Thumbnail
  • უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • ანდრეი შევჩენკოს გუნდი კარანტინში ყოფნას აპროტესტებს

შვეიცარიისა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის ირგვლივ, რომელიც უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის ეგიდით ჯერ კიდევ გუშინ უნდა ჩატარებულიყო, კვლავაც გაურკვეველი ვითარებაა შექმნილი.

ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, თამაშის ჩატარებაზე თანახმაა როგორც ორივე ნაკრები, ასევე – უეფა, თუმცა, ნებართვას არ იძლევა ლუცერნის კანტონის ხელმძღვანელობა. შეგახსენებთ, რომ პრობლემატური სიტუაცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც სტუმართა რიგებში კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, შვეიცარიის ხელისუფლების პროტოკოლით, ანდრეი შევჩენკოს გუნდი სავალდებულო კარანტინში გადავიდა, თუმცა, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აზრით, ეს მატჩის ჩაშლის საფუძველი არ უნდა გახდეს.

“დაგეგმილ თამაშთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. უკრაინის ეროვნული ნაკრები მზადა თამაშზე იმ შემადგენლობით გავიდეს, რომელიც ახლა შვეიცარიაში იმყოფება. ყველაფერს ვიღონებთ, რათა მატჩი 18 ნოემბერს ჩატარდეს. ამ დროინდელი მონაცემებით, ჩვენ 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი (მათ შორის, 1 მეკარე) გვყავს, ეს კი, უეფას რეგლამენტის თანახმად, შეხვედრის ჩატარებას უფლებას იძლევა. სწორედ ამიტომ, უეფას ვთხოვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიოს და კარანტინში მყოფ მოთამაშეებს მინდორზე გასვლის უფლება მიეცეთ”, - ნათქვამია უკრაინელთა განცხადებაში, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოე პერიოდში ელიან.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიისა და უკრაინის ნაკრებები A ლიგის მე-4 ჯგუფში ირიცხებიან, სადაც უკვე გაინაღდა პირველობა ესპანეთმა. უკრაინელთათვის ლუცერნში დაგეგმილი მატჩი მნიშვნელოვანია, რადგანაც თუკი ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ, ჯგუფში ბოლო ადგილზე აღმოჩნდებიან და B ლიგაში დაქვეითდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები