Thumbnail
  • ლივერპულს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე დაუშავდა
  • იურგენ კლოპი პრემიერლიგას აკრიტიკებს და მას გვარდიოლაც ეთანხმება

ჯერ ზუსტად არავინ იცის, გაიმართება თუ არა ევროპის ერთი წლით გადადებული ჩემპიონატი თუნდაც 2021 წლის ზაფხულში. უეფა ამბობს, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ სანამ პანდემიაა, 100-პროცენტიანი გარანტია არ არსებობს. ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ერთ-ერთი პირველია, ვინც განგაშის ზარებს კიდევ ერთხელ შემოჰკრა. მისი თქმით, კონტინენტის პირველობას არა მარტო ბევრი ცარიელი სკამი ტრიბუნაზე, არამედ განახევრებულ-გადახალისებული შემადგენლობების საფრთხე ემუქრება - ნაძალადევი ფეხბურთი ბევრი ვარსკვლავის გარეშე.

“თუ არაფერს შევცვლით და ასე გავაგრძელებთ, ვნახოთ, საერთოდ რომელი ფეხბურთელები შეძლებენ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს, - განაცხადა ლივერპულის გერმანელმა დამრიგებელმა მანჩესტერ სიტისთან მატჩის (1:1) შემდეგ და გადატვირთული კალენდრის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრემიერლიგა. ოღონდ, ამჯერად კლოპი არ არის ერთადერთი, ვინც ეს გააკეთა.

წინა დღეს, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმაც დაიწუწუნა იმის გამო, რომ მის გუნდს ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩი ჰქონდა და შაბათს ისევ ითამაშა ევერტონთან. კლოპმა აღნიშნა, რომ სულშერს 100 პროცენტით ეთანხმება.

“ფაქტია, რომ ფეხბურთელებმა ყველა ლიმიტი ამოწურეს. მათ მეტი აღარ შეუძლიათ, - უთხრა გერმანელმა BBC-ის, - იმ გუნდებმა, რომლებმაც ოთხშაბათს საღამოს ითამაშეს, შაბათს შუადღეს აღარ უნდა ჰქონდეთ მატჩები. ეს ბოროტმოქმედებაა. გაიღვიძებ და ისევ ფეხბურთი უნდა ითამაშო - შუა რეგენერაციის ფაზაში.”

ლივერპულის დამრიგებელი პრემიერლიგის ბოსებს მოუწოდებს: “ეს უნდა შეიცვალოს! ვიღაცამ თავიც უნდა ჩართოს საქმეში და ფიქრი დაიწყოს. ორი კვირის წინ მე შესაბამის პირებს ვესაუბრე და იცით, რა იყო მათი პასუხი? ამის შეცვლა არ შეგვიძლიაო!”

მთავარი მიზეზი სატელევიზიო კონტრაქტებია Sky-სთან და BT Sport-თან. თამაშების დროებს სწორედ ისინი ადგენენ. კლოპის ბოლო კრიტიკის შემდეგ ლივერპულს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუშავდა და იურგენმაც ისევ აიმაღლა ხმა: “ყველამ ერთმანეთში უნდა დაილაპარაკოს. გამოსავალია მოსაძებნი. Sky, BT, დასხედით და დაილაპარაკეთ! კარგი ფეხბურთი ხომ გინდათ? მაშინ დაასვენეთ ბიჭები ცოტა ხნით მაინც! მხოლოდ რამდენიმე საათს ვითხოვთ, ვიცით, რომ მაგალითად ორშაბათი შეუძლებელია, რადგან მერე ევროტურნირები და სხვა მატჩები მოდის.”

იურგენ კლოპს ხოსეპ გვარდიოლაც ეთანხმება

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელია, რომელიც კლოპმა დაკარგა. მარჯვენა მცველის ტრავმა ინგლისის ნაკრებისთვისაც პრობლემაა, მაგრამ უფრო მეტად ლივერპულისთვის, რომელსაც დაცვაში არჩევანი აღარ რჩება. ვირჯილ ვან დაიკი და ფაბინიო ტრავმირებულები არიან, ტიაგო ალკანტარაც ლაზარეთშია. ტრავმა ჰქონდა ჯოელ მატიპსაც.

“დღეს ერთი დაშავდება, ხვალ მეორე. ჩვენ ფეხბურთელებს არ ვიცავთ და ეს კატასტროფაა,” - ეს უკვე მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებია. იურგენი და პეპი 5-5 ცვლილების დაბრუნებასაც ითხოვენ.

კომენტარები

ბოლო ამბები