Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) ტრიუმფალურად მოგებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. გრიგალაშვილი ტურნირის ვირტუალურ მიქსზონაში ევროპის ძიუდოს კავშირის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილთა ერთად წარსდგა. 

“რა თქმა უნდა, ყველა შეჯიბრზე საჩემპიონოდ მივდივარ და ამჯერადაც ამისთვის ვიყავი განწყობილი. მიხარია, რომ ეს შევძელი და გავიმარჯვე. ყველაზე მეტად მაინც ლუკა მაისურაძესთან გამიჭირდა. ქართველი ქართველს რომ ხვდება, დაძაბული ორთაბრძოლა გამოდის. მას უკვე ვიყავი შეხვედრილი და ერთმანეთის შესაძლებლობები კარგად ვიცოდით. ფინალში უფრო დაძაბულ ბრძოლას ველოდი, თუმცა, ისე გამოვიდა, რომ მალე მოვიგე. ბელგიელ კასესთანაც ყველაფერი კარგად წარიმართა. დღეს 1 ოქრო კიდევ უნდა აგვეღო და დასანანია, რომ ლაშა შავდათუაშვილი დამარცხდა, თუმცა, არა უშავს, ხვალ გამოასწორებენ ბიჭები და სამ ოქროს შეუტევენ".

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში ბულგარელი ივაილო ივანოვი 45 წამში ვაზარიზე 2-ჯერ დასცა, რაც ავტომატურად იპონში გადაიზარდა. გრიგალაშვილმა ტურნირი იტალიელ კრისტიან პარლატისთან ვაზარით მოგებით დაიწყო, რასაც ბერძენ ტეოდოროს დემურციდისთან იპონი მოჰყვა, შემდეგ იყო თანამემამულე ლუკა მაისურაძესთან გამარჯვება, ნახევარფინალში კი ტატომ ევროპის 2019 წლის ჩემპიონს, ბელგიელ მატიას კასეს აჯობა, ასე რომ, გრიგალაშვილმა ტურნირი ტრიუმფალურად მოიგო.

📺 ტატო გრიგალაშვილი V ივაილო ივანოვი

კომენტარები

ბოლო ამბები