Thumbnail
  • თად მაკფადენი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელია
  • მისმა წარმატებულმა გარჯამ სან პაბლო ბურგოსს იტალიურ ბრინდისისთან მოაგებინა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უკანახაზელმა თად მაკფადენმა, რომელიც დიდი ალბათობით, მომავალი სანაკრებო ფანჯრის დროსაც ილიას ზუროსის განკარგულებაში იქნება, ჩემპიონთა ლიგაში დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. მაკფადენის სან პაბლო ბურგოსი იტალიურ ბრინდისის დაუხვდა და 93:71 იმარჯვა, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელი კი მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

📺 მაკფადენი ბრინდისისთან მატჩში

თადი ბურგოსელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:11 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მაკფადენმა 5-დან 3 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა მეტოქეზე 16 ქულით მეტი მიითვალეს, ქართველი ამერიკელის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა.

ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში სან პაბლო ბურგოსს თითო მოგება-წაგება აქვს, ისევე, როგორც დანარჩენ სამ გუნდს – ხსენებულ ბრინდისის, ბელგიურ ოსტენდესა და თურქულ დარუშაფაკას. ესპანური კლუბი მომდევნო მატჩს 9 დეკემბერს, კვლავ შინ, სტამბოლელებთან ჩაატარებს.

ჯეიკობ პულენი იტალიურ ბრეშასთან მატჩში

სხვათა შორის, შედეგიანი თამაში ჰქონდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ნატურალიზებულ კალათბურთელ ჯეიკობ პულენს, რომელიც ამჟამად მონტენეგროს წარმომადგენელ მორნარ ბარის ღირსებას იცავს. პულენის კლუბი ევროთასის ეგიდით იტალიურ ბრეშასთან სტუმრად 75:77 დამარცხდა, ჯეიკობმა კი 20 ქულა ჩააგდო.

ამავე ტურნირზე ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ხორვატულ სლოვენიურ ცედევიტას 90:82 სძლია, თუმცა, ქართველი ფორვარდი გამორჩეული არ ყოფილა. ბურჯანაძემ მოედანზე 15:15 წუთი გაატარა და 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. გრან კანარია 6 მოგებითა და 2 მარცხით ჯგუფში მე-2 ადგილზეა და შემდეგ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს, მომდევნო მატჩს კი 9 დეკემბერს თურქულ ბურსასპორთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მალევე ელის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩები, რომელიც ილიას ზუროსის გუნდისთვის ფორმალობაა, რადგანაც მომავალი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ევროპირველობაზე თამაში განაღდებული აქვთ. ქართველ კალათბურთელებს 2 მოგება აქვთ და შესარჩევ E ჯგუფს ლიდერობენ, 28 და 30 ნოემბერს კი, ფინურ ესპოოში, შესაბამისად, მასპინძლებსა და შვეიცარიას ეთამაშებიან. მოსალოდნელია, რომ ზუროსი სანაკრებო შემადგენლობას უახლოეს პერიოდში დაასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები