Thumbnail

'ცხოვრობს დისნეილენდში, კაიფობს ცხოვრებით' - რუბინის მწვრთნელი ხვიჩაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყაზანის რუბინის თავკაცმა 19 წლის ქართველი ნახევარმცველი დაახასიათა
  • ლეონიდ სლუცკი ფეხბურთისადმი ხვიჩას დამოკიდებულებაზე საუბრობს 

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. რუსი სპეციალისტი 19 წლის ქართველი ნახევარმცველის ხასიათის თავისებურებაზე, ფეხბურთისადმი მის დამოკიდებულებაზე დეტალურად საუბრობს. სლუცკი ხვიჩას ცსკა-ს ყოფილ ნახევარმცველს ალეკსანდრ გოლოვინსაც ადარებს, რომელიც ამჟამად მონაკოს ღირსებას იცავს.

"პირველ რიგში, არის რუსული ენის პროლემა. კვარაცხელიას ყველაფერი ესმის, მაგრამ  საუბარი უჭირს. მეორეც, გოლოვინი გაცილებით დიდი ჩანდა იმ ასაკში, რომელშიც ახლა ხვიჩაა. მას უნდა მისცე ბურთი, დრო, ჩასვა ტაქტიკაში, აუხსნა პრინციპები და შემდეგ დატკბე პროცესით ან დარჩე იმედგაცრუებული, როდესაც რაღაც არ გამოუვა. ამ ეტაპისთვის ეს საკმარისია მის სამართავად და იმისთვის, რათა გაიზარდოს. 

სლუცკის სხვადასხვა დროს რუსეთის ნაკრები, ცსკა, ჰალ სიტი და ვიტესიც გაუწვრთნია

გოლოვინს კოლექტივის შიგნით კომუნიკაციის მხრივ ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რუბინში კი ხვიჩა ყველას უყვარს. ის ლაღია, გულში არაფერს იდებს, მუდამ იღიმის. ცხოვრებით კაიფობს, ამ სიტყვის კარგი გაგებით. ცხოვრობს ბაზაზე, საღამოობით კი სავარჯიშოდ ყოველთვის გამოდის. ბაზაზე მეც დიდ დროს ვატარებ და ფანჯრიდან ვხედავ ხოლმე, როგორ მიდის ისევ რაღაცის დასამუშავებლად. ოღონდ, ეს არ არის ის სამუშაო, როგორსაც ედეგორი ასრულებს, რომელიც სატრენაჟორო დარბაზში ყოველ კუნთზე მუშაობს და რომელსაც ყველა სავარჯიშო გაწერილი აქვს.

ხვიჩამ მოინდომა პენალტების დარტყმა და ურტყამს. ვეუბნები: "რატომ ურტამ პენალტებს? თამაშის დროს შენ მაინც არავინ დაგარტყმევინებს". უბრალოდ, მას ასე უნდა. ანუ, ეს არა იმდენად გააზრებული სამუშაოა, რამდენადაც ემოციური. 

მას მოსწონს ბურთი, ფეხბურთი, უყვარს ბურთის ტარება. სატრენაჟორო დარბაზში ის ერთხელაც არ მინახავს. ვგულისხმობ, გუნდისგან განცალკევებით, არასავარჯიშო პერიოდში მუშაობას. იქ ხშირად ვარ და კვარაცხელია არასდროს გაერთობა სატრენაჟორო დარბაზში. როდესაც ის მოწყენილი იქნება, იქ არ წავა. 

ხვიჩა საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვან მატჩებში ვერ დაეხმარა

ჯერჯერობით ის ასეთი ფეხბურთელია, ახალგაზრდა, რომელიც დისნეილენდში ცხოვრობს და მაქსიმალურად ერთობა. საბედნიეროდ, ის ერთობა იმ რაღაცებით, რაც მისი პროფესიის ნაწილია", - აქვეყნებს სლუცკის სიტყვებს რუსული მედია.

ყაზანის რუბინის ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის 14 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 2-2 გოლითა და საგოლე პასით, ასევე მოპოვებული 3 პენალტით გამოირჩა.

კვარაცხელიას საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩატარებულ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა და ამის გამო გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიასა და სომხეთთან მნიშვნელოვან მატჩებში ვერ დაეხმარა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები