Thumbnail

პრემიერლიგას მაყურებლები უბრუნდებიან? ბრიტანელები კარანტინს ხსნიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქომაგების სტადიონზე გამოჩენას 2 დეკემბრიდან ელიან
  • ბოლოს მაყურებლები თამაშს მარტში დაესწრნენ

ინგლისის პრემიერლიგაში, შესაძლოა, 2 დეკემბრიდან სტადიონებზე მაყურებლების გარკვეული რაოდენობა დაუშვან. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს, საფუძვლად კი დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება მოჰყავს.

მის თანახმად, კორონავირუსთან დაკავშირებული სრული კარანტინის მოხსნა სწორედ 2 დეკემბერს იგეგმება და ამავდროულად, ქვეყანას 3 დონის რეგიონებად დაყოფენ. იმ ზონებში, სადაც ინფიცირების რისკი ყველაზე დაბალია, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებებზე 4 ათასამდე ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი, საშუალო რისკის ზონებში 2 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბება, მაღალი რისკის ზონებში კი, ქომაგების დასწრება კვლავაც აკრძალული იქნება.

პრემიერლიგის ხელმძღვანელობას აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, მოსალოდნელია, რომ რეგულაციების შემსუბუქება საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივართა შეშვებაზეც იმოქმედებს. ცნობისთვის, პრემიერლიგის თამაშს ბოლოს ქომაგები მიმდინარე წლის მარტში ესწრებოდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები