Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო
  • ეროვნული გუნდი ფინალში მარცხის შემდეგ უმწვრთნელოდაა
  • როგორი უნდა იყოს ნაკრების ახალი დამრიგებელი?
  • ამ და სხვა კითხვებზე პოპსპორტს ბიძინა ბარათაშვილმა უპასუხა

საქართველოს ნაკრებში მორიგი მწვრთნელის მუშაობა, ამჯერად 5-წლიანი პერიოდი დასრულდა. ვლადიმირ ვაისმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია და ეროვნულ გუნდს დაემშვიდობა. სლოვაკი სპეციალისტის მუშაობის, ზოგადად ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებისა და ეროვნული გუნდის პრობლემების შესახებ პოპსპორტი Silk TV-ის გენერალური პროდიუსერის, ბიძინა ბარათაშვილის აზრით დაინტერესდა.

POPSPORT: საქართველოს ნაკრებში მორიგმა მწვრთნელმა კარიერა არადამაკმაყოფილებელი შედეგით დაასრულა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნულმა გუნდმა მორიგი სპეციალისტი შეიწირა?

ბიძინა ბარათაშვილი: არც უმაგისობაა. საქართველოს ნაკრები ძალიან სპეციფიკური გუნდია და აქ პირველ რიგში მოთამაშეების მენტალობას და ფსიქოლოგიურ მდგრადობას ვგულისხმობ. ეროვნულ გუნდში მუშაობდნენ ისეთი სახელოვანი და ავტორიტეტული სპეციალისტები, როგორებიც კლაუს ტოპმიოლერი და ექტორ რაულ კუპერი იყვნენ. დადებით შედეგს ვერც მათ მიაღწიეს. საკითხი კომპლექსურია. ჩვენი ეროვნული გუნდი ზოგჯერ ჭირვეულ ბავშვს მაგონებს, რომელსაც მისთვის სასურველი სათამაშო თუ არ მიეცი, ეგრევე ტირილს იწყებს. მას უნდა, რომ ისე ითამაშოს, როგორც თვითონ სურს. ფედერაციის პასუხისმგებლობაც სწორედ ესაა. ქართული ფეხბურთის სათავეში მყოფმა ადამიანებმა ეს თავისებურება აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ზოგადად, სამხრეთელი ხალხისთვის, რომლებიც ჩრდილოელებისგან ძალიან განსხვავდებიან, რამდენიმე საკითხია პრობლემატური. მოტივაციის ასამაღლებლად მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ, სამხრეთელები ემოციურები არიან და წარუმატებლობამ მათზე, შესაძლოა, დამღუპველი გავლენა მოახდინოს. მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, ეროვნულ გუნდში თუ გვეყოლებოდა ფსიქოლოგი, ე.წ. „მენტალური ქოუჩი“, მაგრამ ამისთვის ყველა მზად უნდა იყოს. საჭიროა, რომ მოთამაშეებს მწვრთნელმა აუხსნას - აქ არ არის საუბარი ვიღაც ფსიქოლოგთან კაბინეტში სიარულზე. საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანი იქნება „სტაფის“ სრულფასოვანი წევრი. ეს არაა ამა თუ იმ მწვრთნელის შეურაცხყოფა, პირიქით, ეს მათი იმ მიმართულებით დახმარებაა, რომელშიც ჩვენ ძალიან გვიჭირს.

'ნაკრები ჭირვეულ ბავშვს მაგონებს. სასურველი სათამაშო თუ არ მიეცი, ტირილს იწყებს. მას უნდა, ისე ითამაშოს, როგორც თვითონ სურს'

არ ვამბობ, რომ ვლადიმირ ვაისი რანგით ლუის სესარ მენოტის დონის სპეციალისტია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან მწვავედ განიცდის მაღალი დონის ფეხბურთელების დეფიციტს. გუნდი აწყობილია ორ ახალგაზრდა მოთამაშეზე. როდესაც თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში თამაში დაიწყეს, მარადონაც და პელეც ახალგაზრდები იყვნენ, გუნდში მისულებს დახვდათ გამოცდილი მოთამაშეების მთელი ჯგუფი, რომელთაგანაც მათ სწავლა დაიწყეს. არაა საუბარი იმაზე, რომ მარადონამ რომელიმე საფეხბურთო ილეთი ვინმესგან ისწავლა, იგი პირიქით ნებისმიერ ასწავლიდა, მაგრამ გამოცდილი მოთამაშეებისგან მან ისწავლა ლიდერობა, ისწავლა ის, თუ როგორ უნდა გადაიტანოს მარცხი და არ გატყდეს ფსიქოლოგიურად, როდესაც მეტოქე არასაფეხბურთო კანონებით თამაშობს. რა ხდება ჩვენთან - საქართველოს ნაკრებმა ვერ გამოიყენა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი და გუნდი ფსიქოლოგიურად დაინგრა. თან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსსაც ხომ გააჩნია. საქმე გვქონდა ტურნირთან, რომელიც უეფამ ჩვენი მსგავსი გუნდებისთვის მოიგონა. D ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, დიდ საფეხბურთო ფორუმზე ფაქტობრივად უკანა შესასვლელიდან შესვლის ტოლფასი იყო. ვერ მოვიგეთ გადამწყვეტი მატჩი და ამან გუნდს იმხელა დარტყმა მიაყენა,  რომ ვეღარც B ლიგაში აღზევება მოახერხა. 

POPSPORT: საინტერესო მომენტს შევეხეთ. ეროვნული გუნდის ლიდერები არიან 21 და 19 წლის ფეხბურთელები. არადა, მსოფლიოში აპრობირებულია ასაკობრივი ნაკრებების სისტემა და ჩაკვეტაძე-კვარაცხელიას დუეტს ჯერ კიდევ სწორედ ასაკობრივ ნაკრებებში უწევთ თამაში. რამდენად ნორმალურია ეს?

ბარათაშვილი: გაგრძელება გამომდის იმ საკითხის, რომელზეც ვლაპარაკობდი. ახალგაზრდა მოთამაშეებს გუნდში უნდა დახვდნენ ფეხბურთელები, რომლებიც მათთვის იქნებიან მასწავლებლების როლში. იგივე ბრძოლისუნარიანობის თვალსაზრისით, ვისგან შეიძლება ჩვენს ნაკრებში, რომ ახალგაზრდა ტალანტმა რამე ისწავლოს. უკეთეს შემთხვევაში კანკავასგან, მაგრამ ეს სამწუხაროდ ერთეული შემთხვევაა.

POPSPORT: იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს გუნდში ევროპული მენტალობის, მაღალი დონის ფეხბურთელების მწვავე დეფიციტია, გააქტიურებულია საუბრები იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს მუშაობა ქართული წარმომავლობის იმ მოთამაშეებისთვის ნაკრებში მოწვევაზე, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა ქვეყნებში, ოღონდ არ არიან საქართველოს მოქალაქეები. რა შეუძლია ქვეყანას, რომ ამ მოთამაშეებს შესთავაზოს?

ბარათაშვილი: რას მოგვიტანდა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაში? ყველა იმ სიკეთესთან ერთად, რომელიც უკვე ვიცით, მოგვიტანდა ბიძგს, რომელიც ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების სისწრაფეს გაზრდიდა. ეს ამბავი ხსენებული ყაიდის მოთამაშეებთან საუბრის საწყისი პოზიციების გამყარებასაც გულისხმობს. ქართველებს ხომ განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. ავიღოთ ლუკა რომეროს მაგალითი. ეს 16 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მალიორკაში თამაშობს. იგი საერთოდ არც არის არგენტინაში დაბადებული. დუხჭირი ცხოვრების გამო, მისი მშობლები მექსიკაში გადაბარგდნენ და რომეროც მექსიკაში დაიბადა, შემდეგ ოჯახი მალიორკაში გადასახლდა, სადაც ამ ნიჭიერმა ბავშვმა ფეხბურთის თამაში დაიწყო და კლუბში ჩაირიცხა. ძალიან დიდი ხანია, მას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები უტრიალებენ. ცდილობენ, ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაშზე დაითანხმონ, მაგრამ რომერო უარს ამბობს. მას სურს, არგენტინის ნაკრებში თამაში. ამ მიდგომით ქართველები არგენტინელებისგან განსხვავდებიან. შვეიცარიას აქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები თავისი ქვეყნის კეთილდღეობით მოხიბლოს, ჩვენ სადღეგრძელოებით ხომ არ მოვხიბლავთ?

წაიკითხევაისის 5 წელიწადი - რა ვერ გააკეთა და რა უნდა მოხდეს ახლა

თუ ამ საკითხის გადაჭრა გვინდა, სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ. როდესაც წარმოშობით ქართველს სხვა უფრო წარმატებული ქვეყნის ნაკრებში თამაშის იმედი გადაეწურება, სწორედ ამ მომენტშია საჭირო მასთან არგუმენტირებული საუბრის წამოწყება. ამ საუბარში კი კარგი იქნებოდა, თუ კოზირად ხელში ევროპის ჩემპიონატზე ყოფნის, იგივე B ლიგაში თამაშის გამოცდილება გვეჭირებოდა. სხვაგვარად არ გამოვა. მოთამაშესთან თუ მიხვალ და ეტყვი, რომ მას D ლიგაში სათამაშოდ ეპატიჟები, ის აუცილებლად უარით გამოგისტუმრებს. ყველა ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურია და თუ მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდა, ამაში მომლაპარაკებლის, ანუ ფედერაციის დანაშაული არ იქნება. პარალელურად, აუცილებელია იმ მუშაობის გაგრძელება, რომელიც საქართველოში აკადემიების დონეზე მიმდინარეობს. ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ძალიან კარგია რომ სფფ-მ აკადემიები რეგიონებში გახსნა. ეს საშუალებას იძლევა, რომ ნიჭიერ ბავშვებს მაქსიმალური ყურადღება მიექცეს.

POPSPORT: რამდენად გამართლებულად შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფოს მხრიდან ქართული ფეხბურთის დაფინანსების პროექტი?

ბარათაშვილი: ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მგონია, რომ დაფინანსება აუცილებელია, მაგრამ საჭიროა, რომ პრიორიტეტები სწორად იყოს განსაზღვრული. ვინმემ რომ კრიკეტის დაფინანსება გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმები, მაგრამ ფეხბურთი ჩვენი იდენტობის გამოხატულებაა. ერთადერთი, რაც საშინელ 90-ებში გვაცხოვრებდა, არველაძეების, ქინქლაძის, ქეცბაიას ფორმაციის ნაკრების მატჩები იყო, როდესაც ისინი მთელ რიგ შემთხვევებში აღიარებულ ფავორიტებს ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ და ზოგჯერ უგებდნენ კიდეც. სხვა საკითხია, რამდენად სწორად იხარჯება ეს თანხა. უნდა არსებობდეს კონცეფცია, რომლის განხორციელებასაც ეს თანხა მოხმარდება. თუ არ იარსებებს სისტემა, მაშინ ნებისმიერ დარგში და მით უმეტეს ფეხბურთში, რომელიც სრულ კომერციალიზაციაზეა გადასული, რა რაოდენობის ფულიც არ უნდა ჩაასხა, აზრი არ აქვს. თუ იარსებებს განვითარების პროგრამა, მაშინ მის ცხოვრებაში გასატარებლად შესაძლოა უფრო დიდი თანხაც გახდეს საჭირო, რომლის დახარჯვასაც პირადად მე მივესალმები.

POPSPORT: ეროვნული გუნდი უმწვრთნელოდაა. ვინ შეიძლება ჩაიბაროს საქართველოს ნაკრები?

ბარათაშვილი: მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მას მომენტალური შედეგი არ ექნება. მაღალი დონის სპეციალისტის დათანხმება რთული იქნება. რა უნდა შევთავაზოთ? გუნდი ვერ გადავიდა B ლიგაში, წინ აქვს ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლი... ჩემი აზრით, თუ უცხოელ სპეციალისტზე იქნება საუბარი, იგი უნდა იყოს მაგალითად ლარს ლაგერბაკის ან ხოაკინ კაპაროსის სტილის, ანუ უნდა ვეძებოთ იმ მწვრთნელებში, რომლებსაც კრიზისში ჩავარდნილი გუნდებთან წარმატებულად მუშაობის გამოცდილება აქვთ. ლაგერბაკი, სანამ შვედეთის ნაკრებს ჩაიბარებდა, სრულიად უცნობი მწვრთნელი იყო. საქართველოში ისეთი სპეციალისტი რომ ჩამოიყვანო, რომელსაც მიღწევები არ აქვს, შესაძლოა აეროპორტში ხალხმა დემონსტრაცია მოაწყოს და ეს ადამიანი იმავე თვითმფრინავში შებრუნდეს, რომლითაც თბილისში ჩამოფრინდა. ჩემი გადმოსახედიდან იდეალური იქნებოდა ქართველი მწვრთნელი, რომელიც ე.წ. გარდამავალი პერიოდის მწვრთნელი იქნებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგების შემთხვევაში იგი თანამდებობაზე დარჩება. მაგალითისთვის ისევ არგენტინულ მაგალითს მოვიშველიებ. სკალონის ყველა სკეპტიკურად უყურებდა, ყველა მიიჩნევდა, რომ დროებითი თავკაცი იყო, მაგრამ მასთან ერთად ‘ალბისლესტე’ პროგრესს განიცდის და მას გუნდი დღემდე აბარია.

'ქართველი მწვრთნელებიდან შოთამ უარი თქვა, ცხადაძე განაწყენებულია, რჩება ჭიაბრიშვილის და გეგუჩაძის ვარიანტები'

რამდენიმე ქართველ მწვრთნელთან ამ ფორმაციის ფედერაციას პრობლემა აქვს. შოთა არველაძემ ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობაზე ბევრი მიზეზის გამო უარი თქვა, უფრო მეტიც, ეს უარი მან იუმორში გაატარა. მისი პოზიცია სრულიად გასაგებია. ასევე განაწყენებულია კახა ცხადაძეც, რომელსაც მე პირადად დიდ პატივს ვცემ. ცხადაძის ფორმაციის ნაკრები ჩემს გემოვნებასთან მიახლოებულ ფეხბურთს თამაშობდა. რჩება გიორგი ჭიაბრიშვილის და გია გეგუჩაძის ვარიანტები. ვითარება რთულია, დრო კი არც თუ ისე ბევრი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან წაგების შემდეგ ერთა ლიგის ორი შეხვედრა გამართა. ამ ორ თამაშში აღებულმა ერთმა ქულამ გუნდი C ლიგაში დატოვა. მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ციკლი მარტში დაიწყება, რომლის წილისყრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მეოთხე კალათიდან მიიღებს. წილისყრა 7 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები