Thumbnail

ზედიზედ მე-11 მარცხი - ბასილაშვილმა 2 მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 1:6, 6:4, 6:7 (6:8) მარკ-ანდრე ჰუესლერი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ამჯერად სეტის მოგება მაინც მოახერხა 

28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი, ზედიზედ მე-11 (!) მარცხი განიცადა. ეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 389 270 ევრო) მოხდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს 149-ე ჩოგანი მარკ-ანდრე ჰუესლერი გახლდათ.

წილისყრის თანახმად, სოფიაში ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი სტეფანო ტრავალია უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამ უკანასკმელმა ტრავმა მიიღო და ბოლო წამს ის “იღბლიანმა წაგებულმა” ჰუესლერმა ჩაანაცვლა. შვეიცარიელი ჩოგბურთელი ტურნირში კვალიფიკაციიდან ჩაერთო, სადაც პორტუგალიელ ფრედერიკო ფერეირა სილვას 6:4, 7:5 სძლია, გადამწყვეტ რაუნდში კი რუს ასლან კარაცევთან 6:7 (2:7), 4:6 წააგო.

პირველ სეტში ნიკა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, მეტოქის მოწოდებაზე 17-დან მხოლოდ 1 (!) გათამაშება მოიგო და უიმედოდ დამარცხდა, მე-2 სეტიდან კი უკვე თანაბარი ბრძოლა წავიდა. ბასილაშვილმა ბრეიკი სწორედ საჭირო ჟამს – 5:4-ზე განახორციელა და სეტებში წონასწორობა აღდგა. მე-3 სეტის მიწურულს ქართველ ჩოგბურთელს 2 მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა, ვერ გამოიყენა, ტაი-ბრეიკზე კი შეცდომებს უმატა და კორტი დამარცხებულმა დატოვა – 1:6, 6:4, 6:7 (6:8).

ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ანუ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზა დასრულდა, ნიკოლოზს უკვე 11 მატჩი აქვს წაგებული, ამ თამაშებში პირველი სეტი კი, სწორედ დღეს, ჰუესლერთან მოიგო და მცირე პროგრესად ალბათ ეს ფაქტი უნდა მივიჩნიოთ. მიმდინარე წლის მარტში, სანამ COVID 19-ის გამო ტურნირები შეწყდებოდა, ნიკოლოზი 1 485 ქულით მსოფლიოს 27-ე ჩოგანი იყო, მიმდინარე კვირაში განახლებულ კლასიფიკაციაში კი, 1 395 ქულით უკვე 39-ეა.

კომენტარები

ბოლო ამბები