Thumbnail

12 ნოემბრის ფინალის წინ პოპსპორტი საქართველოს ეროვნული ლიგის კლუბების მთავარ მწვრთნელებს დაუკავშირდა. ყველასთან ერთი შეკითხვა გვქონდა: “რას ფიქრობთ ფინალზე, როგორ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა იმისთვის, რომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხოს?” მათ მოსაზრებებს ქვემოთ გაეცნობით. საფეხბურთო კლუბის “თელავის” მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ აზრის გამოთქმისგან თავი შეიკავა.

ჩისკო მუნიოსი (დინამო თბილისი)

“პირველ რიგში, მინდა, სფფ-ს სანაკრებო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მივულოცო. ვიცი, რომ ამ დღემდე მთელი გუნდი დიდი შრომის ფასადაა მისული. რაც შეეხება თამაშს: საქართველოს ნაკრებს ჰყავს ძალიან კარგი, კვალიფიციური ფეხბურთელები და მწვრთნელი. გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, ასევე არიან დიდი ტალანტის და ამბიციის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელები. ეს ყველაფერი ამ გუნდში ქმნის ბალანსს, ხოლო როდესაც გუნდი დაბალანსებულია, მას საკმაოდ რთულად გადასალახი ბარიერების იოლად დაძლევა შეუძლია. ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში მინდა, საქართველოს ნაკრებს წარმატება ვუსურვო. მათ უკან მთელი ქვეყანაა - ქვეყანა, რომელიც მე ძალიან მიყვარს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

გია გეგუჩაძე (დინამო თბილისი)

“მგონია, რომ წარმატების გასაღები ჩვენი საფეხბურთო სტილის არღალატშია. საქართველოს ნაკრებს უნდა ჰქონდეს ბურთის ფლობაში უპირატესობა. ყველა მოთამაშე ვალდებულია, რომ კონცენტრაცია მთელი მატჩის მანძილზე შეინარჩუნოს. აუცილებელია პრაგმატული მიდგომა. ასეთ მატჩებში გამარჯვება ხშირად სწორედ პრაგმატიზმს მოაქვს. თუ ჩვენი ფეხბურთელები მინდორზე შექმნილ ამა თუ იმ მომენტს სწორად გააანალიზებენ, არ დაკარგავენ კონცენტრაციას და პრაგმატიზმს, მჯერა, რომ დადებითი შედეგი გვექნება.”

გიორგი ნემსაძე (დილა)

“ეს ფინალია, ასეთი მატჩების თამაში გუნდმა იცოდეს. ყველა ფეხბურთელს უნდა ესმოდეს, რომ მიუხედავად სათამაშო ხარვეზებისა, არ უნდა გატყდეს და მაქსიმუმი გააკეთოს. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები აქცენტს სწრაფ კონტრშეტევებზე გააკეთებს. ჩვენმა გუნდმა მინიმალური რისკით უნდა იმოქმედოს. გარკვეულ მომენტებში მაღალი პრესინგის თამაში შეიძლება, მაგრამ არა ხშირად. პრესინგი მეტოქის ნახევარზე, ზონებს გახსნილს ტოვებს, რაც სწრაფი მაკედონიელების წინააღმდეგ დიდი რისკია.

'შეტევების რიტმის ცვლა, აქცენტის ფლანგებზე გადატანა, ასეთი სათამაშო სქემის წინააღმდეგ მოქმედების ძალიან კარგი კონტრარგუმენტებია'

ჩვენთვის მინიმალური ანგარიშით გამარჯვებაც მისაღებია, რაც მიღწევადია იმის გამო, რომ გუნდში საკმარისი რაოდენობის ინდივიდუალისტია, მაგრამ არ შეიძლება გოლის გაშვება. მეტოქე 3-5-2 სქემით თამაშობს. ეს სათამაშო სისტემა ყველაზე მეტად გუნდის სინქრონულ და კომპაქტურ მოქმედებას გულისხმობს. ფეხბურთელებმა ერთმანეთის მოქმედება ზეპირად უნდა იცოდნენ, აუცილებელია ზუსტი და დროული დაზღვევა. როდესაც საქმე ეროვნულ გუნდთან გვაქვს, ეს ძნელად მისაღწევია. ამას ყოველდღიური შრომა სჭირდება. ამიტომ, კლუბში ამ სქემის დანერგვა უფრო ადვილია, ეროვნულ გუნდში კი სადაც ფეხბურთელების მოსამზადებლად განსაზღვრული დრო გაქვს, ამ სისტემით თამაში რისკია. საქართველოს ნაკრებმა ეს ფაქტორი უნდა გამოიყენოს. შეტევების რიტმის ცვლა, აქცენტის ფლანგებზე გადატანა, ასეთი სათამაშო სქემის წინააღმდეგ მოქმედების ძალიან კარგი კონტრარგუმენტებია.”

გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივი)

“მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე მაყურებელი არ დაუშვეს, ჩვენი კოზირი უპირველეს ყოვლისა სახლში თამაშია და რადგანაც მატჩი საკუთარ კედლებში გვაქვს, მაყურებლის არყოფნას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, კარგად დაბალანსებული. ვლადიმირ ვაისმა დიდი სამუშაო ჩაატარა და მშვენიერი გუნდი დააყენა, რომელიც გუნდურადაც ძლიერია და ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელებიც ჰყავს. ვფიქრობ, მთავარმა მწვრთნელმა მშვენივრად იცის, როგორ განაწყოს მოთამაშეები და როგორ ათამაშოს ისე, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველო გავიდეს და არა ჩრდილოეთ მაკედონია.”

ლევან კორღალიძე (საბურთალო)

“წარმატების გასაღები ლაღ, შემტევ, აგრესიულ ფეხბურთშია. ცოტა არ იყოს, ეს კომპონენტები ბელორუსთან შეხვედრაში დაგვაკლდა, მაგრამ იმედია ახლა ყველაფერი გამოსწორებული იქნება. აუცილებელია დაცვაში ყურადღებით მოქმედება. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ალბათ კონტრშეტევებზე ითამაშებს. მნიშვნელოვანია, რომ ბურთის ფლობაში უპირატესობა გვქონდეს. ელემენტარული ჭეშმარიტებაა: რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე გაქვს ბურთი, მეტოქე მით ნაკლებად გიტევს.”

გიორგი მიქაძე (სამტრედია)

“წარმატების მისაღწევად საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. საქართველოს ნაკრებს ყველა რგოლში საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით შეტევის ხაზში. მთავარი საფრთხე, რომელიც მაკედონიელებისგან შეიძლება წამოვიდეს, მათი კონტრიერიშებია. საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ და თავსაც კარგად იცავენ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები პირველად ნომრად ითამაშებს, მატჩის დიდ ნაწილს შეტევაში გაატარებს და მოწინააღმდეგის მცველებს დიდი ჯაფა დაადგებათ. ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია კონტრშეტევების პრევენცია.

გავიხსენოთ პირველი თამაში, რომელიც თბილისში ჩავატარეთ და რომელშიც გაუთვალისწინებელი გოლი გავუშვით, ფაქტობრივად არაფრისგან მომენტი შექმნეს და გაგვიტანეს. სხვა თამაშებსაც თუ ვნახავთ, დავრწმუნდებით, რომ მაკედონიელები გოლის გატანის მცირე შანსსაც კი იყენებენ, რაც მათი მაღალი კლასის დამადასტურებელია. ამიტომ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგისთვის შანსის არმიცემა და მაქსიმალური კონცენტრაციით თამაშია”

ვლადიმერ ხაჩიძე (ტორპედო)

“როგორი იქნება ტაქტიკური მონახაზი, ეს მთლიანად მწვრთნელზეა დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ გუნდი მხოლოდ მოგებისთვის ითამაშებს, რაც თავისთავად პირველ ნომრად თამაშს ნიშნავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაცვას ნაკლები ყურადღება უნდა დაეთმოს. პირიქით! დაცვის ხაზმა მაქსიმალური ყურადღებით უნდა იმოქმედოს. ვაისი საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია და მჯერა, რომ მას ექნება წინასწარ დამუშავებული და ძალიან ბევრჯერ გაანალიზებული ტაქტიკური სვლები, რომლებიც მოთამაშეებმა მინდორზე უნდა გადაიტანონ. მჯერა, რომ ტაქტიკური შეცდომები არ გვექნება და სწორი, გამართული ფეხბურთი დადებით შედეგამდე მიგვიყვანს.”

გიორგი დარასელია (მერანი)

“როგორც  საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივარი, მეც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნაკრები ფინალს მოიგებს და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება. მთავარია, ყველა ჩვენი ფეხბურთელი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს. ნერვიულობა მოედანზე არ გვარგებს. გასულმა თამაშებმა გვაჩვენა, რომ მომენტების რეალიზება გვიჭირს. იმედს ვიტოვებ, ამჯერად ყველა მომენტის გამოყენებას და მეტოქის დამარცხებას შევძლებთ.”

ვახტანგ თურმანიძე (ჩიხურა)

“მიმაჩნია, რომ თავიდან ცოტა ფრთხილი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. მაკედონიის ნაკრები კონტრშეტევებზე იმოქმედებს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოთამაშეებმა ყურადღება არ მოადუნონ. მთავარია, გოლი არ გავუშვათ, თორემ შემდეგ გარდატეხის შეტანა ძნელი იქნება. ქართული ფეხბურთის სტილი შეტევაა და ამ ნაკრებში ძალიან კარგი შემტევები არიან. ისინი გოლს აუცილებლად გაიტანენ.” 

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები