Thumbnail

საქართველოს ნაკრები ოთხშაბათს ესტონეთის ნაკრებს მასპინძლობს და ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურის მატჩი აბსოლუტური ფორმალობაა. ეროვნული გუნდი 5 ტურის შემდეგ ჯგუფში მესამე ადგილზეა და არც წინ წასვლის შანსი აქვს და არც ბოლო ადგილზე ჩამოსვლის და D დივიზიონში დაქვეითების საფრთხე ემუქრება.

ვლადიმირ ვაისმა ნაკრები უკვე დატოვა და ბოლო მატჩში გუნდს 19-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ნაკრების დროებითი მწვრთნელია. მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა კი ჯერ უცნობია. სვანაძემ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, ესტონეთთან შეხვედრაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რამაზ სვანაძე (საქართველოს ნაკრების დროებითი მწვრთნელი)

...მთავარი მიზნის შესახებ: „ეროვნული ნაკრების გაძღოლა ჩემთვის უდიდესი პატივია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ნდობის ეს მანდატი მომანიჭა. მთავარი ამოცანა ის არის, რომ ახლა ფსიქოლოგიური ფონი, რაც შეიძლება, მალე ამაღლდეს. დაბრუნდეს განწყობა და ხარისხი. მერწმუნეთ, ფეხბურთელებზე მეტად არავის უნდოდა, რომ მოგვეგო ეს თამაში და ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ რეალობა ასეთია. ფეხბურთი ასეთია, არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული მხარე. წარსულით ცხოვრება არაფერს მოგვიტანს და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ.“

'ჩემგან ვაისის ხსენება ნეგატიურ კონტექსტში არ იქნება'

...შესაძლო ცვლილებებზე: "ჩემთვის ეს აბსოლუტური სიურპრიზი იყო - სასიამოვნო და საამაყო სიურპრიზი. გვაქვს რამდენიმე მიკროტრავმა გუნდში, გვარებს არ ჩამოვთვლი. ვეცდებით, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩოთ, ვერაფერს ახალს ვერ მოვიგონებთ, რადგან ახლა ამის არც დროა და არც საშუალება. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს, იქნება რამდენიმე ცვლილება, მაგრამ ვიმეორებ, მთავარი ფსიქოლოგიური განწყობის ამაღლებაა."

...ვლადიმირ ვაისის შესახებ: ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ვლადიმირ ვაისს და მომავალში წარმატებები ვუსურვო. ჩემგან მისი ხსენება ნეგატიურ კონტექსტში არ იქნება.

...გუნდში განწყობაზე: "ახლა მეთვითონ ვხედავ ფეხბურთელების განწყობას. შესაძლოა, სატურნირო მოტივაციით ეს თამაში არაფერს გვიწყვეტს, მაგრამ ნაკრების ნებისმიერი თამაში პოზიტიურად უნდა დარჩეს. არ ვიცი, ვაისმა რაზე ისაუბრა, მწვრთნელია, რომელმაც გუნდში 5 წელი იმუშავა. ასეთია მწვრთნელების სამსახური, მეც დღეს აქ ვარ, ხვალ არ ვიქნები. არ გამოვრიცხავ, რომ ემოციურ ფონზე გააკეთა ეს განცხადება, სხვა კომენტარს მის სიტყვებზე ვერ გავაკეთებ."

წაიკითხე ხვიჩასაც ავარჯიშებდა და ზურიკოსაც - ვინ არის ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე

...პასუხისმგებლობაზე: "მწვრთნელისა და ფეხბურთელების ურთიერთობა შიდა სამზარეულოა და გარეთ არ უნდა გავიდეს. მე ორი დღე მაქვს იმისთვის, რომ ეს თამაში მოვიგოთ და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მატჩი ჩემი პასუხისმგებლობაა. ეს პროფესიის ნაწილია და გათავისებული მაქვს ბოლომდე."

...სიახლეებზე: ალბათ იქნება სიახლეები, მაგრამ ძალიან, ძალიან მცირე, რადგან 5 წელია ეს გუნდი ასე თამაშობს. ბევრი ცვლილება ვერ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ცოტა დრო გვაქვს. შემადგენლობას რაც შეეხება, ჩემთვის არ არსებობს ძირითადის ან თადარიგის ფეხბურთელი. რაღაცები იქნება შეცვლილი, მაგრამ არა მასშტაბურად.

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძე საქართველოს ნაკრებს ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში გაწვრთნის, მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში 6 ქულით მე-3 ადგილზეა და ბოლო ტურის წინ არც წინ წასვლის შანსი აქვს და არც მე-4 პოზიციაზე დავქვეითება ემუქრება.

სატურნირო მდგომარეობა ბოლო ტურის წინ

 

კომენტარები

ბოლო ამბები