Thumbnail

'ბეჟანიშვილთან ერთად ილინოისი უკეთესი იქნება' - შეფასებები NCAA-ს სეზონის წინ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 25 ნოემბერს გიორგი ბეჟანიშვილი ილინოისში მე-3 სეზონს დაიწყებს
  • რა როლი ექნება ქართველ ფორვარდს ამჯერად, ექსპერტთა მოსაზრებები

NCAA-ს ერთ-ერთი ძლიერი საკალათბურთო კლუბი ილინოისი ახალ სეზონს 25 ნოემბერს იწყებს, პირველ მატჩში გიორგი ბეჟანიშვილის გუნდი ჩრდილოეთ კაროლინას კოლეჯს დაუპირისპირდება. სეზონის წინ ერთბაშად ორმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, თუ რას ელიან ახალ სეზონში, რომელიც გიორგისთვის კოლეჯთა ლიგაში მესამეა, ქართველი კალათბურთელისგან. 

FIGHTING ILLINI წერს: "2020/21 წლების სეზონისგან ილინოისის ფანები ბევრს ელიან. ბრედ ანდერვუდის გუნდმა ძლიერი შემადგენლობა შეინარჩუნა, რომელსაც რამდენიმე საინტერესო ახალბედა დაემატა. თუკი გიორგი დაიბრუნებს იმ ფორმას, რომელიც მას პირველ სეზონში ჰქონდა, კლუბი მხოლოდ მოიგებს. იმის გამო, რომ ილინოისში კოფი კოკბერნი მივიდა, გასულ სეზონში ქართველს გაუჭირდა პოზიციის შეცვლა. ოთხ ნომერზე თამაშში მან ვერ გამოავლინა ისეთი ძლიერი მხარეები, რაც ბეჟანიშვილს ცენტრის პოზიციაზე ახასიათებდა. 

მას მერე, რაც გუნდს ჯეიკობ გრანდისონი და ოსტინ ჰატჩერსონი დაემატნენ, გიორგის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა, მაგრამ ილინოისი ყოველთვის უკეთესია, როცა ქართველი თავისი ენერგიით, მოხსნებითა და პასებით ამრავალფეროვნებს გუნდის თამაშს. კარგი იქნება, თუ ანდერვუდი ისე დაასაქმებს ახალ ტალანტებს, რომ ბეჟანიშვილი მისი სათამაშო კომფორტის ზონიდან არ გაიყვანოს. 

ბეჟანიშვილი სეზონს ალბათ, კოკბერნის შემცვლელად დაიწყებს, თუმცა მიმდინარე სეზონის სიმჭიდროვის განთვალისწინებით, როტაცია ხშირი იქნება და ბეჟანიშვილსაც შანსი ხშირად მიეცემა. ახლა, როცა ის ჯუნიორ სეზონს ატარებს კოლეჯთა ლიგაში, მისი ლიდერის თვისებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 

247sports წერს, რომ ყველაზე ძნელად გამოსაცნობი ილინოისში გიორგი ბეჟანიშვილის როლია. "ვფიქრობთ, ის მაინც წინ გადადგამს ნაბიჯს კარიერაში. ამ შემთხვევაში მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვება დიდი ფუფუნებაა. თუ მას კარგი სეზონი ექნება, გიორგის ხშირად ვნახავთ 4 ნომრადაც, გააჩნია, ვინ იქნება მეტოქე. სტაბილურად 15 წუთზე მეტს თუ ითამაშებს ჩვეული ენერგიით და ნაკლები შეცდომით გასულ სეზონთან შედარებით, გიორგი ბეჟანიშვილი ახალ სეზონში ილინოისის კარგი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება". 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბეჟანიშვილი 2018/19 წლების სეზონში საშუალოდ 12.5 ქულას და 5.2 მოხსნას აკეთებდა. 2019/20 წლების სეზონში კი მისი სტატისტიკა გაუარესდა - 6.8 ქულა და 4.8 მოხსნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები