Thumbnail

'უმაღლეს დონეზე ითამაშებს' - ყოფილი მწვრთნელი მიქაუტაძეს ლაკაზეტს ადარებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პროქსიმუს ლიგის მორიგ ტურში ჟორჟ მიქაუტაძემ გოლი ვერ გაიტანა
  • 20 წლის ფორვარდს ყოფილი მწვრთნელები აფასებენ

მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე სომხეთის ნაკრებთან მარცხდებოდა, ქართული წარმოშობის ფრანგი ფორვარდის, ჟორჟ მიქაუტაძის, სერენი ბელგიის პროქსიმუს ლიგაში უშანსოდ დამარცხდა სტუმრად დეინზესთან. ასე რომ, მიქაუტაძემ, რომელმაც 90 წუთი ითამაშა თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

ამის მიუხედავად, ის რჩება ბელგიური მედიის ყურადღების ცენტრში 10 მატჩიდან 15 გოლით პროქსიმუს ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. ამჯერად, მას სტატია actufoot.com-მა მიუძღვნა. 

ჟორჟ მიქაუტაძე ლიონის აღზრდილია, თუმცა ლიონიდან მან კარიერა ქალაქის გარეუბან სენტ პრისტის კლუბში გააგრძელა, სანამ მას ლიგა 1-ის მეცი შეამჩნევდა. სენტ პრისტის 19წლამდელთა მწვრთნელი ლიონელ ბა ქართველ ფორვარდს იხსენებს: 

"ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლის გაწვრთნაც სიამოვნებას გგვრის. ტექნიკურად ძლიერი და კარის წინ სახიფათოა. მას ნამდვილად აქვს პოტენციალი უმაღლეს დონეზე ითამაშოს.
17 წლის ასაკში ის ყველას უსწრებდა მოძრაობით, ტექნიკით, უბურთოთ თამაშით, კარში დარტყმის უნარით. გოლი გოლზე გაჰქონდა. ასე რომ, ის 19-წლამდელებში დავაწინაურე. მას უკვე მაშინ შეეძლო დიდებში თამაში, რომელიც საფრანგეთის ნასიონალ 3-ში გამოდიოდა. არავინ იფიქროს, რომ ბელგიაში იმიტომ გააქვს გოლები, რომ დაბალი დონეა. არ არის ასე. ის სუპერტალანტია".

ამავე გუნდში 17-წლამდელთა მწვრთნელი სამირ გემაზი იყო, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც დაიწყო გუნდში ვარჯიში ჟორჟ მიქაუტაძემ. 

"ჩვენთან ლიონის 16-წლამდელთა გუნდიდან მოვიდა და პირველივე სეზონში სუპერთამაში აჩვენა - 17 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ასეთი სტატისტიკა საფრანგეთის ნებისმიერ დონეზე ნიშნავს, რომ მოთამაშე ნამდვილი ტალანტია. პირადად იშვიათად მინახავს ფეხბურთელი, რომელიც დასრულების ფაზაში ასეთი კარგია.
ის დასრულებული თავდამსხმელია ახლა, როცა ჩვენთან იყო ათლეტიზმი აკლდა, მაგრამ ამას სხვა უპირატესობებით არეგულირებდა. მაშინ მე მას ლაკაზეტს ვადარებდი. 175 სანტიმეტრი სიმაღლისაა და გრავიტაციის ცენტრი დაბლა აქვს, ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა მცველებისთვის.
მაშინვე ვიცოდი, რომ ბევრს მიაღწევდა. დარწმუნებული ვარ, მეტს იმსახურებს, ვიდრე ბელგიის მეორე დივიზიონია. მაგრამ ასეთი გამოსვლით ბევრი კლუბის დაინტერესებას გამოიწვევს".

გამოცემა ამტკიცებს, რომ ფრანგი ქართველით უკვე დაინტერესდნენ ჟუპილერლიგის კლუბები, ასევე ინგლისური კლუბები, თუმცა ის ახლა სერენშია და მეცის საკუთრებაა, სადაც დაბრუნებას და ლიგა 1-ში თამაშს აპირებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები