Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ჩავიდა, ქალაქ ესპოოში ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი 'ბაბლის სისტემით' ჩატარდება და ილიას ზუროსის გუნდი ორ შეხვედრას გამართავს.

საქართველო ორი ტურის შემდეგ ჯგუფს 2 გამარჯვებით ლიდერობს და მისთვის ეს შესარჩევი ფორმალობაა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება, როგორც ერთ-ერთ მასპინძელს მოპოვებული აქვს. ჰელინკიში ჩასვლისთანავე საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს.

ანატოლი ბოისა (ილიას ზუროსის ასისტენტი): "დღეს ჩამოვფრინდით ჰელსინკიში, სასტუმროში ვართ. ჯერჯერობით აქედან გასვლის უფლება არავის გვაქვს, ადგილზე ჩავიტარებთ კოვიდტესტებს. შემოგვიერთდნენ გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი. რამდენიმე საათში ტურძილაძე და კორსანტია დაგვემატებიან, ხოლო შემდეგ ველოდებით შენგელიასაც. დღეს აღდგენითი ვარჯიში გვექნება და როგორც შეტევით, ისე დაცვით ტაქტიკაზე დავიწყებთ ფიქრს".

საბა ლობჯანიძე (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): "მგზავრობა არც ისე დამღლელი იყო. გუნდი მოტივირებულია მოსაგებად, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ და ევრობასკეტის საგზური მოპოვებული გვაქვს. საღამოს ვარჯიში აღდგენითი იქნება და ხვალიდან სრული დატვირთვით შევუდგებით ვარჯიშს და მოვემზადებით თამაშისთვის".

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ურთულეს პირობებში გვიხდება ჰელსინკიში ყოფნა, თუმცა ვერაფერს ვიზამთ, ეს არის რეგულაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ და რასაკვირველია, დავიცავთ. ბიჭების განწყობა ძალიან კარგია, მიუხედავად ამ სირთულეებისა და მე იმედი მაქვს, რომ მათი ეს განწყობა 28-შიც და 30-შიც მოედანზეც გადავა. რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ყოველთვის იმედიანად ვართ იმიტომ, რომ, როგორც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მიაჩვია მაყურებელს, მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გადის და არც ეს ორი თამაში იქნება გამონაკლისი. ასე რომ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი ბიჭების მონდომებით კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ გამარჯვებებს".

საქართველოს ნაკრები 28 ნოემბერს, მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, 30-ში კი, შვეიცარიასთან თამაშია დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, თუმცა, მაინც სასიამოვნოა, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე დამარცხებული ჰყავთ ხსენებული შვეიცარია (96:88) და სერბეთი (94:90) და E ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები