Thumbnail

'ამის გამო ტირილი არ შეიძლება' - კონტესთვის რეალთან თამაში ფინალია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მილანის ინტერი მადრიდის რეალს დაუპირისპირდება. თამაშის წინ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და ტურის მთავარ მატჩზე ისაუბრა.

კონტეს განცხადებით, მისი გუნდისთვის ერთადერთი მისაღები შედეგი გამარჯვება იქნება, რადგან მერვედფინალში გასასვლელად ჯგუფში დარჩენილი სამივე თამაში ფინალის ტოლფასია.

ანტონიო კონტე (ინტერის მთავარი მწვრთნელი): "ჩვენთვის ეს თამაში ფინალია - წინა შედეგების გათვალისწინებით ბევრი გამოსავალი არ გვაქვს. რთული მატჩი გველოდება იმ გუნდის წინააღმდეგ, რომლის ისტორია ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. თამაში უნდა მოვიგოთ. სამი შეხვედრა დარჩა, მერვედფინალში გასასვლელად ყველა მათგანის მოგება მოგვიწევს, ან 7 ქულის აღება. ჩვენი ჯგუფი ყველაზე რთულია ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლო მატჩებში ჩვენი თამაშით გაცილებით უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით, ვიდრე მივიღეთ.

რეალის ტრავმირებული ფეხბურთელები? არ ვფიქრობ, რომ რეალს ამის გამო ტირილის უფლება აქვს. ამ გუნდს ჰყავს ძლიერი და სრულყოფილი შემადგენლობა და შეუძლია დანაკლისის შევსება. ცოტა მეღიმება, როდესაც მედია ამ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას".

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ მადრიდის რეალს 4 ქულა აქვს მოპოვებული, ინტერმა კი მხოლოდ 2 ქულა დააგროვა. ამ გუნდების მადრიდული დაპირისპირება ესპანელებმა დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 მოიგეს. ჯგუფს 5 ქულით გერმანული გლადბახი ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები