Thumbnail

NBA-ში ტრეიდების პერიოდია და ყოველდღიურად რამდენიმე ახალი გაცვლის შესახებ ხდება ცნობილი. გუნდები ახალი სეზონისთვის კომპლექტდებიან. მათ შორის რამდენიმე ისეთი გაცვლაა, რომლებმაც მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე გავლენა შეიძლება იქონიოს.

რონდო ჩემპიონს ტოვებს

რაჟონ რონდოს ლეიკერსის შარშანდელ ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. ის კალიფორნიელებს მხოლოდ მინიმალურ ხელფასზე დათანხმდა, სანცვლოდ ლებრონის და დევისის გუნდში საჩემპიონო შანსი მიიღო. რონდო ლეიკერსის სათადარიგო ხუთეულის ლიდერი იყო და ლებრონის არყოფნაში თამაშს და ბურთის გათამაშებას ხელმძღვანელობდა.

მიზნის მიღწევის, ანუ ჩემპიონობის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ რონდო ლეიკერსის მინიმალურ ხელფასს აღარ დათანხმდებოდა. მით უმეტეს, რომ კალიფორნიელებმა სათადარიგო გამთამაშებლად დენის შრიოდერი მიიყვანეს. რონდომ კი ახალი გუნდი მალევე იპოვა. ატლანტა ჰოუქსმა მას ორწლიანი და 15-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა და რონდოც ჯორჯიაში ითამაშებს. ატლანტა აუტსაიდერია და რონდოს კლასის მოთამაშისთვის ფულის გადახდის პრობლემა არ აქვს.

ლეიკერსი კონკურენტების ხარჯზე ძლიერდება

გასული დღეების მთავარი ამბავი კლიპერსის მონტრეზ ჰარელის კონკურენტ ლეიკერსში გადასვლა იყო. იგი გასული წლის საუკეთესო მეექვსე მოთამაშე იყო. ჰარელი, რომელიც თამაშში 18.6 ქულას აკეთებდა, ხელფასის სახით მხოლოდ 6 მილიონს იღებდა. კლიპერსთან მას კონტრაქტი უმთავრდება. მოსალოდნელი იყო, რომ თუკი კლიპერსი ხელფასის მომატებაზე თანახმა არ იქნებოდა, ჰარელი რომელიმე სხვა გუნდში დიდ ხელფასს მიიღებდა.

მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. ჰარელი წავიდა, თუმცა კონკურენტ ლეიკერსში და თანაც ისე წავიდა, რომ მაქსიმალურად დიდი კონტრაქტი არ მიუღია - ლეიკერსი მას ორწლიან და 19-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰარელი საჩემპიონო შანსისთვის მზად არის, კიდევ ორი წელი ხელფასის დაკლებას დათანხმდეს, თუმცა სჯერა, რომ ეს შანსი მას ლეიკერსთან ერთად უფრო მეტი აქვს, ვიდრე კლიპერსთან. 'რაა?!' - ასეთი იყო კლიპერსის პატრიკ ბევერლის გაოცებული თუ აღშფოთებული რეაქცია. ჰარელის გადასვლა იმას ნიშნავს, რომ ლეიკერსი შემდეგ სეზონში კიდევ უფრო ძლიერი იქნება, თანაც ეს მთავარი კონკურენტის ხარჯზე მოახერხა.

ჩემპიონი დინასტიას ქმნის

ლეიკერსი მხოლოდ ჰარელით და შრიოდერით არ გაძლიერებულა. მათ ვეტერანები მარკ გასოლი და ვესლი მეტიუზიც დაიმატეს. გასოლი გუნდს ჰოვარდის პოზიციაზე სჭირდება. ესპანელი კარგი მცველია და ფარქვეშ სიმაღლეს და გაბარიტებს აძლევს გუნდს. ის, ჰარელი და ენტონი დევისი სამწამიანში მნიშვნელოვანი ძალაა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ვესლი მეტიუზის ტრეიდი, რომელიც კალიფორნიაში ერთი წლით ჩადის. ის დენი გრინის როლს მოირგებს, თუმცა უკეთესი მოთამაშეა. მას დაცვა და სამქულიანები ერთნაირად კარგად ეხერხება.

მეტიუზი უკვე ვეტერანია, თუმცა პერიმეტრიდან ისევ კარგად ისვრის - 36.4 ზუსტი სროლების პროცენტი გასულ სეზონში. ამავე დროს, ის ძალიან კარგი მცველია. წინა წელს მთელს ლიგაში ის მესამე ადგილზე იყო იმ მცველებს შორის, რომელთაც დაცვაში მოწინააღმდეგის შეტევის პირველ ან მეორე ოპციაზე (ანუ მთავარ ვარსკვლავებზე) ყველა მეტი დრო გაატარეს. ანუ, ლეიკერსი პერიმეტრზე კარგ მსროლელს და კიდევ უფრო უკეთეს მცველს იმატებს.

ჰეივორდი საჩემპიონო ამბიციაზე უარს ამბობს

სულ რამდენიმე წლის წინ ბევრს ეგონა, რომ გორდინ ჰეივორდი ის მოთამაშე იყო, რომელსაც ბოსტონში ჩემპიონობა უნდა დაებრუნებინა. თუმცა, ძალიან მძიმე ტრავმამ მას ჯერ მთელი სეზონი ჩაუგდო, ტრავმის შემდეგ კი ძველებურად ვეღარ თამაშობდა. ამ სეზონის წინ მას 'სელტიკსთან' კონტრაქტი დაუმთავრდა. ბევრი ელოდებოდა, რომ ჰეივორდი ბოსტონში დარჩებოდა. ამის ნაცვლად, მან უფრო დიდ ფულზე აუტსაიდერში თამაში არჩია. შარლოტი 4 წელიწადში მას 120 მილიონს გადაუხდის. ასეთი ხელფასი მას ბოსტონში არ ექნებოდა, სამაგიეროდ, ახლა სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლის შესაძლებლობაც არ აქვს.

ბოსტონისთვის ცუდი ის არის, რომ ბოლო 2 წელიწადში გუნდზე ორმა ისეთმა მოთამაშემ თქვა უარი, რომელიც სელტიკსის ხელმძღვანელობას, გუნდის ძირითად ბირთვად მიაჩნდა. ჰეივორდამდე, შარშან წასვლა კაირი ირვინგმაც გადაწყვიტა.

ბრედლი მაიამის გააძლიერებს

ევერი ბრედლი ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მცველია. ლეიკერსის ჩემპიონობა მის გარეშე მოხდა. ბრედლიმ კორონავირუსის გამო 'ბაბლში' თამაშზე უარი თქვა. მისი კონტრაქტი დასრულდა და ბრედლიმ ლეიკერსთან გახანგრძლივებას მაიამიში წასვლა არჩია.

მაიამის იმ ტიპის გუნდი ყავს, რომელსაც ბრედლის სტილის და ხასიათის მქონე მოთამაშეები განსაკუთრებით სჭირდება. შრომისმოყვარე და ხისტი მცველი დისციპლინით განთქმულ 'ჰიტს' ძალიან დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები