Thumbnail

ისევე, როგორც მთელი საფეხბურთო საქართველო, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ისტორიული მატჩის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ. ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალში მათი არყოფნა უდიდესი დანაკლისია - გუნდისთვის განსაკუთრებით მტკივნეული კვარაცხელიას არყოფნა იქნება, რადგან  ხვიჩა ფინალში ერთ-ერთი მთავარი იმედი იყო. ამ თემაზე ვაისმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...კვარაცხელიას და შენგელიას არყოფნაზე: "ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას არყოფნა მნიშვნელოვანი დანაკლისია. წინა პრესკონფერენციაზე გითხარით, რომ ჩვენი მთავარი მოწინააღმედეგე კორონავირუსია, სამწუხაროდ, ასეთია რეალობა დღეისთვის. ხვალინდელი მატჩი ამ თაობისთვის, რა თქმა უნდა, დიდი თამაშია.ეს არის 5-წლიანი ციკლის დასასრული, რომელიც ვეცდებით, რომ კარგად დავასრულოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ქართველი ხალხის გასახარებლად."

...კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელებზე: "ორი ფეხბურთელის გამოკლების შემდეგ ვფიქრობთ იმ მოთამაშეებზე, რომლებმაც შეიძლება გაძლიერონ შეტევის ხაზი. გიორგი პაპუნაშვილი ორი წლის წინ ძალიან კარგ ფორმაში იყო, სანამ ტრავმას მიიღებდა. მაგრამ ახლა კარგ კლუბში და ქვეყანაში თამაშის მიუხედავად, ლიმიტირებული სათამაშო დრო აქვს. ის კონკრეტული ეპიზოდის ფეხბურთელია და უახლოეს სამ თამაშში მის რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ. გუნდში არიან სხვა შემტევი მოთამაშეებიც, მაგალითად დებიუტანტი მიქელთაძე, ფორვარდის პოზიციაზე კაჭარავა და ვეცდებით საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ."

📋 ვაისის ყველა მთავარი კომენტარი წაიკითხეთ აქ

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები