Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ტესტ-მატჩი 1989 წლის 12 სექტემბერს ზიმბაბვეს წინააღმდეგ ქუთაისში ჩაატარა, 31 წლის შემდეგ კი, მსოფლიო თასს მიღმა, პირველი ეშელონის გუნდებთან ერთად, ტურნირში პირველად ჩაებმება.

საუბარია, “შემოდგომის ერთა თასზე”, რომლის გამართვის იდეაც COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო გაჩნდა. მგზავრობაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ცხადი გახდა, რომ საშემოდგომო ტესტ-მატჩების ორგანიზება შეუძლებელი იყო, ახალი, ერთჯერადი ტურნირის საშუალებით კი, რაგბის ქომაგებს 16 საუკეთესო ხარისხის საერთაშორისო მატჩის ხილვის შესაძლებლობა ექნებათ.

ტურნირის მონაწილე რვა ნაკრები ორ ჯგუფშია გადანაწილებული. A ჯგუფში ინგლისი, ირლანდია, უელსი და საქართველო ითამაშებენ, B-ში კი – საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია და ფიჯი. “ბორჯღალოსნები” ტურნირს 14 ნოემბერს ხსნიან, როდესაც ლეგენდარულ თვიქნემზე 6 ერის მოქმედ გამარჯვებულ ინგლისს ეთამაშებიან.

ინგლისის ნაკრები პირველად 1871 წელს შეიკრიბა და რაგბში პირველი საერთაშორისო შეხვედრა შოტლანდიასთან გამართა. 149 წლის განმავლობაში, "ვარდებს" 747 ტესტი აქვთ ჩატარებული, საიდანაც მოიგეს 415, დათმეს 281 და ფრედ დაასრულეს 51. მათ ყველაზე დიდი სხვაობით (134:0) 2001 წელს რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს.

ბუნებრივია, ინგლისის ნაკრები ცხრავე მსოფლიო თასის მონაწილეა და ერთხელ, 2003 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, სამჯერ კი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა, მათ შორის 2019 წელს, იაპონიაში. აღსანიშნავია, რომ ინგლისი ერთადერთი ევროპული ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.

'ბორჯღალოსნები' მომავალი მატჩისთვის მზადებისას
📺 | საქართველოს რაგბის კავშირი

“ბორჯღალოსნებს” ინგლისის ნაკრებთან ორჯერ უთამაშიათ. პირველად ეს 2003 წლის მსოფლიო თასზე მოხდა და მომავალმა ჩემპიონმა, ლეგენდარული ჯონი უილკინსონის გუნდმა 84:6 იმარჯვა. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი მატჩი მსოფლიო თასზე. მეორედ ინგლისს 2011 წელს, ახალ ზელანდიაში შევხვდით. საქართველომ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საათის თავზე სხვაობა მხოლოდ 8 ქულა იყო, საბოლოოდ კი ინგლისმა 41:10 მოიგო. საგულისხმოა, რომ ინგლისელთა თავკაცის, ავსტრალიელი ედი ჯონსის ინიციატივით, 2018 და 2019 წლებში "ბორჯღალოსნები" ორჯერ იყვნენ ჩასული დიდ ბრიტანეთში და "ვარდებთან" 3-3-დღიანი ერთობლივი წვრთნები გამართეს.

"შემოდგომის ერთა თასის“ პირველ ტურამდე გუნდებმა თითო მატჩის გამართვა მოასწრეს, ხოლო თითო შეხვედრა კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო. "ბორჯღალოსნებმა" 8-თვიანი ლოკდაუნის შემდეგ პირველი მატჩი 23 ოქტომბერს "მარიფილდზე“ შოტლანდიასთან გამართეს  და 7:48 წააგეს, 1 ნოემბერს რუსეთთან თბილისში გასამართი შეხვედრა კი გადაიდო. თავის მხრივ, ინგლისს 25 ოქტომბერს "ბარბაროსების“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ პანდემიამ ამის საშუალება არ მისცა, ორი კვირის წინ კი, 2020 წლის ექვსი ერის დასკვნით მატჩში, რომში იტალიას ბონუსით, 34:5 აჯობა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მომავალი მატჩისთვის პირველი შემადგენლობა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა. ბრიტანელებს საქართველოს წინააღმდეგ გამოცდილი მოთამაშეებითა და ახალგაზრდებით შეჯერებული გუნდი ეყოლებათ და 6 ერის მოგების შემდეგ, წარმატების მიღწევას 8 ერის სასტარტო მატჩშიც ეცდებიან. ნაკრებში დებიუტი ექნება ჯეკ უილისს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ თამაშს მე-3 ხაზში ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. 101-ე შეხვედრას ჩაატარებს გუნდის ძირითადი 9 ნომერი ბენ იანგსი, კაპიტანი კი მგეზავი ოუენ ფარელი იქნება.

ინგლისის ნაკრები ქართველებთან მატჩში უდავო ფავორიტია

“ამ კვირაში კარგად ვივარჯიშეთ. საქართველო რთული მეტოქეა. გუნდში ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების კარგი ნაზავი გვაქვს. მორაგბეები მთლიანად შაბათის შეხვედრაზე არიან კონცენტრირებულნი. მოუთმენლად ველით ჩვენს სახლში, "თვიქნემზე" დაბრუნებას. გვინდა ხალხს ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში ღიმილის მიზეზი მივცეთ", - განაცხადა ჯონსმა, რომელმაც უფრო ადრე ექსპერიმენტულ ტაქტიკაზეც ისაუბრა.

“ქართველები ჭიდაობის ფუძემდებლებად ითვლებიან. ისინი ნამდვილი ვაჟკაცები არიან, რომლებიც ჩინებულ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან. მსოფლიოს TOP 15-ში სწორედ შერკინებაში დომინირებით მოხვდნენ. ისინი ფორვარდებით ძალიან ხისტად თამაშობენ. ამჯერადაც, მათგან ამას ველით. მახსოვს, როდესაც 2015 წლის მსოფლიო თასის წინ, საქართველოს იაპონიის ნაკრები დაუპირისპირდა, მათ წინააღმდეგ 9 ფორვარდი და 6 ბექი გავიყვანეთ, აი, ასეთი ძლიერები იყვნენ და ეს კარგად მახსოვს. ახლა, ალბათ, იგივეს გავაკეთებ. ოლი ტორლი, ბენ ირლი... კიდევ არიან ბიჭები, რომელთაც ამის გამოცდილება აქვთ. ტრადიციულად, შემადგენლობაში 8 ფორვარდი და 7 ბექია ხოლმე, თუმცა, არავის დაუშლია, რომ ჰიბრიდული ფლაი-ჰავითა და ფლანკერით ვითამაშოთ. ამ იდეას სერიოზულად ვუყურებთ. შესაძლოა, საქართველოსთან სწორედ ის მატჩი იყოს, როდესაც სხვაგვარად უნდა ვითამაშოთ”.

საქართველოს ნაკრები ლონდონში 8 ნოემბერს ჩავიდა, თუმცა, ვინაიდან მორაგბეებს კოვიდ-ტესტების ჩაბარება მოუხდათ, გუნდი კონტაქტური ვარჯიშებზე მხოლოდ 11-ში გადავიდა. მანამდე, ბორჯღალოსნების თავკაცი ლევან მაისაშვილი შეგირდებს სათამაშო ტაქტიკისა და სქემებს აცნობდა. რაც შეეხება ინგლისელთა მიერ დაგეგმილ ექსპერიმენტებს, საქართველოს ნაკრების თავკაცის აზრი ასეთია:

“არა მგონია, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩვენ ვიცით რას შემოგვთავაზებს ინგლისის ნაკრები. ისინი გამოირჩევიან აგრესიული დაცვით, ფიზიკურობით, პრაგმატული თამაშით და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ფორვარდით ითამაშებენ. ჩვენ უნდა შევძლოთ მათი შეტევების განეიტრალება და ბალანსის შენარჩუნება შეტევასა და დაცვას შორის. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს, რომელსაც ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ყავს. ამ ტურნირზე ჩვენი მიზანია, რომ მატჩიდან მატჩამდე განვვითარდეთ და გავიზარდოთ“.

ლევან მაისაშვილის გუნდს ინგლისში დიდი გამოცდა ელის
📺 | საქართველოს რაგბის კავშირი

მაისაშვილის მიერ ინგლისთან მატჩისთვის შერჩეული შემადგენლობის პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა მიხეილ ნარიაშვილმა, კვაჭის პოზიციაზე ძირითადში დაწინაურდა შალვა მამუკაშვილი, ხოლო მეორე ბურჯი ბექა გიგაშვილია, რომელმაც შოტლანდიაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა. მეორე ხაზში გრიგორ ქერდიყოშვილს ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება. მესამე ხაზში კვლავ ვიხილავთ ბექა გორგაძესა და ბექა საღინაძეს, მეორე ფლანკერად კი მარქაფიდან გიორგი თხილაიშვილი დაწინაურდა.

ოთხი ცვლილებაა ხაზშიც. ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონთან ბორჯღალოსნების რიგებში დებიუტი ექნება სანდრო სვანიძეს, მეორე ფრთა კი აკაკი ტაბუცაძე იქნება, რომელმაც შოტლანდიას ლელო გაუტანა. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, ტრავმა მოიშუშა და ინგლისთან თამაშს იწყებს ფულბეკი ლაშა ხმალაძე. ცვლილებაა ღერძშიც, სადაც 9 ნომრის პოზიციაზე ძირითადში გელა აფრასიძე დაწინაურდა, მგეზავი კი თედო აბჟანდაძე იქნება.

აღნიშნულ შემადგენლობაზე ლევან მაისაშვილის კომენტარი ასეთია:

“რაზმის შერჩევისას იძულებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია, რადგან ტრავმირებული გვყავს ორი მეორეხაზელი – ჯავახიას მხარი, ხოლო ჭეიშვილს ფეხი აწუხებს. გვიან შემოგვიერთდა გაჩეჩილაძე, რომელსაც კარანტინის გავლა მოუწია. მხარი აწუხებს მათიაშვილს, ხოლო ალანიას თავის ტრავმა ჰქონდა და წინდაწინ ვიცოდით, რომ ინგლისთან ვერ ითამაშებდა. ვეცდებით, უკეთესი თამაში ვაჩვენოთ, ვიდრე შოტლანდიასთან და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისმა ჩვენთან სათამაშოდ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა დააყენა, რაც დიდი პატივია. არის რამდენიმე შედარებით ახალი სახე, თუმცა ეს არაფერს ცვლის. პირობითად მეორე ნომრები არანაკლები მოტივაციით და შემართებით ითამაშებენ, რადგან მათ სურთ, რომ გუნდში ადგილი დაიმკვიდრონ. არიან გამოცდილი მოთამაშეებიც და განსაკუთრებით ძლიერია მათი სათადარიგო სკამი, რომელიც მეორე ტაიმში გარდატეხის შეტანას ეცდება. იტოჯე მესამე ხაზშიც ისეთივე წარმატებით თამაშობს, როგორც – მეორეში და ეს გადაადგილება მეტოქეს დერეფანში მეტ არჩევანს მისცემს“.

ცნობისთვის, "შემოდგომის ერთა თასის" სასტარტო მატჩი დღეს დუბლინის Aviva Stadium-ზე გახლავთ დაგეგმილი, ერთმანეთს კი ირლანდია და უელსი დაუპირისპირდებიან. ქართველი მორაგბეები მათთვის ისტორიულ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უელსსა (21 ნოემბერი) და ირლანდიასაც (29 ნოემბერი) ეთამაშებიან, დასკვნითი მატჩი კი, 5 დეკემბერს, იმისდა მიხედვით ელით, ჯგუფში რომელ ადგილს დაიკავებენ.

შემოდგომის ერთა თასის პირველი ტური

ინგლისი

15. ელიოტ დეილი, 14. ჯონათან ჯოზეფი, 13. ოლი ლოურენსი, 12. ჰენრი სლეიდი, 11. ჯონი მეი, 10. ოუენ ფარელი (კაპ.), 9. ბენ იანგსი, 8. ბილი ვუნიპოლა, 7. ჯეკ უილისი, 6. მარო იტოჯე, 5. ჯო ლანჩბერი, 4. ჩარლი იუელსი, 3. უილ სტიუარტი, 2. ჯეიმ ჯორჯი, 1. ელის გენჯი.

სათადარიგოები: 16. ტომ დანი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. კაილ სინკლერი, 19. ბენ ირლი, 20. ტომ ქარი, 21. დენ რობსონი, 22. მაქს მალინსი, 23. ჯო მარჩანტი.

საქართველო

15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო სვანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე, 8. ბექა გორგაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 6. ბექა საღინაძე, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 3. ბექა გიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 1. მიხეილ ნარიაშვილი.

სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლექსო ყაულაშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. დემე თაფლაძე, 23. სანდრო თოდუა.

კომენტარები

ბოლო ამბები