Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ნოემბერს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს - თამაშს, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარების ბედს დიდწილად გადაწყვეტს.

რას უნდა ველოდოთ ფინალში? პოსპორტის სტატიაში 5 ძირითადი ფაქტორი, რომლებსაც ფინალზე ყველაზე დიდი გავლენა ექნება.

როგორი იქნება მატჩის ხასიათი?

ორივე ნაკრებს მატჩის საკუთარი სცენარი აქვს. თამაშის ხასიათი მნიშვნელოვნად გადაწყვეტს, თუ რომელი გუნდი იგრძნობს თავს უკეთესად, მისთვის მომგებიან სცენარში.

ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს უყვარს ბურთის დაჭერა. თუნდაც გრანდების წინააღმდეგ, წაგებულ თამაშებში, ვაისის გუნდი თითქმის არასოდეს ჩამოდის 40-პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ, ჩვენი კალიბრის ნაკრებებთან კი ბურთი სულაც თვითონ უჭირავს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს ბურთის ფლობის ხარჯზე აუცილებლად უპირატესობა აქვს. მეტოქის მესამედზე საქართველოს ნაკრებს ბურთის ფლობის მხოლოდ 25-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები ბურთს დაცვის ხაზში და მოედნის ცენტრში დიდხანს ათამაშებს, ამ გზით ტემპს აგდებს და თამაშის ორგანიზებას ნელ-ნელა, ეტაპობრივად ახდენს. მაკედონია პირიქითაა: ბოლო 12 თამაშში ბურთის ფლობის 50-პროცენტიან მაჩვენებელს მხოლოდ ერთხელ გადასცდა - მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშებიდან მხოლოდ სამი წააგო. ამ გუნდს უფრო სწრაფი, დინამიური და ვერტიკალური ფეხბურთი ეხერხება.

საქართველომ ჩრდ. მაკედონიასთან ერთა ლიგაში ორჯერ ფრე ითამაშა

საქართველოს ნაკრების მიზანია, ბურთის ხანგრძლივად დაჭერა მოახერხოს და მეტოქეს არ მისცეს საშუალება, რომ შეხვედრამ უფრო დინამიური, არეული და ქაოტური ხასიათი მიიღოს, როცა გუნდები ბურთს სწრაფად კარგავენ და შეტევიდან-დაცვაში და დაცვიდან-შეტევაში სწრაფად გადასვლა უწევთ. მაკედონიას ასე თამაში საქართველოზე უკეთ ეხერხება.

მაკედონია არ არის იმდენად ძლიერი გუნდი, რომ საქართველოს ნაკრებს მისსავე თამაშში მოუგოს. ამიტომ, ეროვნული გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომ თამაშს მისთვის სასურველი ხასიათი მისცეს.

სტანდარტები და შეცდომები

საქართველოს ნაკრები მეტოქის შეცდომებზე თამაშობს და მეტიც, მას ამ შეცდომების დაშვებას აიძულებსო, ვერავინ იტყვის. საქართველო უფრო შექმნის გუნდია - გოლებს და მომენტებს უფრო მეტად თავისი შემტევების ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით ქმნის. ასე იყო მაკედონიასთან გასულ ორ შეხვედრაში - ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალურმა ოსტატობამ ჯერ თბილისურ მატჩში პენალტი მოგვიტანა, შემდეგ კი - სუპერგოლი მაკედონიაში.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კარში

მაკედონია პირიქითაა. მათ შემტევებს კლასი არ აკლიათ და მეტიც, წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში თამაშობენ, თუმცა გოლებს და მომენტებს ყველაზე უკეთ კონტრშეტევებზე და სტანდარტებზე ქმნიან. წინა პუნქტში ბურთის ფლობაზე გავამახვილე ყურადღება. ამ თამაშში ვაისის გუნდმა არამხოლოდ ბურთის დაჭერა უნდა მოაეხერხოს, არამედ სახიფათო ზონებში მისი დაკარგვაც უნდა აიცილოს თავიდან. მაკედონიას დაკარგულ ბურთებზე კონტრშეტევები კარგად გამოსდის. კანკავა და კვეკვესკირი, რომლებიც დიდი ალბათობით საყრდენ ზონაში ითამაშენ, ბურთს ძალიან უნდა გაუფრთხილდნენ. კარგი ის არის, რომ ორივე მათგანი ფრთხილია - ისინი სარისკო გადაწყვეტილებებს ბურთით ნაკლებად იღებენ ხოლმე.

თუ ვაისის გუნდი თავის კართან დიდი რაოდენობით სტანდარტებს თავიდან აიცილებს და მეტოქეს თავისი შეცდომების ხარჯზე კონტრშეტევების განხორციელების საშუალებას არ მისცემს, მაშინ შანსები იმისა, რომ ეროვნულმა გუნდმა კარი მშრალად შეინახოს, მნიშვნელოვნად იზრდება. ნულზე თამაშს ამ სიტუაციაში ვაისის გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. წინა ხაზში გუნდს ერთდროულად სამი ძალიან კარგი მოთამაშე აკლია (კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, შენგელია) და საქართველოს ნაკრებისთვის მომენტების შექმნა და გოლების გატანა იოლი არ იქნება. ამიტომ, დაცვის სტაბილურობა ამ ბევრ რამეს გადაწყვეტს.

კვარაცხელიას ფაქტორი

ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებისთვის უზომოდ დიდი დანაკლისია. ამას ემატება ვირუსის გამო კიდევ ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა შემტევის, ლევან შენგელიას არყოფნა. ეს ორი მოთამაშე კოვიდმა ეროვნულ გუნდს სულ ბოლო მომენტში გამოაცალა. მატჩის შედეგზე დიდი გავლენა ექნება, თუ როგორ შეძლებს ვაისის გუნდი მათ გარეშე თამაშს.

კვარაცხელიას, ოქრიაშვილის და ყაზაიშვილის ტიპის ინდივიდუალისტები ეროვნული გუნდის მთავარი აქტივია. წინა სტატიებში გვეწერა, რომ საქართველოს შეტევაში სისტემური, კომბინაციური თამაში უჭირს და ფონს ინდივიდუალიზმით გადის. რთული წარმოსადგენია, ვაისმა გუნდი ისე გადააწყოს, რომ ეს ტენდენცია ფინალისთვის შეიცვალოს. მოკლედ, გოლის და გოლების გატანა, თუ გვინდა, ფსონს ისევ ინდივიდუალიზმზე უნდა ჩამოვიდეთ.

კარგი ის არის, რომ მიუხედავად კვარაცხელიას არყოფნისა, ნაკრებს წინა ხაზში სხვა ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავს. პირველ რიგში მათ შორის თორნიკე ოქრიაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი უნდა მოვიაზროთ. კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის და შენგელიას არყოფნაში ნაკრების შეტევაში ამ მოთამაშეებზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 

რამდენად შეძლებენ ისინი ამ თამაშში თავისი ინდივიდუალური ოსტატობის დემონსტრირებას ეს თამაშის ბედს დიდწილად გადაწყვეტს.

რას გადაწყვეტს ვაისი?

ვლადიმირ ვაისს ექსპერიმენტები რომ არ უყვარს, ეს უკვე ვიცით. მან როტაციას შეიძლება მიმართოს, თუმცა ტაქტიკურ სქემას თითქმის არასოდეს ცვლის. ოთარ კიტეიშვილის, ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას არყოფნა მას რამდენიმე დილემის წინაშე აყენებს. რას გადაწყვეტს სლოვაკი სპეციალისტი, თამაშის შედეგზე დიდ მნიშვნელობას იქონიებს.

კიტეიშვილი ვაისის გუნდში სტაბილურად თამაშობდა ხოლმე კანკავას გვერდით, მეორე ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. ოქტომბრის თამაშებში კი, როცა ვაისმა გუნდი 4-2-1-2-1 სისტემაზე გადააწყო, კანკავას გვერდით, მეორე საყრდენად კვეკვესკირი დადგა, კიტეიშვილმა კი პოზიცია მათ წინ დაიკავა და ის ფეხბურთელი იყო, რომელიც თავისი მოძრაობის და დინამიკის ხარჯზე შეტევასაც უნდა მიხმარებოდა და დაცვის დროს მესამე ნახევარმცველის როლიც მოერგო.

მაკედონიასთან თბილისში საუკეთესო კანკავა იყო

კიტეიშვილის არყოფნაში კვეკვესკირი-კანკავას დუეტი დიდი ალბათობით შენარჩუნდება. მთავარი კითხვა ის არის, ვაისი შეინარჩუნებს სისტემას და კიტეიშვილს მისი მსგავსი მოთამაშით შეცვლის, თუ სისტემასაც შეცვლის.

ვაისის სიფრთხილიდან და თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ის სისტემას შეინარჩუნებს და კიტეიშვილის პოზიციაზე ვაკო გვილია გამოჩნდება. მას მოძრაობა, დინამიური და ინტენსიური თამაში ეხერხება.

სისტემის შეცვლა ალბათ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შემტევი უნდა გახდეს და გამოკვეთილი ფორვარდის ნიკა კაჭარავას უკან სამი შემტევი უნდა დააყენოს. ნაკრებს ორივე ინფიცირებული წინა ხაზიდან გამოაკლდა. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაკედონიას მოედნის ცენტრში მისი 3-4-2-1- სქემიდან გამომდინარე ერთდროულად 4 კაცი შეუძლია ჰყავდეს. აქედან გამომდინარე უფრო მოსალოდნელია, რომ ვაისი დამატებით ნახევარმცველზე ჩამოვა ფსონს და არა ერთდროულად ოთხ შემტევზე. მისი ეს გადაწყვეტილება თამაშზე დიდ გავლენას იქონიებს.

ვინ იქნება ცენტრფორვარდი?

ვაისის კიდევ ერთი დილემა ფორვარდის პოზიციას უკავშირდება. ერთი კითხვა ის არის, დააყენებს თუ არა სლოვაკი სპეციალისტი გამოკვეთილ ცენტრფორვარდს, მეორე კი - როგორ გადანაწილდება შემტევი სამეული?

გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე ფავორიტი ნიკა კაჭარავაა, რომელიც ოქტომბრის შეხვედრებში კარგად გამოიყურებოდა - გოლიც შეაგდო და საგოლე მომენტებიც შექმნა.

ბელარუსის გათვალისწინებით, დიდია შანსი იყო, რომ ვაისი მსუბუქ ფორვარდს დააყენებდა. თუმცა კვარაცხელია-შენგელიას გამოკლების შემდეგ ნიკა კაჭარავას და კლასიკური ფორვარდით თამაშის შანსები იზრდება. ამ შემთხვევაში მის უკან ალბათ ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი განლაგდებიან.  

ეს ასე არ მოხდა და ვაისმა მაინც მსუბუქი ფორვარდით თამაში გადაწყვიტა, ეს პოზიცია ან ისევ ოქრიაშვილმა უნდა მოირგოს, ან ყაზაიშვილმა. მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ ძირითადში ფლანგის შემტევად ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდეს.

წაიკითხე ასე ითამაშებს მაკედონია საქართველოსთან - რა უნდა გაითვალისწინოს ვაისის გუნდმა

ყველა შემთხვევაში ის, თუ ვის აირჩევს ვაისი ფორვარდის პოზიციაზე და როგორ დააყენებს თავის შემტევებს, მატჩის შედეგზე დიდ გავლენას იქონიებს. კვარაცხელია-ჩაკვეტაძე- შენგელიას არყოფნაში ეროვნული გუნდის წინა ხაზს დიდი გამოცდა ელის.

გასათვალისწინებელია რეალიზაციის ფაქტორიც. წინა თამაშებში ეროვნულმა გუნდმა ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა. მაკედონიასთან ფინალში ბევრი მომენტი ალბათ არ იქნება, მით უმეტეს შეტევაში ვაისის გუნდის დანაკლისების ფონზე, და მატჩის ბედს, დიდი ალბათობით, რეალიზაციის ხარისხი გადაწყვეტს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები