Thumbnail

დათო ტურაშვილი მარადონაზე: მსოფლიომ ყველაზე საყვარელი ბავშვი დაკარგა

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე

დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციამ მთელი საფეხბურთო სამყარო დაამწუხრა. არ აქვს მნიშვნელობა, ქომაგობს თუ არა ადამიანი არგენტინის ნაკრებს - მარადონას სიკვდილმა ყველა შეძრა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მარადონას კულტია. დიეგოსადმი განსაკუთრებული სიყვარულით ისინი გამოირჩევიან, ვისაც ის მსოფლიო ჩემპიონატები ახსოვს, რომლებშიც დიეგო ბრწყინავდა.

‘პოპსპორტი’ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და ლეგენდარული არგენტინელის კარიერის მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტების გახსენება სთხოვა. ეს მცირე ინტერვიუები ძალიან ემოციური გამოვიდა - იმ დონეზე ემოციური, რომ საუბრის პროცესში რესპოდენტებს აზრის დალაგებაც კი უჭირდათ. პირველად მწერალ დათო ტურაშვილს დავუკავშირდით, რომელსაც დიეგოს ავტობიოგრაფიული წიგნი აქვს ნათარგმნი.

დათო ტურაშვილი: დიეგოს ვუთხარი, რომ ქართულად მისი გვარი მარადისობასთანაა კავშირში

"მახსოვს მარადონას პირველი კადრები. იაპონიაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა. ფინალში არგენტინელებმა სსრკ-ს ნაკრები 3:1 დაამარცხეს. ეს ჩემთვის ორმაგი სიხარული იყო. ვნახე მოედანზე 17 წლის ადამიანი, რომელიც საოცრება იყო. მრავალი წლის შემდეგ კი, მასთან უშუალოდ შეხვედრის ბედნიერება მქონდა. მისი ავტობიოგრაფიული წიგნის თარგმნის ნებართვა ავიღე. საუბრისას ვუთხარი, რომ ყველაზე დიდი იყო... ბავშვივით გაუბრწყინდა თვალები, მერე კანიჯას დაუძახა და მთხოვა, კიდევ ერთხელ გამემეორებინა ჩემი ფრაზა. რა თქმა უნდა, სიხარულით გავუმეორე. მკითხა, რა ენაზე უნდა მეთარგმნა. მოვუყევი, რომ ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივად ლამაზი ენა და ისიც ვუთხარი, რომ ქართულად მისი გვარი მარადისობასთანაა კავშირში. ავუხსენი, რომ მარადონა მარადისობაა. იჯდა და პატარა ბავშვივით მისმენდა. გულით უხაროდა ის, რასაც ვეუბნებოდი.

წიგნში ერთი ფრაზაა, რომელსაც დიეგო ამბობს: “რომ არა ნარკოტიკები, ხომ წარმოგიდგენიათ, მინდორზე რას გავაკეთებდი”. მიუხედავად ნარკოტიკებისადმი ჩემი კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულებისა, მარადონას ყველაფერს ვპატიობდი. არგენტინა ბორხესის ქვეყანაა, მაგრამ იქ დიეგო უფრო მეტად უყვართ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ თავისი ქვეყნისთვის უფრო მეტი აქვს გაკეთებული.

მე კი ვიტყოდი, რომ მას არა მარტო არგენტინისთვის, მთელი მსოფლიოსთვის უამრავი რამ აქვს გაკეთებული. გენიოსები ასეთები არიან. მათი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ისაა რომ, ნებისმიერ ასაკში ბავშვებად რჩებიან. მსოფლიომ ყველაზე ჭირვეული, მაგრამ ამავე დროს ყველაზე საყვარელი ბავშვი დაკარგა”.

მეტი ამ თემაზე:

დიეგო მარადონა ოთხშაბათს, გულის შეტევით, 60 წლისა გარდაიცვალა. მისი სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო. ბუენოს აირესში სახალხო პანაშვიდები მიმდინარეობს. მისი ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეშია დასვენებული.

📺 ეპიკური კადრები - 1989 წელი, დიეგო მიუნხენში ავსტრიული ბენდის, Opus-ის ძალიან ცნობილი ჰიტის, Live is Life-ის ფონზე ხურდება

კომენტარები

ბოლო ამბები