Thumbnail

12 ნოემბერს "დინამო არენა" უმნიშვნელოვანეს მატჩს მასპინძლობს - ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ხვდება, გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე მიდის. რომელმა გუნდმაც არ უნდა მოიგოს, ეს მისთვის ისტორიული მიღწევა იქნება. 

ვნახოთ, როგორი პრაქტიკა ჰქონდათ, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს ოქტომბრის სანაკრებო პაუზიდან დღემდე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 8 ოქტომბერს ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში 1:0 დაამარცხა ბელარუსის ნაკრები, შემდეგ კი ერთა ლიგაზე ორი ფრე ითამაშა: სომხეთთან - 2:2 და ჩრდილოეთ მაკედონიასთან - 1:1. ამის შემდეგ ნაკრების ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ. 

წაიკითხე | ასე ითამაშებს მაკედონია საქართველოსთან - რა უნდა გაითვალისწინოს ვაისის გუნდმა

მეკარეები

მაშ ასე, ნაკრების ორივე ძირითად მეკარეს, გიორგი ლორიას და გიორგი მაკარიძეს პრაქტიკა არ მოკლებიათ. ლორიამ მცირე ტრავმის გამო, ანორთოსისის 2 მატჩი გამოტოვა. ჯამში კი 3 მატჩი დაუგროვდა ჩემპიონატში, რომლებშიც მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. მაკარიძემ იოლად მოიპოვა ალმერიას სასტარტოში ადგილი. მან 5 მატჩი ითამაშა ლა ლიგა 2-ში და სულ 3 გოლი გაუშვა. სხვათა შორის, უკანასკნელი მატჩი მაკარიძის ალმერიას რაიო ვალეკანოსთან ჰქონდა და ქართველმა გოლკიპერმა უშუალო დუელი მოუგო მაკედონიის ნაკრების გოლკიპერ სტოლე დიმიტრიევსკის - 1:0. 

მცველები

საბა კვერკველიას და ჯიმი ტაბიძეს არც ამ თვეში მოკლებიათ სათამაშო პრაქტიკა. გაცილებით უკეთეს სიტუაციაში არიან გია გრიგალავა, ლაშა დვალი და დავით ხოჭოლავა, მათ სეზონის სტარტთან შედარებით დრო მოემატათ, ხოჭოლავამ და დვალმა კი ლიგაზე კარგი პრაქტიკა მიიღეს ევროპის ტოპკლუბების წინააღმდეგ. ოთარ კაკაბაძემ ლა ლიგა 2-ში სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოქტომბრის სანაკრებო პაუზის წინ, მას სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა. 

დავით ხოჭოლავამ მადრიდში რეალის დამარცხებაში მიიღო მონაწილეობა

ჯაბა ჯიღაურს და მამუკა კობახიძეს სათამაშო პრაქტიკა ეროვნულ ლიგაში თამაშების გადადებამ შეუმცირა, დინამო ბათუმმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა (საბურთალოს წინააღმდეგ). აი, გურამ კაშიას კი სანაკრებო მატჩის შემდეგ პრაქტიკა საერთოდ არ ჰქონდა - მას ერთი წუთიც არ უთამაშია. 

ნახევარმცველები

ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და მისი ახალგაზრდა ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია მუდმივად თამაშობდნენ კლუბებში და ხშირად ხვდებოდნენ სიმბოლურ ნაკრებებში. ორივე ტოპფორმაშია. სამწუხაროდ, ამას ვეღარ ვიტყვით კანკავას გუნდელ ნიკა კვეკვესკირზე, მან მხოლოდ 5 მატჩში კი ითამაშა, მაგრამ ბოლოსკენ სასტარტოში ადგილი დაკარგა.

ხვიჩა კვარაცხელია კლუბში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვთ კლუბებში ზურიკო დავითაშვილს, საბა ლობჟანიძეს, ლევან შენგელიას და  ვაკო გვილიას. ნაკლები პრაქტიკა აქვთ გიორგი აბურჯანიას (85 წუთი ჯამში) და გიორგი პაპუნაშვილს (50 წუთი). თუმცა აბურჯანია ოქტომბერში უთამაშებელი იყო, პაპუნაშვილი კი ნაკრებში საერთოდ არ გამოუძახებიათ. 

სამწუხაროდ, თორნიკე ოქრიაშვილს სექტემბერში მეტი სათამაშო პრაქტიკაც ჰქონდა და უკეთეს ფორმაშიც იყო, ახლა კი არასრული სამი თამაში დაუგროვდა. 

შეტევა

გიორგი ქვილითაიას, ნიკა კაჭარავასა და ელგუჯა ლობჯანიძეს კლუბებში კარგი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ. რასაც ვერ ვიტყვით ვაკო ყაზაიშვილზე, სან ხოსეს შემტევმა მოედანზე სულ 8 წუთი გაატარა.  

ბუნებრივია, მხოლოდ სათამაშო პრაქტიკა არ არის მნიშვნელოვანი - ნაკრების 29 ფეხბურთელმა ჯამში საკლუბო მატჩებში 7 გოლი გაიტანა, რაც ძალიან ცოტაა. თანაც, აქედან 4 ყაზახეთში მოთამაშე ელგუჯა ლობჯანიძეზე მოდის. გოლით თავი სულ ნაკრების სამმა ფეხბურთელმა გამოიჩინა.

დასკვნა

საერთო ჯამში, ნაკრების ფეხბურთელებს ბევრად უკეთესი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ, ვიდრე ოქტომბრის სანაკრებო პაუზის წინ, მაგრამ მათი ეფექტურობა უკეთესის სურვილს ტოვებდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საკლუბო სტატისტიკა

გიორგი მაკარიძე: 5 თამაში, -3 გოლი
გიორგი ლორია: 3 თამაში, -1 გოლი
ლაზარე კუპატაძე: 2 თამაში, -2 გოლი

დავით ხოჭოლავა: 6 თამაში
გია გრიგალავა: 5 თამაში
ლაშა დვალი: 5 თამაში
ჯიმი ტაბიძე: 4 თამაში
საბა კვერკველია: 3 თამაში
ოთარ კაკაბაძე: 3 თამაში
ჯაბა ჯიღაური: 1 თამაში, 1 გოლი
მამუკა კობახიძე: 1 თამაში
გურამ კაშია: 0 თამაში

ჯაბა კანკავა: 6 თამაში
ვაკო გვილია: 5 თამაში, 1 ასისტი
ნიკა კვეკვესკირი: 5 თამაში
ხვიჩა კვარაცხელია: 4 თამაში, 1 ასისტი
ლევან შენგელია: 4 თამაში, 1 ასისტი
საბა ლობჟანიძე: 4 თამაში, 1 ასისტი
ბუბა დაუშვილი: 4 თამაში, 1 ასისტი
ზურიკო დავითაშვილი: 4 თამაში
თორნიკე ოქრიაშვილი: 3 თამაში
გიორგი აბურჯანია: 2 თამაში
გიორგი პაპუნაშვილი: 2 თამაში
ვახტანგ ჭანტურიშვილი: 1 თამაში, 1 ასისტი

ბექა მიქელთაძე: 5 თამაში
გიორგი ქვილითაია: 4 თამაში, 2 გოლი
ნიკა კაჭარავა: 4 თამაში, 1 ასისტი
ელგუჯა ლობჯანიძე: 3 თამაში, 4 გოლი, 1 ასისტი
ვაკო ყაზაიშვილი: 1 თამაში

კომენტარები

ბოლო ამბები