Thumbnail

ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. თამაშის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

...მატჩის მნიშვნელობაზე: „ხვალინდელი მატჩი ამ თაობისთვის, რა თქმა უნდა, დიდი თამაშია.ეს არის 5-წლიანი ციკლის დასასრული, რომელიც ვეცდებით, რომ კარგად დავასრულოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ქართველი ხალხის გასახარებლად."

...კვარაცხელიას და შენგელიას არყოფნაზე: "ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას არყოფნა მნიშვნელოვანი დანაკლისია. წინა პრესკონფერენციაზე გითხარით, რომ ჩვენი მთავარი მოწინააღმედეგე კორონავირუსია, სამწუხაროდ, ასეთია რეალობა დღეისათვის."

'კონკრეტული ეპიზოდის ფეხბურთელია და უახლოეს სამ თამაშში მის რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ'

...კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელებზე: "ორი ფეხბურთელის გამოკლების შემდეგ ვფიქრობთ იმ მოთამაშეებზე, რომლებმაც შეიძლება გაძლიერონ შეტევის ხაზი. გიორგი პაპუნაშვილი ორი წლის წინ ძალიან კარგ ფორმაში იყო, სანამ ტრავმას მიიღებდა. მაგრამ ახლა კარგ კლუბში და ქვეყანაში თამაშს მიუხედავად, ლიმიტირებული სათამაშო დრო აქვს. ის კონკრეტული ეპიზოდის ფეხბურთელია და უახლოეს სამ თამაშში მის რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ. გუნდში არიან სხვა შემტევი მოთამაშეებიც, მაგალითად დებიუტანტი მიქელთაძე, ფორვარდის პოზიციაზე კაჭარავა და ვეცდებით საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ."

...დაცვის ცენტრის შესახებ: "რაც შეეხება კვერკველიასა და კაშიას დუეტს: ისინი ცენტრში მხარეებს მეტოქიდან გამომდინარე ცვლიან და ვფიქრობ, ეს პრობლემა არ არის, ორივეს შეუძლია როგორც, მარჯვენა ცენტრალურ მცველად, ისე მარცხენა ცენტრალურ მცველად თამაში."

'დიდი მნიშვნელობა ექნება შეტევაში ხარისხიან თამაშს, ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ'

...მნიშვნელოვან ფაქტორებზე: "ხვალ არ იქნება, მხოლოდ ტაქტიკური დაპირისპირება, არამედ ყველაფერს მნიშვნელობა ექნება. ორივე გუნდშია დანაკლისი, მაგრამ ვფიქრობ, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ წარმატებისთვისთვის. დიდი მნიშვნელობა ექნება შეტევაში ხარისხიან თამაშს, ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ."

...ემოციურ მომენტზე: "ჩრდილოეთ მაკედონიას ორჯერ დავუპირისპირდით და ორივე შეხვედრაში სხვადასხვა ტაქტიკით ითამაშეს. ყველაფრისთვის მზად ვართ! ემოციური ფონი იქნება, რადგან ეს არის ემოციური თამაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთით მეტი გოლი წარმატებისთვის საკმარისია. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი თამაშის შემდეგ საქართველოში დიდი სიხარული იქნება და ერთად ვიზეიმებთ."

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები