Thumbnail

'მხოლოდ სამი კვირა ვემზადებოდი' - ინტერვიუ გურამ თუშიშვილთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პრაღაში გამართული ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით დაასრულა - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. სამწუხაროდ, მესამე საჭიდაო დღეს 4 ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში დამარცხდა. მათ შორის ერთ-ერთი გურამ თუშიშვილი იყო.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა და ევროპის ჩემპიონატის 2-გზის გამარჯვებულმა ნახევარფინალი ინალ ტასოევთან დათმო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს 40 წამში მოუგო და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა.

თუშიშვილი ამჟამად უზბეკეთშია და მომავალი ტურნირებისთვის მზადებას პირად მწვრთნელთან ერთად აგრძელებს. პოპსპორტი გურამს ტაშკენტში დაუკავშირდა. მან განვლილი ტურნირი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

POPSPORT: გურამ, როგორ შეაფასებდი ევროპის ჩემპიონატს?

გურამ თუშიშვილი: ძალიან კარგი ტურნირი გამოვიდა, სადაც ბევრმა ძლიერმა ძიუდოისტმა მოიყარა თავი. პანდემიის გამო ყველა სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას ელოდა. მანამდე ერთი შეჯიბრი იყო უნგრეთში, რის შემდეგაც ყველა ამ დიდ ფორუმს ველოდით.

POPSPORT: ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ როგორ მოახერხე ასეთ მოკლე დროში ტატამზე დაბრუნება?

გურამ თუშიშვილი: ბოლომდე მაინც ვერ ჩავერთე ტურნირში. მოწოდების სიმაღლეზე და კარგ ფორმაში არ ვიყავი. მანამდე ვვარჯიშობდი, სანამ ოპერაციას გავიკეთებდი. სახლის პირობებში ვემზადებოდი, თუმცა ოპერაციის შემდეგ, თვენახევარი გავჩერდი და უშუალოდ ევროპის ჩემპიონატისთვის 2-3 კვირით ადრე დავიწყე მზადება. მიხარია, რომ უმედლოდ არ დავრჩი.

'მთავარი ფაქტორები ალბათ მაინც მოუმზადებლობა და ფორმაში არყოფნა იყო'

POPSPORT: შენი აზრით, რა იყო ტასოევთან მარცხის მიზეზი?

გურამ თუშიშვილი: შეიძლება, ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემაც იყო. ტრავმიდან ბევრი რამ გამომდინარეობს, მათ შორის ფსიქოლოგიური პრობლემაც. რაღაც მომენტში შეიძლება შენი თავის, ფეხის ან მომზადების იმედი არ გქონდეს - ასეთი ფიქრები შედარებით ხელს გიშლის. მთავარი ფაქტორები ალბათ მაინც მოუმზადებლობა და ფორმაში არყოფნა იყო. ძლიერი ძიუდოისტია და ასე ვერ ვიტყვი, რომ ასი პროცენტით მოვუგებდი, მაგრამ უფრო მეტი შანსი მექნებოდა, რომ დამემარცხებინა. მომავალში მასთან მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ.

📺 თუშიშვილი V ტასოევი

POPSPORT: ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტატამზე მსოფლიოს ორი ჩემპიონი იდექით და დაძაბულ ბრძოლას ველოდით, მაგრამ შეხვედრა მარტივად მოიგე. როგორ შეაფასებდი კრპალეკთან დაპირისპირებას?

გურამ თუშიშვილი: მეც დაძაბულ ბრძოლას ველოდი, მაგრამ მალე მოვუგე, თუმცა კრპალეკი დიდი სპორტსმენია და ღირსეულ წინააღმდეგობას გამიწევდა. სამწუხაროდ, ფორმაში არ იყო და თან ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან კორონავირუსი გადაიტანა და უნგრეთის გრანდ სლემზე ვერ იასპარეზა.

📺 თუშიშვილი V კრპალეკი

POPSPORT: როგორც გაირკვა, შესაძლოა, ძიუდოს მასტერსი ყატარში 2021 წელს ჩატარდეს, სადაც მონაწილეობა აუცილებლად მოგიწევს. სად გააგრძელებ მზადებას ამ ტურნირისთვის?

გურამ თუშიშვილი: ვვარაუდობდით, რომ ეს ტურნირი მაინც ჩატარდებოდა. სწორედ ამის გამო, მე და ჩემი პირადი მწვრთნელი ტაშკენტში წამოვედით, რათა მომზადება გაგვეგრძელებინა. გვსურს, რომ მთელი ძალებით შევუტიოთ მასტერსს.

POPSPORT: ტურნირების სიმცირიდან გამომდინარე, საქართველოს ჩემპიონატი თუ ჩატარდა, მონაწილეობას მიიღებ?

გურამ თუშიშვილი: არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია. ძალიან ბევრი შეჯიბრი გამოვტოვე. ყველაფერს განვიხილავ და ყველგან ვიჭიდავებ. უბრალოდ, ამჟამად გეგმას მივყვები და რა ტურნირებიც ტარდება, იქ აუცილებლად ვაპირებ ჭიდაობას.

POPSPORT: მთლიანად საქართველოს ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებდი ევროპის ჩემპიონატზე?

გურამ თუშიშვილი: ნაკრების გამოსვლას დადებითად ვაფასებ - 6 მედლის აღება მოვახერხეთ. ტატომ ოქროს მედალი მოიგო, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებიც ავიღეთ. მესამე დღეს ბედმა არ გაგვიღიმა. 4 ნახევარფინალი წავაგეთ, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა მედლები მაინც აიღო და ძიუდოისტები ფორმიდან ამოვარდნილები არ ვართ.

კომენტარები

ბოლო ამბები