Thumbnail

ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალამდე, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ კომენტარი გააკეთა. 44 წლის სპეციალისტმა გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ყველა ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში გამოიძახა, ჯანმრთელი იქნება.

გარდა ამისა, ანგელოვსკიმ კონკრეტულად საქართველოს ნაკრებთან მატჩის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა და აღშნინა, რომ ფინალში გასვლით ბედნიერები არიან, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.

იგორ ანგელოვსკი (ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"ეროვნული გუნდის ბაზაზე მისული ფეხბურთელებიდან COVID 19-ზე დადებითი ტესტი დანიელ ბოჟინოვსკის აღმოაჩნდა და უახლოესი მატჩებისთვის ის ნაკრებში აღარ იქნება. დღეს ველოდებით კირე რისტევსკის ჩამოსვლას, რომლის ტესტის პასუხი უარყოფითია. არიან ადემი დეტალურ სამედიცინო გამოკვლევას გაივლის მას შემდეგ, რაც გუშინ ზაგრების დინამოს მატჩის დაწყებამდე გახურების დროს ტრავმა მიიღო. იმედი მაქვს, რომ სხვა ფეხბურთელების ჩამოსვლის შემდეგ დამატებითი პრობლემები არ შეგვექმნება და საწვრთნელ პროცესს მზად შევხვდებით.

ჩვენ ვიცით ვის წინააღმდეგ და რისთვის ვთამაშობთ. მაქსიმალურად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და მოტივირებულები, რომ გავიმარჯვოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ეს არის, მატჩი, რომელსაც ნამდვილად განსაკუთრებული ემოციები მოაქვს, რადგან გვაქვს შანსი მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე გავიყვანოთ. ჩვენ მიერ მიღწეული დადებითი შედეგებით ამ სიტუაციამდე მოვედით. გვიხარია, რომ ფინალში ვართ, მაგრამ აქ გაჩერებას არ ვგეგმავთ. ეს მატჩი ჩვენს შორის გამართული წინა ორი თამაშისგან სრულიად განსხვავებულია. ეს არის ფინალი, რომელშიც ველოდები, რომ გადამწყვეტი ნიუანსები იქნება და ვიმედოვნებ, რომ ეს ნიუანსები ჩვენს მხარეს იქნება".

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები