Thumbnail

ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალამდე რამდენიმე საათი რჩება. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი გავლენიანი ბრიტანული გამოცემის The Guardian ყურადღების ქვეშაც მოექცა. საქართველოს ნაკრებისადმი მიძღვნილი სტატია გურამ კაშიასთან ინტერვიუზეა აგებული. ქართველი მცველი "დინამო არენაზე" პირველ სტუმრობას იხსენებს და ისტორიული თამაშის მნიშვნელობაზე საუბრობს.

The Guardian-ს სტატია კაშიაზე და საქართველოს ნაკრებზე:

"გურამ კაშიას ახსოვს, როდესაც ეროვნულ სტადიონზე პირველად დადგა ფეხი საქართველოს მატჩის საყურებლად. ეს 1997 წელს მოხდა და 10 წლის ბავშვისთვის დიდი მოვლენა იყო: მამამისმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიასთან მატჩის ბილეთებში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა.

კაშიას კვლავ შეუძლია სტუმრების 11-ვე ფეხბურთელი ჩამოთვალოს, ანჯელო პერუციდან ჯანფრანკო ძოლამდე, თუმცა ის მასპინძელთა შემადგენლობით იყო აღფრთოვანებული: შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე და მათ შორის ყველაზე დიდი გენიოსი გიორგი ქინქლაძე: "ისინი დიდებული მოთამაშეები იყვნენ, ლეგენდები", - ამბობს კაშია. "ჩვენთვის ნამდვილი შთაგონებაა. მათ არასდროს ჰქონიათ ის შანსი, რაც ჩვენ გვაქვს და ვიცი, ყველაფერს გაიღებდნენ, ეს შანსი რომ ჰქონოდათ".

თუ ხუთშაბათს საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას იმავე ადგილზე დაამარცხებს, სადაც კაშია პირველად მოიხიბლა, ის გადადებული ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს. ეს უეფას გეგმის განხორციელება იქნება, რომლის მიხედვითაც ერთა ლიგის ტურნირიდან უფრო პატარა ქვეყნებს შანსი მისცა და ამ კონტექსტში საქართველოს შესაძლებლობები ეჭვს არ იწვევს.

გურამ კაშია ბელარუსთან ნახევარფინალში

ისინი თავიდან დ ლიგაში საუკეთესოები იყვნენ და ჯგუფში 5 თამაში მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს, გასულ თვეში კი პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებს გასცდნენ. ეს გარკვეულწილად გარდაქმნა იქნება იმ ქვეყნისთვის, რომელიც 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ მოლოდინსა და შესაძლებლობებს ვერ ამართლებდა.

"ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ იმედი არასდროს მქონია", - ამბობს კაშია, რომელიც ახლა 33 წლისაა და ამერიკულ სან ხოსეში თამაშობს. "რეალური ამბიცია იყო ჩემპიონთა ლიგაზე ან პრემიერლიგაში თამაში, რადგან ეს ქართველისთვის მიღწევადია. მაგრამ ეროვნულ გუნდში ყოველთვის ისე იყო, რომ შანსი არ გვქონდა, რადგან კონკურენცია გვიწევდა ტოპგუნდებთან, რომლებიც აშკარად ჩვენზე უკეთესები არიან. არასდროს მიფიქრია ასეთი რამ, რადგან არ მეგონა თუ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო".

საქართველოს ნაკრებს არასდროს ამათრახებდნენ. მაგალითად იმ ღამეს, როდესაც კაშია პირველად იყო სტადიონზე, იტალიასთან უგოლო ფრე ითამაშეს, ანალოგიური შედეგი მიიღეს საფრანგეთთან და 4 წლის წინ ესპანეთში ამხანაგური თამაში მოიგეს. ჩვეულებრივ საშუალო რანგის გუნდებს თბილისში თამაში ძალიან უჭირთ. უელსთან 5:0-იც ყველას ახსოვს. ქართველების ტექნიკური ჯადოქრობა და მცველების მტკიცე ხასიათი ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ სიღრმე და შეტევაში ეფექტურობა საუკეთესო გუნდებთან ყოველთვის აკლდებოდათ.

"ერთა ლიგამ ჩვენთვის ყველაფერი შეცვალა", - ამბობს კაშია. "დიდი შანსი მოგვეცა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ აქ ყოფნას. კომფორტულად ვგრძნობთ თავს პირველ ნომრად თამაშის დროს, როცა ვდომინირებთ და ბურთი ჩვენ გვაქვს. შესაძლოა, ფიზიკურად არ ვართ ყველაზე ძლიერები, მაგრამ ხარისხობრივად შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს, განსაკუთრებით ახალგაზრდები".

სამწუხაროდ, ორი მათგანი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს გამოტოვებს და ეს ვლადიმირ ვაისისთვის თავის ტკივილს წარმოადგენს. გიორგი ჩაკვეტაძე, გენტის ბრწყინვალე ფლეიმეიქერი, რომელმაც უფრო დიდი გუნდების მზერა მიიპყრო, ტრავმის გამო არ არის, ხოლო ყაზანის რუბინის 19 წლის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი აღმოჩნდა. ლევან შენგელია, კიდევ ერთი ფლანგის მოთამაშეც ინფიცირებულია, ასე რომ, ბევრი რამ შეიძლება სან ხოსედან კაშიას თანაგუნდელ ვაკო ყაზაიშვილზე იყოს დამოკიდებული.

კაშია აღიარებს, რომ ამ გუნდს ძველებურად ვარსკვლავური ხარისხი არ აქვს, როდესაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბუნდესლიგის რამდენიმე მოთამაშე და ინგლისის ჩემპიონატის წევრები თამაშობდნენ. მაგრამ ის ფიქრობს, რომ ახლა ნაკრებში ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან, გეოგრაფიულ მანძილს WhatsApp-ში აქტიურობითა და ონლაინ PlayStation-ის თამაშით ამცირებენ.

ეროვნულ ნაკრებში თამაშებზე მოგზაურობას ხშირად უარყოფითი ეფექტი ახლავს. გასული კვირის ბოლოს კალიფორნიიდან კავკასიაში მოგზაურობას 31 საათი დასჭირდა, მაგრამ მისი კარიერის უმთავრესი მატჩისთვის ასეთი მანძილის გავლა რთული არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

კაშია საქართველოს ნაკრებში 10 წელია შეუცვლელი ფიგურაა

"ღმერთო ჩემო, ზეწოლა არის. ოჯახის, მეგობრების მხრიდანაც კი, მხოლოდ ამ თამაშზე საუბრობენ და აღელვებულები არიან", - ამბობს კაშია. ეს გამაერთიანებელი მომენტია საქართველოში, სადაც ბოლო კვირაში გაყალბებული არჩევნების ბრალდებით მიტინგები იმართება. სათქმელია ისიც, რომ სტადიონზე ბევრად მშვიდი გარემო იქნება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გულშემატკივრებს თამაშზე დასწრების უფლება არ მისცა. საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ერთა ლიგაზე ორჯერ შეხვდნენ, სექტემბერსა და ოქტომბერში და ორჯერვე ფრედ ითამაშეს - 1:1. ახლა, როგორც მასპინძლებს, სტუმრებსაც აკლიათ საკვანძო მოთამაშეები, მათ შორის ლევანტეს ნახევარმცველი ენის ბარდი.

"ვფიქრობ, რომ თამაშის პროგნოზირება გარკვეულწილად შესაძლებელია. ისინი დაცვით ფეხბურთს თამაშობენ და კონტრშეტევებზე ნამდვილად კარგი გუნდია, ჩვენ ბურთის ფლობაში ვართ კარგები. ორივე გუნდი ფრთხილად ითამაშებს და შანსს დაელოდება. მათ ჩვენი შეცდომების იმედი აქვთ, მაგრამ ჩვენ შეცდომის დაშვებას არ ვაპირებთ", - ამბობს გურამი, რომელიც როგორც მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მისაბაძი მაგალითი, უეფამ 2018 წელს დააჯილდოვა.

თუ საქართველო ევრო 2020-ზე გავა, კაშიას აშშ-მდე ნამდვილად საუკეთესო მოგზაურობა ელის: "მე ნამდვილად ნაბახუსევზე ვიქნები და ამის სრული უფლება მექნება. დიდი ემოციები გველის, რადგან აქამდე ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან ამაყი. ახლა გვაქვს შანსი, საქართველო საფეხბურთო რუკაზე განვათავსოთ".

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს და გუნდის ვიცე-კაპიტანია. მას ეროვნულ გუნდში 80 თამაში აქვს ჩატარებული და ისტორიაში მეხუთეა, ხოლო მოქმედ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ ჯაბა კანკავას ჩამორჩება.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები