Thumbnail

უეფამ 2020/21 წლების ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა ჩაატარა, სადაც ქართული საფეხბურთო კლუბის ლანჩხუთის მეტოქის ვინაობა გაირკვა. გიორგი ჩხაიძის გუნდი შვედურ როსენგარდს დაუპირისპირდება და პირველ მატჩს შინ გამართავს.

წილისყრის შემდეგ 'პოპსპორტი' ლანჩხუთის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩხაიძეს დაუკავშირდა - მან ჩვენს კითხვებს უპასუხა - პირველი ორი დაპირისპირება შეაფასა, ახალ მეტოქეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოგონების დიდი იმედი აქვს. 

POPSPORT: პირველ ორ შეხვედრაზე რას გვეტყვით, რომელ გუნდთან უფრო გაგიჭირდათ?

გიორგი ჩხაიძე: დებიუტანტი გუნდი ვიყავით. სანამ თამაშებზე გადავალ, მინდა ვთქვა, რომ ეს გოგონები ბავშვობიდან ერთად მოდიან. ამ წარმატებაში დიდი წვლილი დურმიშხან ჩხაიძეს მიუძღვის, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ახლა ამ წარმატებას მივაღწიეთ. ოკჟეტპესთან თამაშის დროს სათანადო გამოცდილება არ გვქონდა. მიზანი მხოლოდ ღირსეულად ასპარეზობა იყო. დაძაბულები ვიყავით, თან სწრაფი გოლი გავუშვით, მაგრამ მატჩი მაინც მოვიგეთ. მთელი სეზონი ვმუშაობდით სტანდარტულ სიტუაციებზე და ამან გაამართლა. ორი კუთხური მოვაწოდეთ და ორივე გოლად ვაქციეთ.

რუმინულ გუნდთან უკვე ლაღად ვგრძნობდით თავს. გოგონებსაც ეს ვუთხარი. თქვენ ისტორია დაწერეთ, ისინი ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ არ შევუშინდეთ და ღირსეულად ვითამაშოთ-მეთქი. სამწუხაროდ, პირველი გოლი არ ჩაგვითვალეს, რის შემდეგაც ბურთი ძელსაც მოვარტყით. თამაშის დასრულების შემდეგ, ამ გოლზე გადავახვიე და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არ ჩათვალეს. გოგონები მეორე ტაიმში მინდორზე უფრო მოტივირებულები გავიდნენ. ჭყონიას გოლმა თამაში მთლიანად შეცვალა და ბოლო წუთზე ჩვენც გაგვიმართლა. ვფიქრობ, რომ ამას ვიმსახურებდით, რადგანაც დიდი შრომა ჩავდეთ აქამდე მოსასვლელად.

POPSPORT: წილისყრის შედეგით კმაყოფილი ხართ? როსენგარდზე მეტად რომელიმე სხვა გუნდთან შეხვედრა ხომ არ გსურდათ?

ჩხაიძე: ჩვენი ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე ვოლფსბურგი იყო. ნამდვილად არ გვინდოდა მათთან შეხვედრა. მიმაჩნია, რომ გერმანელებთან უშანსოდ ვიქნებოდით. დანარჩენი კლუბები თითქმის ერთ დონეზე არიან და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის შევხვდებოდით. ფავორიტი შვედური გუნდი იქნება, წლებია უმაღლეს დონეზე თამაშობენ. ვიცი, რომ შვედეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენ არასდროს გვითამაშია ორმატჩიანი დუელი, ჯერ ამის გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა კლუჟთან მოგებამ თვითრწმენა შეგვამატა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

🏆 ქსკ ლანჩხუთი ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში შვედურ ქსკ როსენგარდს დაუპირისპირდება!

Posted by ქსკ ლანჩხუთი • WFC Lanchkhuti on Tuesday, November 24, 2020

POPSPORT: გუნდში როგორი განწყობაა, ფეხბურთელები რას ფიქრობენ ახალ მეტოქეზე?

ჩხაიძე: გოგონებსაც ის სურდათ, რომ ვოლფსბურგთან არ გვეთამაშა. სამივე გუნდი ჩვენზე ძლიერი იყო. მათ იციან, რომ პატარა შანსიც უნდა გამოიყენონ. ყველა დიდი ინტერესით ველოდებით ამ მატჩს.

POPSPORT: სად ითამაშებს ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრას?

ჩხაიძე: სამწუხაროდ, ლანჩხუთში არ გვაქვს მოედანი, რომელიც უეფას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ორი ვარიანტია: მატჩი ან ლოკომოტივზე ჩატარდება, ან ბათუმში ახალ არენაზე, თუმცა ამაზე ზუსტ ინფორმაციას ვერ გეტყვით. ხელმძღვანელობა მუშაობს ამ საკითხზე.

POPSPORT: როგორც მწვრთნელს, რამდენად დაგეხმარათ ეს მატჩები გამოცდილების მიღებაში?

ჩხაიძე: ამ მატჩებმა დიდი გამოცდილება მომცა. ჩემს კარიერაში საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება არ მქონია. ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გასვლამ პოპულარობაც მომიტანა. მსურს, რომ კვალიფიკაცია ავიმაღლო. უფრო მეტი უნდა ვიმუშავო საკუთარ თავზე და ვფიქრობ, რომ ეს წარმატება ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება.

კომენტარები

ბოლო ამბები