Thumbnail

ვლადიმირ დიმიტროვსკი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ახლა საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარ თელავის ღირსებას იცავს. სწორედ ამიტომ 31 წლის მცველს Sportmedia.mk შეეხმიანა და ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაპირისპირებაზე ჰკითხა. დიმიტროვსკი, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით 2011-2015 წლებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, დარწმუნებულია, რომ წარმატებას მისი თანამემამულეები მიაღწევენ.

“დამერწმუნეთ, მთელი საქართველო ამ მატჩით ცხოვრობს. აქ ჩინებული ატმოსფეროა შექმნილი. ქართველები ძალიან წუხან, რომ მატჩი მაყურებლების გარეშე ჩაივლის, თუმცა, თამაში რომ ისტორიულია, ყველა თანხმდება. მიმდინარე პროცესებს აქტიურად ვაკვირდები და შემიძლია გითხრათ, რომ მოგება ძალიან უნდათ და ამის მტკიცედ სჯერათ. ამავდროულად, უნდა ვთქვა, რომ ქართველები ჩვენს ნაკრებსაც აფასებენ, განსაკუთრებით კი, ეს გორან პანდევზე ითქმის, რომელსაც ძალიან კარგ ფეხბურთელად მიიჩნევენ. მოიგებს თუ არა მაკედონია? შემიძლია გითხრათ, რომ თელავში ამ თემაზე უკვე 10 დღეა ვკამათობთ. დიდი ნიძლავები გვაქვს დადებული. თუკი მაკედონია იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, მთელი კვირა უფასო სადილი გარანტირებული მაქვს. ეს ხუმრობით, სერიოზულად კი, ძალიან რთული მატჩი გველის. სამწუხაროა, რომ ბარდი არ იქნება, ადემის თამაში კი საეჭვოა. ისინი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, რომელთაც ბევრი რამის გადაწყვეტა შეეძლოთ. არა მგონია, სწრაფი თამაში იყოს. ის მოიგებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და იმედია, ეს მაკედონია იქნება. ბიჭებო, წარმატებას გისურვებთ”.

ვლადიმირ დიმიტროვსკის საკმაოდ მდიდარი ბიოგრაფია გააჩნია და სანამ თელავში (9 მატჩი მიმდინარე სეზონში) ჩამოვიდოდა, მაკედონიური გუნდების გარდა, ვესტერლოში (ბელგია), მლადა ბოლესლავში (ჩეხეთი), კერკირაში (საბერძნეთი), ყარაბახში (აზერბაიჯანი), ტეპლიცესა (ჩეხეთი) და დოქსაშიც (საბერძნეთი) უთამაშია.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება დღეს, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები