Thumbnail

'ფედერერის კარიერა საფრთხის ქვეშაა' - მსოფლიოს ექს-მეოთხე ჩოგანი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ჩვენ იმ ბიჭს, რომელმაც თუნდაც 2017 წელს გაიბრწყინა, ვეღარასდროს ვიხილავთ'
  • გრეგ რუსეცკის აზრით, შვეიცარიელი ლეგენდა ძველებურად ვეღარ ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილი მე-4 ჩოგნის გრეგ რუსეცკის აზრით, როჯერ ფედერერის მიერ კარიერის სათანადო დონეზე გაგრძელება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა და ჩვენ შვეიცარიელ ჩოგბურთელს ძველი დიდებით ვეღარასდროს ვიხილავთ. რუსეცკიმ ამის შესახებ Tennis World USA-სთან ისაუბრა:

“ვერ ვხედავ მიზეზს რატომ არ უნდა ითამაშონ მაღალ დონეზე კიდევ 2-4 წელი ნადალმა და ჯოკოვიჩმა. აი, ფედერერის საჩოგბურთო მომავალი კი ნამდვილად საფრთხის ქვეშაა. ჩემი აზრით, მაქსიმუმ კიდევ ერთ წელს ითამაშებს. მოახერხებს თუ არა მოიგოს უიმბლდონი? ოლიმპიადა? ამაზე საუბარი ძალიან რთულია, რადგანაც როჯერი ერთ წელს იქით გეგმებს ვეღარ აწყობს. მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც მუხლებზე არაერთი ოპერაცია გადაიტანა. ჩვენ იმ ბიჭს, რომელმაც თუნდაც 2017 წელს გაიბრწყინა, ვეღარასდროს ვიხილავთ. დრო შეუბრალებელია”.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის შვეიცარიელმა ვარსკვლავმა თითქმის მთელი 2020 წელი ტრავმის გამო გამოტოვა და თუკი მის მწვრთნელს ივამ ლუბიჩიჩს ვენდობით, კორტზე დაბრუნებას მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილ ავსტრალიის ღია პირველობაზე გეგმავს. ცნობისთვის, როჯერს “აუსტრალიან ოუფენი” 6-ჯერ აქვს მოგებული, უიმბლდონი – 8-ჯერ, აშშ-ს ღია პირველობა – 5-ჯერ, ხოლო საფრანგეთის ღია პირველობა – ერთხელ.

47 წლის რუსეცკი კანადაში დაიბადა, თუმცა, დიდი ბრიტანეთის სახელით თამაშობდა და 1997 წლის ოქტომბერში მსოფლიოს მე-4 ჩოგანიც კი გახდა. გრეგს დიდი სლემის ტურნირებზე საუკეთესო შედეგი ავსტრალიის ღია პირველობაზე აქვს დაფიქსირებული, სადაც 1997 წელს ფინალში გავიდა და ავსტრალიელ პატრიკ რაფტერთან 3:6, 2:6, 6:4, 5:7 წააგო, უიმბლდონზე კი, იმავე წელს, მეოთხედფინალში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები