Thumbnail

გიგიბერიას დებიუტი NCAA-ში - გამარჯვებული 4 ოვერტაიმის თავზე გამოვლინდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

19 წლის ქართველმა კალათბურთელმა საბა გიგიბერიამ ჯორჯია ტექის მაისურით აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში (NCAA) სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

საინტერესოა, რომ 2.16 სიმაღლის ქართველი ცენტრის გუნდს იშვიათი ბრძოლა გადახდა. ჯორჯია სტეიტთან მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად 4 (!) ოვერტაიმის გამართვა გახდა საჭირო და მეტოქემ 123:120 მოიგო.

გიგიბერია სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 7 წუთი გაატარა და აქტივში მხოლოდ 2 მოხსნა ჰქონდა, რადგანაც ფარისთვის არ შეუტევია, პასივში კი – 1 პერსონალური ფოლი. ალბათ, თამაშის დაძაბული მიმდინარეობიდან გამომდინარე იყო, რომ “ყვითელი ჟაკეტების” მწვრთნელი ჯოშ პასტნერი გამოუცდელ კალათბურთელებს ნაკლებად ენდო და ოთხმა მოთამაშემ მოედანზე 47 და მეტი წუთი დაჰყო.

ჯორჯია ტექს, რომელიც ატლანტიკის სანაპიროს კონფერენციაში ირიცხება, მომდევნო მატჩი მერსერ ბეარსთან, 28 ნოემბერს ელის.

შეგახსენებთ, რომ საბა გიგიბერია ორი წლის განმავლობაში პროლიფიკ პრეპ აკადემიის უმაღლესი სკოლის გუნდში თამაშობდა. 2019/20 წლების სეზონში მისი საშუალო მონაგარი 8.5 ქულა, 6.0 მოხსნა და 1.5 დაფარება იყო. NCAA-ს ერთ-ერთ ცნობილ კლუბთან კონტრაქტს ხელი გაზაფხულზე მოაწერა, თუმცა, ის, რომ ჩვენებური "ყვითელი ჟაკეტების" წევრი გახდებოდა, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გადაწყდა. გიგიბერიას საქართველოს U16 და U18 წლამდე ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები