Thumbnail

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, ინგლისთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ საკუთარ არჩევანზე ისაუბრა, მის კომენტარს კი საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახური ავრცელებს:

“ეს ტურნირი მთლიანი პროცესია, სადაც ხდება გუნდის ჩამოყალიბება და ახალგაზრდა მოთამაშეების ეტაპობრივი შემოდინება. ამას ჭირდება ბალანსი და გონივრული სინთეზი, მით უმეტეს, რომ ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია. შემადგენლობის შერჩევისას იძულებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია, რადგან ტრავმირებული გვყავს ორი მეორეხაზელი – ჯავახიას მხარი, ხოლო ჭეიშვილს ფეხი აწუხებს. გვიან შემოგვიერთდა გაჩეჩილაძე, რომელსაც კარანტინის გავლა მოუწია. მხარი აწუხებს მათიაშვილს, ხოლო ალანიას თავის ტრავმა ჰქონდა და წინდაწინ ვიცოდით, რომ ინგლისთან ვერ ითამაშებდა“.

ინგლისთან დებიუტი ექნება სანდრო სვანიძეს, რომელსაც გულშემატკივარი უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში თამაშიდან იცნობს. ის გუნდთან ერთად დიდი ხანია ვარჯიშობს, პირველ კეპს კი ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონთან მოიხვეჭს:

“სანდრო პერსპექტიული და გონიერი მოთამაშეა. მან ნაკრებთან ერთად დიდი გზა გამოიარა და მისი ერთადერთი პრობლემა დიდი ხნის უთამაშებლობაა. ინგლისთან დებიუტი არის ერთგვარი წნეხი და პასუხისმგებლობა, თუმცა, მეორეს მხრივ, არის უდიდესი შესაძლებლობა. ასეთ შეხვედრებში მორაგბე უფრო დიდ გამოცდილებას იღებს“.

შემადგენლობა დაასახელა ინგლისის ნაკრებმაც, რომელთან დაკავშირებით ბორჯღალოსნების თავკაცი ამბობს:

“ვეცდებით უკეთესი თამაში ვაჩვენოთ, ვიდრე შოტლანდიასთან და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისმა ჩვენთან სათამაშოდ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა დააყენა, რაც დიდი პატივია. არის რამდენიმე შედარებით ახალი სახე, თუმცა ეს არაფერს ცვლის. პირობითად მეორე ნომრები არანაკლები მოტივაციით და შემართებით ითამაშებენ, რადგან მათ სურთ, რომ გუნდში ადგილი დაიმკვიდრონ. არიან გამოცდილი მოთამაშეებიც და განსაკუთრებით ძლიერია მათი სათადარიგო სკამი, რომლებიც მეორე ტაიმში გარდატეხის შეტანას ეცდებიან. იტოჯე მესამე ხაზშიც ისეთივე წარმატებით თამაშობს, როგორც – მეორეში და ეს გადაადგილება მეტოქეს დერეფანში მეტ არჩევანს მისცემს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 6 ერის გამარჯვებულ ინგლისთან "შემოდგომის ერთა თასის" სასტარტო მატჩს 14 ნოემბერს ჩაატარებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდები ერთმანეთს მსოფლიო თასს მიღმა დაუპირისპირდებიან. ქართველი მორაგბეები მათთვის ისტორიულ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უელსსა (21 ნოემბერი) და ირლანდიასაც (29 ნოემბერი) ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები