Thumbnail
  • იბეროსტარ ტენერიფე 99:80 გრან კანარია
  • გიორგი შერმადინმა 14 ქულა ჩააგდო, ბექა ბურჯანაძემ - 7 

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებულ თამაშს განაგრძობს, ქართველი ცენტრი კი ისევ შედეგიანად ირჯება. ტენერიფელები ამჯერად ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას დაუხვდნენ და 99:80 სძლიეს, შერმადინი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

გასულ შეხვედრაში ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო. შერმადინმა მოედანზე 23:48 წუთი გაატარა და 14 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. გიოს მოედანზე ყოფნის პერიოდში იბეროსტარ ტენერიფემ მეტოქეზე 24 ქულით მეტი ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა. ორივე ეს მაჩვენებელი თამაშში საუკეთესო იყო.

ბურჯანაძემ 14:22 წუთში 7 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

ბექა ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა

იბეროსტარ ტენერიფე 9 მოგებითა და 1 მარცხით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის რეალს ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 22 ნოემბერს სტუმრად ვალენსიასთან ჩაატარებს. გრან კანარია 2 გამარჯვებითა და 8 წაგებით მე-17 პოზიციაზეა, შემდეგი შეხვედრა კი 21 ნოემბერს მორაბანკ ანდორასთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები