Thumbnail

ევრო 2020 მხოლოდ ერთ ქვეყანაში - დიდი ბრიტანეთის შეთავაზება უეფას

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფა გადადებული ტურნირის ჩატარების ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს
  • დიდი ბრიტანეთი მზადყოფნას გამოთქვამს, ევროპის ჩემპიონატი მარტომ მიიღოს  

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადდა, შესაძლოა მომავალ ზაფხულს მხოლოდ ერთ ქვეყანაში გაიმართოს. 

შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, საიუბილეო ტურნირი (ევროპის პირველი ჩემპიონატის ჩატარებიდან 60 წელი გავიდა), პირველად ისტორიაში, ორგანიზაციის წევრი 12 ქვეყნის 12 ქალაქში უნდა გაიმართოს, მაგრამ შესაძლოა, გეგმა შეიცვალოს და კონტინენტის პირველობას მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა უმასპინძლოს. 

ბრიტანული მედიის ცნობით, ამჟამად უეფა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიაცია და ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) თათბირობენ იმაზე, რომ ტურირნი მხოლოდ ერთ ქვეყანაში - დიდ ბრიტანეთში ჩატარდეს, სადაც თამაშებზე გულშემატკივრებსაც დაუშვებენ. 

COVID 19-ის პანდემიამ უეფას დიდი პრობლემები შეუქმნა

უეფა გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს და ტურნირის კვლავაც ევროპის ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაში ჩატარების მომხრედ რჩება, თუმცა COVID 19-ით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ყველა შესაძლებლობა გასათვალისწინებელია. თავის მხრივ ბრიტანელები იმედოვნებენ, რომ უეფა გადაწყვეტილებას ორ თვეში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ევრო 2020 შეიძლებოდა მხოლოდ რუსეთში ჩატარებულიყო. მოგვიანებით უეფას პრესსამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო. 

ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ერთი წლის დაგვიანებით, 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით უნდა ჩატარდეს, კონტინენტის 24 ეროვნული ნაკრები იბრძოლებს. სამწუხაროდ, ტურნირზე ვერ მოხვდა საქართველოს ნაკრები, რომელიც საკვალიფიკაციო პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა (0:1).

ტურნირის მატჩების ჩატარება ამსტერდამში (ნიდერლანდები), ბაქოში (აზერბაიჯანი), ბილბაოში (ესპანეთი), ბუქარესტში (რუმინეთი), ბუდაპეშტში (უნგრეთი), კოპენჰაგენში (დანია), დუბლინში (ირლანდია), გლაზგოში (შოტლანდია), ლონდონში (ინგლისი), მიუნხენში (გერმანია), რომსა (იტალია) და სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი) იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები