Thumbnail
  • ლეიკერსმა მარკ გასოლი ორწლიან კონტრაქტზე დაითანხმა
  • ესპანელი ლოს ანჯელესში მეორე ჩემპიონობის მოპოვებას ეცდება

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სასურველი ვარსკვლავი მიიღო და ცენტრის პოზიციაზე გაძლიერდა: მარკ გასოლმა ლებრონ ჯეიმსის გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

35 წლის გასოლი ბაზარზე დარჩენილთაგან ყველაზე მოთხოვნადი კალათბურთელი იყო. ტორონტო რეპტორსს მისი შენარჩუნება სურდა. მარკს ასევე იწვევდა დალას მავერიკსიც, მაგრამ მან უპირატესობა ლეიკერსს მიანიჭა, სადაც ESPN-ის ინფორმაციით მომავალ სეზონში 2,56 მილიონ დოლარს გადაუხდიან.

მანამდე, ლოსანჯელესელები იძულებულები იყვნენ, ადგილი გამოეთავისუფლებინათ, რადგან, რაკი ორწლიანზე შეთანხმდნენ, გასოლის კონტრაქტი არ არის ჩვეულებრივი მინიმალური ხელშეკრულება. სწორედ ამიტომ, ჯავეილ მაკგი და დრაფტის მეორე რაუნდის პიკი ჯორდან ბელისა და ალფონსო მაკინის სანაცვლოდ კლივლენდ კავალიერსისკენ გაუშვეს. მაკინის ლეიკერსში კონტრაქტი გარანტირებული აქვს, ბელს კი მაშინვე დათმობენ.

გასოლთან და მაკინისთან ერთად ლეიკერსის განაცხადში 10 მოთამაშეა. როგორც კი ენტონი დევისი თავის კონტრაქტს გააგრძელებს, 11 მოთამაშე იქნება. გამოდის, რომ მინიმალური კონტრაქტებისთვის 3 კალათბურთელის ადგილი დარჩება.

გასოლი წინა სეზონში: საშუალოდ 7,5 ქულა, 6,3 მოხსნა, 3,3 პასი

გასოლის მისვლით ლეიკერსში შეივსო ის სიცარიელე, რაც დუაიტ ჰოვარდისა (ფილადელფიაში გადავიდა) და ახლა უკვე მაკგის წასვლითაც წარმოიქმნა. ესპანელი დენის შრიოდერის, მონტრეზლ ჰარელისა და უესლი მეთიუზის შემდეგ ლეიკერსის მეოთხე ვარსკვლავური ახალწვეულია.

აღსანიშნავია, რომ მარკ გასოლისთვის გარკვეული წრე შეიკრა - გეხსომებათ, 2007 წელს იგი სწორედ ლეიკერსმა აიყვანა დრაფტზე. თუმცა ესპანელს ლეიკერსისთვის ჯერ არასდროს უთამაშია. ლოს ანჯელესში მას თავისი მეორე ჩემპიონობის მოპოვების იმედი აქვს - პირველი, 2019 წეკს ტორონტოსთან ერთად იზეიმა.

წინა სეზონში გასოლი რეპტორსში საშუალოდ 7,5 ქულას, 6,3 მოხსნასა და 3,3 პასს აგროვებდა. იგი განსაკუთრებით დაცვაში იყო მნიშვნელოვანი მოთამაშე.

კომენტარები

ბოლო ამბები