Thumbnail

"შემოდგომის ერთა თასზე", სადაც ექვსი ერის ორგანიზაციამ ფიჯისა და საქართველოს ნაკრებები მიიწვია, მესამე თამაში გაუქმდა - კვლავ ფიჯის ნაკრების მონაწილეობით.

B ჯგუფში მყოფი ფიჯის ნაკრები 29 ნოემბერს შოტლანდიას უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ოკეანეთის გუნდში covid-19 მძვინვარებს და ეს მატჩიც ჩაიშალა. შეგახსენებთ, რომ ფიჯიმ ვერც პირველ ორ ტურში ითამაშა, რადგან საერთო ჯამში 29 მორაგბეს დაუდასტურდა კორონავირუსი. 

მართალია, საქართველოს ნაკრები A ჯგუფშია, მაგრამ ფიჯელთა გასაჭირი "ბორჯღალოსნებს" უშუალოდ ეხება - "შემოდგომის ერთა თასის" ფორმატით, დეკემბრის პირველ უქმეებზე ჯგუფების პირველადგილოსნები ერთმანეთში გაარკვევენ ტურნირის გამარჯვებულის ვინაობას, მეორეადგილოსნები მე-3 ადგილოსნისას და აშ. ფიჯი სამი მარცხით ბოლო, მე-4 ადგილზეა და A ჯგუფის ბოლოადგილოსანც უნდა შეხვდეს. მათთან დაპირისპირებას "ბორჯღალოსნები" მხოლოდ ერთი პირობით აიცილებენ, თუ 29 ნოემბერს დუბლინში ირლანდიას დაამარცხებენ. ამის ალბათობა კი ძალიან მცირეა. 

რა ელის ფიჯი-საქართველოს დაპირისპირებას? დიდი ალბათობით, ეს მატჩი აღარ ჩატარდება - ფიჯელთა უკანასკნელი იმედი დღევანდელი ტესტირებაა. სწორედ მის პასუხებზე იქნება დამოკიდებული, დართავენ თუ არა ფიჯის ტურნირზე ერთი მატჩის გამართვას მაინც. 

შეგახსენებთ, რომ ფიჯისა და საქართველოს ნაკრებებმა ბოლოს 2019 წლის 3 ოქტომბერს ითამაშეს იაპონიაში მსოფლიოს თასზე. საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით განადგურდა - 10:45. ერთადერთი ლელო მამუკა გორგოძის ანგარიშზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები