Thumbnail
  • თავდამსხმელებმა მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრების ბაზა გატეხეს
  • ჰაკერული თავდასხმები ბრიტანეთის სპორტული ორგანიზაციების ერთ-ერთი პრობლემაა

გასულ კვირას მანჩესტერ იუნაიტედმა დაადასტურა, რომ მის ქსელებზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა. ინგლისური კლუბის სისტემა ვირუსით სახელად ransomware-ით არის დაზიანებული. სისტემა ჯერ კიდევ ბლოკირებულია და კლუბი მასზე წვდომას ვერ ახერხებს.

Ransomware არის მავნე პროგრამა, რომელიც ავირუსებს კომპიუტერს. იგი აჩვენებს შეტყობინებებს, რომლითაც მოითხოვება საფასურის გადახდა (ე.წ. გამოსასყიდი), თქვენი სისტემის ხელახლა მუშაობისთვის. მავნე პროგრამების ეს კლასი არის დანაშაულებრივი ფულის წარმოების სქემა, რომლის დაინსტალირება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის, მყისიერი შეტყობინების ან ვებსაიტის ფეიკ-ბმულების საშუალებით.

თავდასხმის შედეგად ბლოკირებულია რამდენიმე მონაცემთა ბაზა, მათ შორის გულშემატკივრების ინფორმაციის შემცველი ბაზა. ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმელთა ვინაობა დადგენილი არ არის და ისინი თანხას (რაოდენობა უცნობია) ითხოვენ. ამ ინფორმაციას თავად "წითელი ეშმაკები" არ ადასტურებენ და თავდამსხმელთა ვინაობაზე და მათ მოტივაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

გუშინდელი მონაცემებით, კლუბის თანამშრომლებს შეზღუდული აქვთ ფოსტაზე წვდომა. ისინი ასევე ვერ სარგებლობენ სხვა ფუნქციებითაც. როდის აღდგება სისტემაზე კონტროლი რთული სათქმელია.

ინგლისურმა კლუბმა ჰაკერული თავდასხმის შემდეგ საქმეში ექსპერტები ჩართო, რომლებიც ცდილობენ, გამოიძიონ აღნიშული შემთხვევა. კლუბმა ასევე დახმარებისთვის მიმართა კიბერ უსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს (NCSC).

"NCSC-მ იცის მანჩესტერ იუნაიტედის საფეხბურთო კლუბზე მომხდარი კიბერთავდასხმის შესახებ. აღნიშნული მოვლენის გამოსაძიებლად ჩვენ ვთანამშრომლობთ ორგანიზაციასთან და პარტნიორებთან", - ვკითხულობთ კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

გულშემატკივართა უფლებების მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კლუბი მათი პირადი ინფორმაციის დაცვას ვერ შეძლებს და იგი საჯარო გახდება, ან 18 მილიონი ფუნტით დაჯარიმდება, ან გლობალური წლიური ბრუნვის 4 პროცენტს გადაიხდის.

აქედან გამომდინარე, იუნაიტედისთვის მნიშვნელოვანია, სისტემაზე წვდომა რაც შეიძლება მოკლე დროში აღადგინოს, რადგან შესაძლოა, ეს თანხა ბევრად აღემატებოდეს თავდამსხმელების მიერ მოთხოვნილ თანხას.

"კლუბზე ბოლოდროინდელი კიბერშეტევის შემდეგ, ჩვენი IT გუნდი და გარე ექსპერტები ატარებენ ექსპერტიზას. კრიტიკული სისტემები, რომლებიც საჭიროა 'ოლდ ტრაფორდზე' მატჩების ჩატარებისათვის, უსაფრთხოდ დარჩა და თამაშები ჩვეულებრივად წარიმართა და არც მომავალ შეხვედრებს ემუქრება გადადება. კლუბი კომენტარს არ გააკეთებს სპეკულაციებზე, თუ ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ამ შეტევაზე და რა მოტივი ამოძრავებდათ მათ", - წერია მანჩესტერ იუნაიტედის განცხადებაში.

NCSC-ის ივლისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წინა 12 თვის განმავლობაში სპორტული ორგანიზაციების 70 პროცენტი იყო კიბერშეტევის სამიზნე. როგორც ხედავთ, ჰაკერული თავდასხმები დიდი ბრიტანეთის სპორტული ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

კომენტარები

ბოლო ამბები