშიც, სადაც ორი ახალგაზრდა დებიუტანტია. 9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზე მიხეილ ალანია შევა, რომელსაც 19 ნოემბერს 20 წელი შეუსრულდა, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე 18 წლის დავით ნინიაშვილს ვიხილავთ. ხაზში ასევე შეცვლაზე იქნება ახალგაზრდა დემურ თაფლაძე, რომლის ანგარიშზე მხოლოდ 4 კეპია. შერკინების მარქაფაშია მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელმაც ნაკრებში ბოლოს წლის დასაწყისში, 9 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა. მეორე ხაზში შეცვლაზეა გიორგი ჯავახია. კვაჭის პოზიციაზე კვლავ გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ. შეცვლაზე შევა ლექსო ყაულაშვილი, რომელიც ამჯერად მარცხენა ბურჯის პოზიციაზეა, ხოლო მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე იქნება, რომელმაც შეცვლაზე შოტლანდიასთან ითამაშა.

ლევან მაისაშვილი
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ლევან მაისაშვილის თქმით, შემადგენლობაში ცვლილებები ორი მიზეზითაა განპირობებული. ის მიიჩნევს, რომ ამით ჩვენი გუნდის პოტენციალი არ შემცირებულა და შეტევაში უფრო აგრესიულები ვიქნებით:

“გვაქვს წვრილ-წვრილი ტრავმები, რის გამოც ამ კვირაში რამდენიმე მოთამაშემ სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება ვერ შეძლო. გარდა ამისა, სელექციის კუთხით, გვსურს ძლიერ მეტოქესთან დავაკვირდეთ სხვადასხვა მოთამაშეებს. პირველ ხაზში ცვლილებები როტაციის პრინციპით მოხდა. კვირის განმავლობაში კარგად იმუშავა და შანსს მიიღებს გიორგი მელიქიძე. ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდა ნოდარ ჭეიშვილი, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, ხოლო გიორგი ჯავახია მარქაფიდან გაგვაძლიერებს. მესამე ხაზში თამაშს თორნიკე ჯალაღონია იწყებს, რომლისაც მეიმედება როგორც შეტევაში, ასევე - დაცვაში. ვფიქრობთ, ის ეფექტურობას და აგრესიას შემატებს ჩვენს შეტევებს. შეცვლიდან მიხეილ გაჩეჩილაძე გაგვაძლიერებს, რომელიც ინგლისში გვიან შემოგვიერთდა, ახლა სათამაშოდ მზადაა და ჩვენთვის საკმაოდ დიდი ძალაა.

უცვლელია ღერძი და ცენტრი, ფრთაზე კი თამაშს თამაზ მჭედლიძე იწყებს, რომელსაც მანამდე შეცვლაზე მცირე ხნით მოუწია მოედანზე შესვლა და ახლა სრულფასოვან შანსს მიიღებს. ტრავმიდან გვიბრუნდება სოსო მათიაშვილი, რომელმაც თაზოსთან ერთად ჩვენი შეტევა უნდა გააძლიეროს. გვყავს ორი დებიუტანტი. ახალგაზრდა დავით ნინიაშვილს მწირი გამოცდილება აქვს, დიდ 10-შიც კი არ უთამაშია და მასთან მიმართებაში ცოტას ვფრთხილობდით. გვსურდა გუნდთან ერთად ყოფნით თავდაჯერებულობა მოეპოვებინა და ახლა თამაშის შანსს მიიღებს. ის შრომისმოყვარე ახალგაზდაა და მონდომებით ბევრის მიღწევა შეუძლია. პერსპექტიული და იმედისმომცემი მოთამაშეა მიხეილ ალანია, რომელსაც ასევე დებიუტი ექნება“.

ბორჯღალოსნები ინგლისიდან დუბლინში დღეს გაემგზავრნენ და ხვალ კაპიტნის ვარჯიში აქვთ. შემადგენლობა უკვე დაასახელა ირლანდიის ნაკრებმაც. მაისაშვილი იმედოვნებს, რომ გუნდი უფრო ეფექტური იქნება სტატიკურ ფაზებში და შეტევაში:

“ირლანდიამ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა დააყენა, თუმცა ჩვენ ვეცდებით, რომ შეტევაში უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე - უელსთან და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ. მეტოქე სახიფათოა რაქებში, ყავს მძიმე, ხაზის გამგლეჯი ცენტრები და სწრაფი დამბოლოებლები ფრთის მოთამაშეების სახით. მათ შეტევაში მუდამ აქვთ გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი. ირლანდიის მეორე ხაზი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება დერეფანში თამაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტატიკური ფაზები. უელსთან თამაშის შემდეგ, დიდი გამოხმაურება მოყვა შერკინებაში მსაჯობას. ჩვენ გამოცდილი და ძლიერი ბურჯები გყავს, რომელთა დაჩაგვრა ადვილი არაა. იმედი გვაქვს, რომ ამჯერად შერკინებაში უფრო ობიექტური მსაჯობა იქნება. გარდა ამისა, გუნდი მზად უნდა იყოს ყოველგვარი წნეხისთვის, მოწინააღმდეგისგან იქნება ეს თუ მსაჯისგან და ასევე, სხვადასხვა ეშმაკობისთვის, რასაც მეტოქე შემოგვთავაზებს. ვფიქრობ, რომ ირლანდიასთან უფრო მობილიზებულები გავალთ და შერკინებაში სხვა სურათი გვექნება“.

"შემოდგომის ერთა თასი". მე-3 ტური

ირლანდია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (28 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (5 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (27 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (69 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. თამაზ მჭედლიძე (59 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (18 კეპი, 104 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (54 კეპი, 40 ქულა).

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (64 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (76 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (16 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (26 კეპი), 5. ლაშა ჯაიანი (4 კეპი), 6. ბექა საღინაძე (15 კეპი, 5 ქულა), 7. თორნიკე ჯალაღონია (2 კეპი), 8. ბექა გორგაძე (30 კეპი, 40 ქულა).

სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე (12 კეპი, 5 ქულა), 17. ლექსო ყაულაშვილი (3 კეპი), 18. გიორგი მელიქიძე (20 კეპი, 5 ქულა), 19. გიორგი ჯავახია (3 კეპი), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა); 21. მიხეილ ალანია (უკეპო), 22. დემურ თაფლაძე (4 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (უკეპო).

კომენტარები

ბოლო ამბები