Thumbnail

უეფამ 2020/21 წლების ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა ჩაატარა, სადაც ქართული საფეხბურთო კლუბის ლანჩხუთის მეტოქის ვინაობაც გაირკვა. გიორგი ჩხაიძის გუნდი შვედურ როსენგარდს დაუპირისპირდება და პირველ მატჩს შინ გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთელებს გარკვეულწილად გაუმართლათ და არ შეხვდათ ტურნირის შარშანდელი ფინალისტი - გერმანული ვოლფსბურგი. ამ ორი გუნდის გარდა, ქართული გუნდის სავარაუდო მეტოქეები ასევე იყვნენ ყაზახური კაზიგურტი და ნორვეგიული ლსკ კვინერი.

ეტაპი, რომლის მონაწილე 32 გუნდიდან 10 საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა (მათ შორის ლანჩხუთი), ორი მატჩისგან შედგება და შეხვედრები 8-9 და 15-16 დეკემბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთი პირველი ქართული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა. ჩხაიძის შეგირდებმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს - ჯერ ყაზახეთში ოკჟეტპესი დაამარცხეს (2:1), შემდეგ კი რუმინეთში კლუჟს სძლიეს (1:0) და იმ კლუბებს შორის მოხვდნენ, რომლებმაც ტურნირის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მოახერხეს.

ლანჩხუთმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა, COVID 19-ის პანდემიის გამო, ამ სეზონში შეცვლილი ფორმატით ტარდება. 2020/21 წლების ტურნირის გამარჯვებული მომავალი წლის 16 მაისს, შვედეთის ქალაქ გეტებორგში, "გამლა ულევიზე" დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება.

კომენტარები

ბოლო ამბები