Thumbnail
  • 'თამაშის ხარისხით აშკარაა, რომ წინ მივდივართ'
  • საქართველოს ნაკრების მორაგბის ინტერვიუ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის გამოცდილი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, რომლისთვისაც უელსთან სტუმრად გამართული მატჩი სანაკრებო კარიერაში მე-60 იყო, “შემოდგომის ერთა თასის” გასული 2 ტურის შეხვედრებს გამოეხმაურა.

33 წლის ბრეგვაძემ საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება და თუ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები ხშირი იქნება, შორს არაა დრო, როდესაც საქართველო ტიერ 1-ის ქვეყნებთან გამარჯვებას იზეიმებს. 

“გნებავთ ანგარიშით და გნებავთ თამაშის ხარისხით აშკარაა, რომ წინ მივდივართ. შოტლანდიასთან, ინგლისთან და უელსთან მატჩებს ერთმანეთს თუ შევადარებთ, პროგრესი თვალსაჩინოა. ნაკლებ შეცდომებს ვუშვებთ და მეტად თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი დონის გუნდები ელემენტარულ შეცდომასაც სათავისოდ იყენებენ და ქულებს აგროვებენ, ჩვენ კი სწორედ ამ პატარა შეცდომების გამო ქულებს ვერ ვიღებთ. უელსთან დაფიქსირებული ანგარიში თამაშს არ შეესაბამება. ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით და მოედნიდან გამოსვლის შემდეგ ყველას გვქონდა შეგრძნება, რომ ამ შეხვედრის მოგება შეიძლებიდა. მაგრამ ეს გამოცდილებაა და თუ ხშირად გვექნება მსგავსი მაღალი დონის მატჩების ჩატარების შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, სულ მალე მსგავსი მატჩები ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“.

აღსანიშნავია, რომ უელსთან მატჩში შერკინებაში დანიშნულ ჯარიმებს ბრეგვაძე უსამართლოდ მიიჩნევს:

“გნებავთ ინგლისთან და გნებავთ უელსთან, შერკინებაში სხვა სურათი უნდა ყოფილიყო. მეტოქის სამი ნომერი წნეხს როგორც კი იგრძნობდა, ეგრევე დაბლა მიდიოდა. ასეთი რამ არა მხოლოდ ჩვენს თამაშებში, ზოგადად ხშირად ხდება და ჩემი აზრით, შერკინებებში სიტუაცია აუცილებლად დასარეგულირებელია. იგივე ხდებოდა ინგლისთან მატჩში. სინკლერს შერკინებაში დგომა და ენერგიის დახარჯვა არ უნდოდა და ამისთვის არ ისჯებოდა“.

ჯაბა ბრეგვაძემ უელსში მე-60 კეპი მოიხვეჭა

29 ნოემბერს საქართველო “შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დუბლინში ირლანდიას ეთამაშება.

“ირლანდია უელსზე ძლიერი და ინგლისზე სუსტია. ამ ტურნირზე ყველა გუნდი ვარსკვლავებითაა სავსე და უმაღლესი დონის რაგბს თამაშობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ და როგორც უელსთან ვითამაშეთ ინგლისზე უკეთესი ხარისხის რაგბი, ასევე გვქონდეს უკეთესობა ამ შემთხვევაშიც. შერკინება ჩვენი ძლიერი მხარეა და ასეთად უნდა დავტოვოთ. მნიშვნელოვანია, რომ 80 წუთის განმავლობაში, შეტევასა თუ დაცვაში სისტემიდან არ ამოვარდეთ და შეცდომები აღარ დავუშვათ. რაგბი პატარ-პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებისგან შედგება და თუ ამ დეტალებს კარგად ვერ ასრულებ, ასეთ დონეზე წარმატებული თამაში აღარ გამოგდის“.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” ექსპერიმენტული ტურნირის პირველ ტურში ინგლისში 0:40 წააგეს, რასაც უელსთან მარცხი (0:18) მოჰყვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, დუბლინში, ქართველი მორაგბეების მეტოქე ირლანდია იქნება, რომელთანაც ჩვენს ნაკრებს უკვე 4-ჯერ უთამაშია. 

1998 და 2002 წლებში საქართველო “სამყურებს” მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპებზე გაეჯიბრა და მეტოქემ ორივეჯერ დიდი სხვაობით მოიგო – 70:0 და 63:14. 2007 წლის მსოფლიო თასზე, “ბორჯღალოსნებმა” ტიერ 1-ის გუნდებთან ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარეს და მხოლოდ 10:14 დამარცხდნენ. ბოლოს ირლანდიას 2014 წელს, ტესტ-მატჩში ასევე დუბლინში ვეთამაშეთ და მასპინძლებმა 49:7 მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები