Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრების ვეტერან მცველს შვეიცარიაში წარუმატებელი საღამო ჰქონდა
  • მისი უზუსტო დარტყმების გამო, ესპანეთმა მნიშვმნელოვანი ქულები დაკარგა

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ერთა ლიგის ეგიდით შვეიცარიაში გამართულ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც 1:1 დასრულდა, “ფურია როხას” ვეტერანმა მცველმა სერხიო რამოსმა კი ერთბაშად 2 პენალტი ვერ გამოიყენა:

“ცხადია, მეტი ქულის აღება შეგვეძლო, თუმცა, უფრო ღრმა ანალიზის ჩატარებაა საჭირო. ვფიქრობ, გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით. მომეწონა, რომ ბიჭები ზუსტად იმას აკეთებედნენ, რაც დავალებული ჰქონდათ. ჩვენ მკაფიო იდეა გვაქვს – მეტოქის წნეხის ქვეშ მოქცევა, რაც საშუალებას მოგვცემს ბურთი უფრო მეტხანს ვაკონტროლოთ. რამოსის მიერ გატანილი პენალტების სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. ის ერთ-ერთი საუკეთესოა. მსაჯს მე-3 11-მეტრიანი რომ დაენიშნა, მასაც სერხიო დაარტყამდა”.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალის 34 წლის მცველი პენალტის ნიშნულთან გასული შეხვედრის 57-ე და მე-80 წუთებზე მივიდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში, მას მასპინძელთა გოლკიპერმა აჯობა. არადა, რამოსს ზედიზედ 25 პენალტი ჰქონდა გატანილი. ბოლოს დარტყმა მას 2018 წლის მაისში გაუცუდდა. ვთქვათ ისიც, რომ შვეიცარიელი იან ზომერი პირველი მეკარე გახდა, რომელმაც სერხიოს 2 პენალტის მოგერიება შეძლო.

იან ზომერმა ერთი შეხედვით შეუძლებელი შესძლო

საინტერესოა, რომ თამაშის შემდეგ, თავად რამოსმა გაცუდებულ პენალტებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ზოგადი კომენტარი გააკეთა:

“დიდ ბრძოლაში ქულის აღება მოვახერხეთ. გუნდმა გადატვირთვა უნდა მოახდინოს და სევილიაში დაგეგმილ მატჩში გერმანიის დასამარცხებლად იბრძოლოს. ჩვენთვის მთავარი არა შეცდომები, არამედ ის გზა უნდა იყოს, რომელიც საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს”.

ცნობისთვის, აღნიშნული მატჩი 17 ნოემბერს შედგება და მასში ერთა ლიგის A დივიზიონის მე-4 ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა. ესპანეთს პირველობისთვის მხოლოდ მოგება სჭირდება, გერმანელებს კი ფრეც ხელს აძლევთ.

📺 შვეიცარია V ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები