Thumbnail

'მისი პოტენციალი ვერ შეაფასეს' - ლოკომოტივის ფანების პროტესტი კვარაცხელიას გამო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მოსკოვის ლოკომოტივის ფანებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს და კლუბის ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვეს. მათი პროტესტი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი მეშჩერიაკოვისა და გენერალური დირექტორის ვასილი კიკნაძისკენაა მიმართული, ჩამოთვლილ საკითხებს შორის ერთ-ერთი კი 19 წლის ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ეხება.

“კიკნაძის მმართველობის პერიოდში კლუბიდან წავიდა რუსეთის პრემიერლიგის 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. გენერალურმა დირექტორმა ვერ მოახერხა პერსპექტიული მოთამაშის შენარჩუნება და ყველაფერი აგენტებს გადააბრალა. ამასთან თავად კვარაცხელია, გუნდის მწვრთნელი იური სიომინი და ფეხბურთელის აგენტები ამბობდნენ, რომ მას ლოკომოტივში დარჩენა სურდა. სელექციონერებმა და სპორტულმა დეპარტამენტმა ფეხბურთელის პოტენციალი ადეკვატურად ვერ შეაფასეს, დღეს კი, Transfermarkt-ის ვერსიით, კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 7.5 მილიონი ევროა”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში 2019 წლის ზამთარში გადავიდა და მოსკოვის ლოკომოტივში ჩატარებულ 10 თამაშში 1 გოლი გაიტანა. შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ყაზანის რუბინმა გადაიბირა და კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმა. რუბინში ხვიჩა გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, გასულ სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონშიც ერთ-ერთი გამორჩეულია. ამჟამად, მას 13 თამაშში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს და 3-ჯერ პენალტიც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები