Thumbnail

საქართველოსთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ ანგელოვსკისთან ერთად გუნდის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი და ამავდროულად კაპიტანი გორან პანდევი გამოცხადდა. მისი თქმით, მაკედონიელ ფეხბურთელებს მომავალი თამაშის წინ თავდაჯერებულობა არ აკლიათ.

“ამ მატჩის მოლოდინით დიდი ხანია ვცხოვრობთ და იმედია, ბოლოს გახარებულები ჩვენ დავრჩებით. ჩემი სხვებისგან გამოყოფა მართალი არ იქნება. იმაში რომ აქამდე მოვედით, ყველას წვლილია. ძალიან ვწუხვარ, რომ რისტევსკი, ბარდი და ველკოსკი ვერ ითამაშებენ, თუმცა, ჩვენ მინდორზე მათ ნაცვლადაც გავალთ. ხვალინდელ მატჩს კამპ ნოუსა და სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ თამაშებს ადარებენ, მე კი ვიტყვი, რომ კოსოვოსთან მოგების შემდეგ ძველებურად ვეღარ მძინავს. ვიცი, ხვალ საღამოს წარმატებას რა მოგვიტანს. ტაქტიკურად სწორად უნდა ვითამაშოთ და მომთმენები ვიყოთ. ემოციები ჩემშიც სჭარბობს, თუმცა ამავდროულად ახალგაზრდა მოთამაშეებს ყოველდღიურად ვესაუბრები და სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. თავდაჯერებულობა უნდა შევინარჩუნოთ. სამი-ოთხი ფეხბურთელი კიდევ გვყავს, რომელთაც ბიჭების მომართვა შეუძლიათ. მოტივაციაზე ისინიც კარგად მუშაობენ. თუკი მოვიგეთ, ჩვენი ქომაგებისთვის სიურპრიზი გვაქვს მომზადებული, თუმცა, რაზეა საუბარი, ახლა ვერ გეტყვით. მოდით, ჯერ ჩვენი სამუშაო შევასრულოთ და მერე ყველაფერი იქნება”.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები