Thumbnail

საქართველოს ნაკრები ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ერთა ლიგის B დივიზიონშიც ვერ დაწინაურდა. სამ საშინაო თამაშში 2 წაგება და 1 ფრე, ერთადერთი გოლი, ისიც პენალტით. ესტონეთთან ფრის (0:0) შემდეგ გურამ კაშიამ და საბა ლობჟანიძემ კომენტარი გააკეთეს. მათ, როგორც გუშინდელი თამაში, ისე ზოგადად ბოლო სამი დაპირისპირება შეაფასეს.

გურამ კაშია: "საბოლოო ჯამში ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა და რისთვისაც ორი წელი ვიბრძოლეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავედით. გულდაწყვეტილები ვართ ფეხბურთელები, იმედგაცრუებულები. მაქსიმუმი გავაკეთეთ მაგრამ არ იყო საკმარისი. პირველი თამაშის შემდეგ, ალბათ რთული იყო ფსიქოლოგიურად შემდეგი თამაშისთვის მომზადება. იმიტომ, რომ დიდი თამაში იყო თითოეული ფეხბურთელისთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვირთულა შემდეგ შეხვედრებზე თამაში. ესტონეთთან მატჩში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ, სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ საერთო ჯამში უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა. უნდა მოგვეგო აუცილებლად, მაგრამ არ გამოგვივიდა".

სატურნირო ცხრილის საბოლოო სახე

საბა ლობჟანიძე: "მოგება ძალიან გვინდოდა, მაგრამ არ წავიდა ისე თამაში, როგორც ჩვენი სურვილი იყო. ნაწყენი ვარ, რომ ვერ ვითამაშე ისე, როგორც მინდოდა. ემოციები, რომელიც წინა თამაშებიდან გვქონდა, ალბათ ვერ გადავლახეთ. მარტისთვის უნდა მოვემზადოთ და დავიწყოთ ახალი ეტაპი, ახალი იმედით".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ესტონეთთან მატჩი 2020 წელს ბოლო იყო. ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაატარებენ, თუმცა მეტოქეები ჯერჯერობით უცნობია, ჯგუფური ეტაპის წილისყრა 7 დეკემბერსაა დაგეგმილი.

📺 საქართველო v ესტონეთი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები