Thumbnail

მაკედონიამ ესტონეთსაც მოუგო - ანგელოვსკის გუნდი ერთპიროვნული ლიდერია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიც თამაშობს, დღის პირველი მატჩი გაიმართა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ესტონეთს 2:1 სძლია.

მაკედონიელები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ, თბილისში ქართველებს 1:0 მოუგეს და ევრო 2020-ზე თამაში გაინაღდეს, შეხვედრას გადახალისებული შემადგენლობით შეხვდნენ. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ შემადგენლობაში არ შეიყვანა გუნდის ლიდერები ადემი, ალიოსკი და პანდევი, სათადარიგოთა სკამზე კი მხოლოდ 5 (!) ფეხბურთელი ჰყავდა.

მიუხედავად ამისა, დედაქალაქ სკოპიეში გამართული მატჩი მაკედონიელთა უპირატესობით წარიმართა და მათ პირველივე ტაიმში გაიტანეს. 29-ე წუთზე თავი კვიპროსული აეკ-ის ფორვადმა ივან ტრიჩკოვსკიმ გამოიჩინა, რომელიც სტანდარტულის შემდეგ საჯარიმოში ჩაბრუნებულ ბურთს დაუდარაჯდა და ესტონელთა მეკარე ჰეინს შორეულ კუთხეში გაუტანა.

ბალტიისპირელებმა შესვენების შემდეგ მალებე გაათანაბრეს. სლოვენიური დომზალეს თავდამსხმელმა რაუნო საპინენმა ბურთი მეტოქის საჯარიმოს კუთხეში მიიღო და მოჭრილი დარტყმით ცხრიანში ულამაზესი გოლი შეაგდო - 1:1.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ამას მაკედონიელთა გააქტიურება მოჰყვა და რამდენიმე გაცუდებული მომენტის შემდეგ, ისინი კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. 68-ე წუთზე საჯარიმოს ფარგლებიდან ზუსტი თავური დარტყმა ფრანგული შამბლის თავდამსხმელმა ვლატკო სტოიანოვსკიმ განახორციელა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამგვარად. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა 5 მატჩში 9 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა. C დივიზიონის მე-2 ჯგუფში დასკვნითი ტურის მატჩები 18 ნოემბერს ჩატარდება, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონია ნეიტრალურ სარბიელზე (კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში) სომხეთს ეთამაშება, საქართველოს ნაკრები კი თბილისში ესტონეთს უმასპინძლებს.

📺 ჩრდ. მაკედონია 2:1 ესტონეთი

კომენტარები

ბოლო ამბები