Thumbnail

ესპანეთთან 0:6-ის შემდეგ გერმანიაში ბევრი ექსპერტი ითხოვს რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რაშიც პირველ რიგში სწორედ ლიოვის შეცვლა იგულისხმება. გერმანელებს დიდი ტურნირის წინ რამდენიმე თვით ადრე მთავარი მწვრთნელის შეცვლა არ სჩვევიათ, მაგრამ აშკარა რეგრესს ასეთი სირცხვილი მოჰყვა და გამორიცხული აღარაფერია.

გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი იოახიმ ლიოვს ჯერ კიდევ იცავს

ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელებს ჰანსი ფლიკი და იურგენ კლოპი მოსწონთ, მაგრამ ერთი მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელია, მეორე კი - ლივერპულის. არც მიუნხენელები და არც მერსისაიდელები მათ დათმობას არ მოისურვებენ.

თუმცა ზაფხულამდე ბევრი დროა და სწორედ ზაფხულის შემდეგ მოსალოდნელ სცენარზე წერს გერმანული სპორტული გამოცემა Sport Bild. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ლიოვს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფლიკი შეცვლის.

📺 ესპანეთი 6:0 გერმანია [მიმოხილვა]

ლიოვს გერმანიის საფეხბურთო კავშირთან (DFB) კონტრაქტი 2022 წლის მუნდიალამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ბოლოდროინდელი რეგრესისა და განსაკუთრებით ესპანეთთან 0:6-ის შემდეგ ამ კონტრაქტის ბოლომდე აღსრულება უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. Sport Bild-ის ცნობით, DFB-ის ფავორიტი ფლიკია!

ჰანსი ფლიკი გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ლიოვის პოტენციურ შემცვლელებს შორის ფავორიტად იურგენ კლოპი მიიჩნეოდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა - მას შემდეგ, რაც იურგენმა ლივერპულთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. მართალია, არც ფლიკს აქვს ხანმოკლე ხელშეკრულება ბაიერნთან (2023), მაგრამ Sport Bild წერს, რომ ლიოვის ჰანსით ჩანაცვლება უფრო რეალურიცაა და DFB-შიც ფლიკს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ამავდროულად, Sport Bild წერს, რომ რთული წარმოსადგენია, იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატამდე გაათავისუფლონ.

გერმანიის ნაკრებს აქამდე 0:6 მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული - 1931 წლის 24 მაისს, ავსტრიასთან - ანუ, 89 წლის წინათ! ლიოვის ერაში კი ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია...

 

კომენტარები

ბოლო ამბები