Thumbnail

ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. თამაშის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედოონის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. მანამდე პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრეს.

იგორ ანგელოვსკი (ჩრდ. მაკედონიის მთავარი მწვრთნელი):

...სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაზე: „არ დავაკონკრეტებ, ვინ ითამაშებს და ვინ არა, მაგრამ ვეცდები, რომ საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო.

...საქართველოს ნაკრებზე და ვაისზე: "ვლადიმირ ვაისს დიდ პატივს ვცემ. მან საქართველოს ნაკრებში, რომელიც პატარა რესურსის გუნდია, როგორც ჩვენ, დიდი სამუშაო გასწია და კარგ შედეგებს მიაღწია. ერთა ლიგა მოიგო და ახლა ფინალშია. ხვალ ჩვენს შორის თანაბარი შეხვედრა იქნება და თანაბარი შანსი გვექნება. ვინც უფრო ძლიერი იქნება, ის გაიმარჯვებს და ვიმედოვნებ, რომ უფრო ძლიერები ჩემი ფეხბურთელები იქნებიან."

...ფინალში გადამწყვეტ ფაქტორზე: "ბოლო ორი თამაში ორივე ნაკრებისთვის დიდი შესაძლებლობა იყო ერთმანეთის შესასწავლად. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი ვიცნობთ ერთმანეთის სათამაშო სტილს და ხვალ ძირითადად ტაქტიკაზე იქნება დამოკიდებული, ვინ გაიმარჯვებს“.

...ფეხბურთელებზე: ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ ახლა ჩემს განკარგულებაში არიან მოთამაშეები, რომლების ისტორიის დაწერის დიდ სურვილს გამოთქვამენ. ჩემი საქმეა გუნდის მომზადება, ფინალში მონაწილეობა კი არა, არამედ გამარჯვება. ამ ბიჭების მაშინ მჯეროდა, როდესაც მათი არავის სჯეროდა. ამ ფეხბურთელებმა მე მშვიდად ყოფნის შესაძლებლობა მომცეს.

...გორან პანდევის შესახებ: ფინალში ხვალ თამაშს თუ ვინმე იმსახურებს, ეს პირველ რიგში გორან პანდევია და მინდა მას მადლობა საჯაროდ გადავუხადო. ის ჩვენი ფეხბურთის ხატი და ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.

...გულშემატკივრებობაზე: მართალია აქ მარტო ვართ, მაგრამ მხარდაჭერას ვგრძნობთ. შეტყობინებებს ვიღებ ყოფილი მწვრთნელებისგან, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრებისგან და მეგობრებისგან. ჩვენ მათთვისაც ვითამაშებთ.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები