Thumbnail
  • ქართველი ცენტრის გუნდმა ევროლიგის მონაწილე ვალენსიას სძლია
  • გიორგი შერმადინი ამჯერადაც საუკეთესოთა შორის იყო

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში წარმატებულ თამაშს განაგრძობს, ქართველი ცენტრი კი ისევ შედეგიანად ირჯება.

მე-12 ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში ტენერიფელები ევროლიგის მონაწილე ვალენსიას ესტუმრნენ და 95:89 დაამარცხეს. გადამწყვეტი დასკვნითი მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა ჩინებულად ჩაატარეს და 35:21 მოიგეს.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 26:01 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 12-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

იბეროსტარ ტენერიფეს რიგებში ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი უკანახაზელი მარსელინიო უერტასი იყო 22 ქულით, კანადელმა აარონ დორნეკამპმა 17 ქულა ჩააგდო, ურუგვაელმა ბრუნო ფიტიპალდომ კი – 16.

შერმადინის გუნდმა 11 მატჩში 10 მოგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილში რეალთან ერთად პირველ-მეორე პოზიციებს ინაწილებს, თუმცა, მადრიდელებს თამაში მარაგში აქვთ. იბეროსტარ ტენერიფე ესპანეთის ლიგა ენდესაში მორიგ შეხვედრას 5 დეკემბერს, შინ, ობრადოიროსთან ჩაატარებს, მანამდე კი, შერმადინს საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩები ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები